ახალი ამბები

„სირცხვილიამ“ კომუნიკაციების კომისიასთან აქცია გამართა

26 ნოემბერი, 2021 • 1286
„სირცხვილიამ“ კომუნიკაციების კომისიასთან აქცია გამართა

მოძრაობა „სირცხვილიამ“ აქცია გამართა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან, რომელმაც გუშინ „მთავარი არხი“ 111 903 ლარით დააჯარიმა.

სწორედ მოძრაობა „სირცხვილიამ“ დაამზადა ერთ-ერთი ვიდეორგოლი, რომლის გამოც კომისიამ მაუწყებელი დააჯარიმა. სადავო რგოლში „ქართული ოცნების“ წევრების ფოტოებით იქმნება ვლადიმერ პუტინის სახის გამოსახულება, რითაც აქტივისტების თქმით, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებდნენ:

„მმართველ პარტიასთან შეზრდილი სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან კრიტიკული მედიასაშუალების სანქცირება ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია. აღნიშნული გადაწყვეტილება ზღუდავს კონსტიტუციით მონიჭებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას;

პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთხელ დავინახეთ ცენზურის დაკანონებისა და ზოგადად, კრიტიკული აზრის შეზღუდვის განზრახვა. ამასთან ერთად, “მთავარი არხის” სანქცირება არის სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ წარმოებული რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელება“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები  300 არაგველის მეტროს მიმართულებით მსვლელობას მართავენ.

კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ არხი დაჯარიმდა 17 და 18 ნოემბერს მაუწყებელის ეთერში განთავსებული სამი ვიდეორგოლის გამო, რომლის განთავსების უფლებაც კანონმდებლობით არ ჰქონდა:

„ანალოგიური სამართალდარღვევისთვის მთავარი არხი ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე იყო დაჯარიმებული, რის გამოც ის წლიური შემოსავლის 1%-ით დაჯარიმდა. მსგავსი დარღვევისთვის „მთავარი არხი“ 2019 და 2020 წლებშიც იქნა სამართალდამრღვევად ცნობილი და დაჯარიმებული.

მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და არ დაუშვას არასათანადო რეკლამის ეთერში განთავსება – მაუწყებლის მიერ პოლიტიკური რეკლამების განთავსება მოხდა არაწინასაარჩევნო პერიოდში, ანუ ისეთ დროს, როდესაც აღნიშნული აკრძალული იყო მოქმედი კანონმდებლობით“, – აცხადებენ კომისიაში.

კომისიის აღნიშნულ გადაწყვეტილებას „მთავარ არხში“ კრიტიკულ მედიაზე ზეწოლად აფასებენ და მიუხედავად სასამართლოს მიმართ უნდობლობისა, გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

“კომისიის დამოკიდებულება „მთავარ არხის“ მიმართ “ოცნების” მიდგომას იმეორებს” – კაპანაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი