კომენტარი

“კომისიის დამოკიდებულება „მთავარ არხის“ მიმართ “ოცნების” მიდგომას იმეორებს” – კაპანაძე

26 ნოემბერი, 2021 • 1266
“კომისიის დამოკიდებულება „მთავარ არხის“ მიმართ “ოცნების” მიდგომას იმეორებს” – კაპანაძე

კოალიციის „მედიის ადვოკატირებისთვის” კოორდინატორი ნათია კაპანაძე კომუნიკაციების კომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებაში, რომლითაც მთავარი არხი 112 ათასი ლარით დაჯარიმდა, ორმაგ სტანდარტს ხედავს. კაპანაძის თქმით, კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციას დასჯის ინსტრუმენტად იყენებს და ამას წარსულში მიღებული გადაწყვეტილებებიც მოწმობს.

კაპანაძე აღნიშნავს, რომ 25 ნოემბერს გამართულ სხდომაზე კომისიამ „იმედის“, „მაესტროს“ და „ქართული არხის“ საკითხებიც განიხილა. თუმცა „იმედისა“ და „მაესტროს“ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ დარღვევას განმეორებითი ხასიათი ჰქონდა, კომისიამ მინიმალური სანქცია გამოიყენა. კაპანაძე განმარტავს, რომ აღნიშნულმა არხებმა, გასული წლის მსგავსად, წელსაც არ შესთავაზეს წინასაარჩევნოდ მაყურებლებს დებატები, რაც მისი შეფასებით, უფრო სერიოზული დარღვევაა, ვიდრე „მთავარ არხზე“ გასული სადავო რგოლები იყო:

„საქმე ორივე შემთხვევაში არჩევნებს შეეხებოდა. „იმედის“ ნაწილში ამოცანა, რომელიც ამ ტელეკომპანიას და „მაესტროს“ ეკისრებოდათ ამომრჩეველთა ინფორმირებულობის ნაწილში, ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. ამ ორმა არხმა უკვე ორჯერ უარი თქვა პოლიტიკური დებატების განთავსებაზე საკუთარ ეთერში.

ეს ნიშნავს, რომ უკვე მეორე წელია არხებმა ვერ მოახერხეს ამომრჩეველთა ინფორმირება იმიტომ, რომ პოლიტიკური დებატები ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა ნებისმიერი საერთო მაუწყებლისთვის. მათ სწორედ პოლიტიკური დებატების მეშვეობით უნდა შეძლონ ამომრჩეველთა ინფორმირება. ჩვენ ვნახეთ, რომ უკვე ორი წელია ეროვნული არხები, რომლებიც ვრცელდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვერ ახერხებენ… გასულ წელს პანდემია დასახელდა ხელშემშლელად, წელს პანდემიაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ვნახეთ, რომ დებატები კვლავ არ განთავსდა“, – ამბობს კაპანაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

რაც შეეხება „მთავარ არხს“, კაპანაძე აღნიშნავს, რომ გარდა ორმაგი სტანდარტით მოქმედებისა, კომისიამ ასევე არასწორად განმარტა კანონმდებლობა. კერძოდ, მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობით, პოლიტიკური შინაარსის და წინასაარჩევნო რგოლი ერთმანეთისგან გამიჯნული არ არის და ერთი კონცეფციის ნაწილია. ვიდეორგოლები კი, რომლის გამოც კომისიამ მაუწყებელი დააჯარიმა, კაპანაძის თქმით, არც შინაარსობრივად ეთმობა საარჩევნო სუბიექტს და არც საარჩევნო პერიოდს ემთხვევა.

ამასთან, კაპანაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული რგოლების წინასაარჩევნო პერიოდში განთავსებაც კომისიას დარღვევად არ უნდა მიეჩნია, რადგანაც, მიუხედავად პოლიტიკური შინაარსისა, ისინი საკუთარი არსით პოლიტიკურ რეკლამადაც ვერ ჩაითვლებოდა:

“ეს იყო სამოქალაქო აქტივისტების მიერ მომზადებული ვიდეორგოლი, რომელიც კომისიამ მიიჩნია, რომ არ იყო სათანადო რეკლამა და მაუწყებელმა ვერ შეძლო, რეკლამის შინაარსი სწორად განესაზღვრა. კომისიამ იმსჯელა, ჰქონდა თუ არა რგოლს პოლიტიკური შინაარსი და არ განმარტა სწორად მაუწყებლობის შესახებ კანონი, ისევე როგორც საარჩევნო კოდექსი, სადაც საუბარია პოლიტიკური რეკლამის, როგორც წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსზე. ჩვენ ვხედავთ, რომ აქ წარმოდგენილი ვიდეორგოლი განსხვავებული შინაარსის მატარებელია. რგოლი არის კრიტიკული შინაარსის მმართველი გუნდის მიმართ, მაგრამ არ ეხება საარჩევნო სუბიექტებს და ეხება ქართული ოცნების პოლიტიკის კრიტიკას”, – ამბობს ნათია კაპანაძე.

მისი თქმით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა კომისია „მთავარი არხის“ მიმართ განსხვავებულ პრაქტიკას იყენებს. კერძოდ, კაპანაძის განცხადებით, გასულ წელს არხი 59 000 ლარით დაჯარიმდა და კომისიამ გადაწყვეტილებაში მაშინაც მიუთითა, რომ იძულებული იყო მკაცრი სანქცია გამოეყენებინა, რათა მაუწყებელს შეცდომა არ გაემეორებინა:

„ამ ნაწილში ძალიან ცხადია, რომ მარეგულირებელი კომისიის დამოკიდებულება მაუწყებლის მიმართ არის განსაკუთრებულად მკაცრი, როგორც დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის. კომისიის დამოკიდებულება იმეორებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიდგომას „მთავარი არხის“ მიმართ და ეს ძალიან თვალსაჩინოა. გუშინ მიღებული გადაწყვეტილება მთლიანი კონტექსტით ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მარეგულირებელი კომისია ერთ-ერთი ინსტრუმენტია მთავარი არხის სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად“, – ამბობს კაპანაძე.

კაპანაძე მიიჩნევს, რომ არაპროპორციულია სანქციის ოდენობაც, ვინაიდან, მისი განმარტებით, კანონის მიხედვით წლიური ბრუნვის 1%, რაც 112 000 ლარით განისაზღვრა, სანქციის მაქსიმალური ოდენობაა და კომისიას 10 000 ლარიდან 112 ათას ლარამდე ჯარიმის დაწესების უფლებამოსილება ჰქონდა.

მისი შეფასებით, ამ რაოდენობის ჯარიმის გამოყენება ხაზს უსვამს, რომ ფინანსურ სანქციას კომისია დასჯის ინსტრუმენტად იყენებს:

“კომისიამ გამოიყენა ის მუხლი, რომელიც მას ანიჭებს უფლებამოსილებას, გამოიყენოს სანქცია, თუმცა აქ საუბარია 1%-ზე. მართალია, ეს შეიძლება იყოს მაუწყებლის 1%, მაგრამ ეს ზედა ზღვარია. კანონი აკეთებს დათქმას არანაკლებ 10 000 ლარისა. შესაბამისად, კომისიას შეეძლო 10 000 ლარიდან 112 000 ლარამდე ამ თანხის ფარგლებში გამოეყენებინა ნებისმიერი ოდენობის სანქცია და ჩაითვლებოდა, რომ სწორედ ამ წარომების ეტაპზე გამოიყენა ფინანსური ბერკეტი. თუმცა ამ ოდენობის თანხის გამოყენება კიდევ უფრო უსვამს ხაზს, რომ ფინანსური სანქცია დასჯის ინსტრუმენტია და არა შესაძლებლობა, ვისაუბროთ კანონის აღსრულებაზე, რომელიც ამ ნაწილში არის სადავო“, – ამბობს ნათია კაპანაძე.


კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მთავარი არხი“ 111 903 ლარით დააჯარიმა მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ დამზადებული ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო.

აღნიშნულ ვიდეოში „ქართული ოცნების“ წევრების ფოტოებით იქმნება ვლადიმერ პუტინის სახის გამოსახულება, რითაც აქტივისტების თქმით, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებდნენ.

კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ არხი დაჯარიმდა 17 და 18 ნოემბერს მაუწყებელის ეთერში განთავსებული სამი ვიდეორგოლის გამო, რომლის განთავსების უფლებაც კანონმდებლობით არ ჰქონდა:

„ანალოგიური სამართალდარღვევისთვის მთავარი არხი ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე იყო დაჯარიმებული, რის გამოც ის წლიური შემოსავლის 1%-ით დაჯარიმდა. მსგავსი დარღვევისთვის „მთავარი არხი“ 2019 და 2020 წლებშიც იქნა სამართალდამრღვევად ცნობილი და დაჯარიმებული.

მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და არ დაუშვას არასათანადო რეკლამის ეთერში განთავსება – მაუწყებლის მიერ პოლიტიკური რეკლამების განთავსება მოხდა არაწინასაარჩევნო პერიოდში, ანუ ისეთ დროს, როდესაც აღნიშნული აკრძალული იყო მოქმედი კანონმდებლობით“, – აცხადებენ კომისიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი