უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი თეა ძიმისტარაშვილი აცხადებს, რომ
მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის მიმართ საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკა მისთვის გაუგებარია.
ამის შესახებ მან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსმენისას ისაუბრა.
“მოქალაქეების” წევრმა ლევან იოსელიანმა ძიმისტარაშვილს ჰკითხა, როგორ ახსნიდა საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას.
“მაგალითად ეუთო/ოდირის განცხადებებს ამ პროცესის მიმართ, რომ ეს პროცესი არ იმსახურებს ისეთ სანდოობას, როგორსაც უნდა იმსახურებდეს? საუბარია ევროკავშირის ელჩისა და აშშ-ის საელჩოს განცხადებებზე ჯერ კიდევ აგვისტოს პერიოდში ჩატარებულ მოსმენებთან დაკავშირებით და, მათ შორის, ეუთო/ოდირის განცხადება”, – ჰკითხა იოსელიანმა.
ძიმისტარაშვილის თქმით, პარლამენტი შეეცადა, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე ყოფილიყო.
“ჩემთვის ცოტათი გაუგებარია რიგი საკითხები. როდესაც პირველად იყო ის გამჭვირვალე პროცედურით ჩატარებული კონკურსი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის, სწორედ იქ ითქვა და იქ იყო ხაზი გასმული იმ გარემოებაზე, რომ სრული დაკომპლექტება არ განეხორციელებინა იმ მოწვევის პარლამენტს და შემდეგი მოწვევის პარლამენტს უნდა გაეგრძელებინა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება.
ამ მოცემულობაში, შემდეგ იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მაქსიმალურად პარლამენტი შეეცადა, შეექმნა კანონმდებლობა, რითაც ინსტიტუციური გარანტიები იქნებოდა დაცული, ასევე მაქსიმალურად გამჭვირვალობა ამ პროცესის იყო უზრუნველყოფილი, შესაბამისად, უკვე ამ პროცესების შეფერხება, ან კონკრეტული პოზიციების დაფიქსირება ჩემთვის გაუგებარი აღმოჩნდა”, – განაცხადა თეა ძიმისტარაშვილმა.
მოსამართლეს საელჩოების კრიტიკა შეახსენა “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმაც და უთხრა, რომ ელჩების მოსაზრებები არასამათავრობო ორგანიზაციების შეფასებებსაც ეყრდნობა.
თეა ძიმისტარაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ დასკვენებში სასამართლოზე დადებით კონტექსტში არ საუბრობენ და მხოლოდ უარყოფითად წარმოაჩენენ.
“საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე, რომლებიც ამ ინფორმირების საქმეში არიან. თუ არასამთავრობო ორგანიზაცია კრიტიკულ დასკვნას აკეთებს სასამართლო საქმიანობისადმი, ეს არის აუცილებლად მისაღები.
თუმცა რეალობაში გვაქვს მოცემულობა და ეს ჩვენი გულისტკივილიც არის – არანაირი დადებითი კუთხით ჩვენი საქმიანობა ან თუნდაც ის, რომ სასამართლოს მიერ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ამაზე დადებით კონტექსტში არასდროს არის საუბარი და მითითება. მხოლოდ საკითხის უარყოფითი წარმოჩინება ხდება”, – განაცხადა თეა ძიმისტარაშვილმა.