ახალი ამბები

პოლიტიკურად ენმ-ის საბოტაჟს დაესვა წერტილი – ოხანაშვილი საკრებულოზე

26 ნოემბერი, 2021 • 1473
პოლიტიკურად ენმ-ის საბოტაჟს დაესვა წერტილი – ოხანაშვილი საკრებულოზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ პროცესები, რომლებიც ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში მიმდინარეობს, კანონთან სრულ შესაბამისობაშია.

მისი თქმით, წინა მოწვევის საკრებულოს მიერ ახალი ბიუჯეტის მიღებით პოლიტიკურად “ნაციონალური მოძრაობის” საბოტაჟს წერტილი დაესვა”.

“პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს საკრებულოებში, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და საარჩევნო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, სრული უფლება აქვთ საკრებულოებს, განახორციელონ ის საქმიანობა რაც მათ კანონით აქვთ მინიჭებული იქამდე, ვიდრე ახალი საკრებულო განახორციელებს თავის საქმიანობას.

კანონთან სრულად შესაბამისად მიმდინარეობს ეს პროცესი და პოლიტიკურად “ნაციონალურ მოძრაობას” არასდროს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ დესტაბილიზაცია გამოიწვიოს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეც კი. მათ არ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული ბიუჯეტი ჩააგდონ, განახორციელონ საბოტაჟი და ა.შ. სამართლებრივად პროცესი კანონთან სრულად შესაბამისია და პოლიტიკურად ენმ-ის საბოტაჟს დაესვა წერტილი და ყოველთვის ასე იქნება”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ბიუჯეტი პროტესტის ფონზე დაამტკიცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ძველმა საკრებულომ, რომელსაც რამდენიმე დღეში გასდის უფლებამოსილების ვადა. იგივე მოხდა ბათუმშიც და იგივეა მოსალოდნელი ჩხოროწუში, მარტვილსა და სენაკშიც. ამ ქალაქებს ის აერთიანებთ, რომ იქ “ოცნებამ” უმრავლესობა დაკარგა ახალი მოწვევის საკრებულოებში.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირველი სხდომები 3 დეკემბერს, 12:00 საათზე მოიწვია.

შესაბამისად, 2017 წლის მოწვევის საკრებულოებს უფლებამოსილება 3 დეკემბერს შეუწყდება. მანამდე მათმა ნაწილმა მოასწრო 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება.

ენმ-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური საკრებულოების მიერ ბიუჯეტის შესაძლო ჩაგდებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შიშით არის განპირობებული, „ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ისინი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გრაფიკს მიჰყვებიან.

თუმცა, ორგანიზაცია „დროას“ მონაცემებით, წინა წლებში ბიუჯეტის დამტკიცება დეკემბრის თვეში ხდებოდა ხოლმე. კერძოდ, ბათუმის საკრებულოს მაგალითზე:

„2019 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ბათუმის საკრებულომ 2018 წლის 27 დეკემბერს მიიღო, 2020 წლის ბიუჯეტი – 2019 წლის 25 დეკემბერს, ხოლო წლევანდელი, 2021 წლის, ბიუჯეტი – 2020 წლის 21 დეკემბერს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი