ახალი ამბები

უნდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას ევროპა

11 თებერვალი, 2010 • 1789
უნდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას ევროპა

საქართველოს ხელისუფლება  აჯილდოვებს ავტორიტეტული ვენეციის კომისიის  პრეზიდენტს,  უხარია ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტი თბილისში, თუმცა კომისიის რეკომენდაციების მნიშვნელოვან  ნაწილს 2004 წლიდან არ ითვალისწინებს. “ნეტგაზეთმა” კომისიის რეკომენდაციების შესრულება სწორედ ამ დროიდან გადაამოწმა.

”ჯონი ბუკიკიოს სახელი იურიდიული და სამართლებრივი რეფორმების განვითარებას უკავშირდება. მიხარია, რომ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარის სტატუსით ესტუმრეთ საქართველოს”, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  3 თებერვალს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს და ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.
დელეგაცია, ჯანი ბუკიკიოს ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით, თბილისში, 3 თებერვალს ჩამოვიდა.
 
კომისიის წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს ავთანდილ დემეტრაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს.

ვენეციის კომისია  90-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა, როგორც რეაქცია პოსტ სოციალისტურ  სივრცეზე. ამ ორგანიზაციის შექმნით ევროპა ცდილობს დემოკრატიის გზაზე დააყენოს ის ქვეყნები, რომლებიც ტოტალიტარიზმიდან მოდიან. თუმცა, კომისიის  შემადგენლობა უკვე გასცდა ევროპულ მასშტაბებს, მასში უკვე შედიან ლათინურ ამერიკის რამდენიმე ქვეყანა, ასევე სამხრეთ აფრიკა.
“თუ გინდა, რომ ევროპული სახელმწიფო გახდე, ამ ევროპული ორგანოს დასკვა უნდა გაითვალისწინო” – ამბობს ვენეციის კომისიაზე ავთანდილ დემეტრაშვილი.

დემეტრაშვილი ამბობს, რომ “მართალია, ვენეციის კომისიის დასკვნებს   სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა, რადგან  კომისიის რეკომენდაციების არ შესრულება, აისახება ვენეციის კომისიის მოხსენებაში, რომელსაც იგი წარუდგენს ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტს. მინისტრთა კაბინეტი ორგანოა, რომელიც საბჭოს პლენარულ სხდომაზე საპარლამეტო ანსამბლეას უკეთებს მოხსენებას“.

 ყველა კონსტიტუციური მნიშვნელობის კანონპროექტი, ან კანონი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო,  ვენეციის კომისიაში 1994 წლიდან იგზავნება.
ვენეცის კომისიის რა რეკომედაციები არ გაითვალისწინა ვარდების რევოლუციის გზით მოსულმა ხელისუფლებამ?
ვენეციის კომისიის  დასკვნებში ერთი და იგივე რეკომენდაცია რამდენიმე დასკვნაში მეორდება. საქართველო რეკომენდაციების გარკვეულ ნაწილს არ ითვალისწინებს და განმარტება, „როგორც ეს ადრე შემუშავებულ ერთობლივ დასკვნაშიც აღინიშნა“,  ხშირად წერია კომისიის ანგარიშებში.
 
2004 წლის თებერვალში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადაუგზავნა. საიამ დასკვნის გაკეთება ითხოვა. პარლამენტში ცვლილებების განხილვა   4, 5, და  6 თებერვალს იყო დაგეგმილი.  
საქართველოს პარლამენტმა  6 თებერვალს ვენეციის კომისიიდან წერილი მიიღა – კომისიის წევრები მწუხარებას გამოთქვამდნენ, რომ ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ პროექტის საფუძვლიანად შესწავლისთვის და  კომისიის რამდენიმე წევრის დასკვნასთან ერთად  ითხოვდნენ ათდღიან ვადას.  

კონსტიტუციური სამართლის პროფესორი  ვახტანგ ხმალაძე, რომელიც  2004 წლის თებერვალში პარლამენტის წევრი იყო,  ამბობს: „ამ წერილის შესახებ პარლამენტში არავის არაფერი უთქვამს. პარლამენტის თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს  მივმართე სხდომაზე ოფიციალურად, რომ ეს წერილი პარლამენტის წევრებს მანამ დარიგებოდათ,  სანამ კენჭისყრა შედგებოდა. პარლამენტის წევრებს ეს წერილი არ დაურიგეს.  ამ ცვლილებების წინააღმდეგ სამი თუ ოთხი კაცი გამოვიდა. ვენეციის კომისიამ დასკვნა 15 თებერვალს გააკეთა, რომელშიც მკვეთრად უარყოფითადაა შეფასებული ეს ცვლილებები. მერე რა? ეს ცვლილებები დღემდე მოქმედებს.“
როგორც ვახტანგ ხმალაძე ამბობს, 2004 წლის თებერვლის ცვლილებების შემდეგ, მთლიანად დაირღვა კონსტიტუციონალიზმის უმთავრესი პრინციპი, რაც ხელისუფლების დანაწილების ითვალისწინებს:  „ მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, როდესაც საფრანგეთში ადამიანის უფლებათა დეკლარაცია  მიიღეს, ჩაიწერა,  რომ  იმ ქვეყანას, სადაც არ არის ხელისუფლება გადანაწილებული, კონსტიტუცია არ აქვს”.   
ხმალაძის თქმით, 2004 წლიდან მოყოლებული, ჩვენთან მოქმედებს ის რეჟიმი, რომელსაც თეორიტიკოსები უწოდებენ სუპერ საპრეზიდენტო რესპუბლიკას. ანუ,  “როდესაც მთელი ძალაუფლება არის ერთი პირის, პრეზიდენტის, ხელში,  როდესაც პარლამენტი ასრულებს დემოკრატიის შირმის როლს, ხოლო მთავრობა არის განტევების ვაცი.  საკმარისია, მთავრობამ  ისეთი რამის გაკეთება მოინდომოს, რაც არ უნდა პრეზიდენტს, შეუძლია იმავე წუთშივე მთელი მთავრობა გადააყენოს, უმოტივაციოდ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ანუ ეს მთავრობა ვერ არის აღმასრულებელი ხელისუფლება და ვერც იქნება” .

სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებთან ერთად კონსტიტუციაში შევიდა შემდეგი ცვლილებაც:
    

მუხლი 80. 5. თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი 5 დღის ვადაში წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას ან პარლამენტის თანხმობის გარეშე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი, ასევე 5 დღის ვადაში, დანიშნავს მინისტრებს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების მიმდინარეობისას დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა.
მუხლი 81. პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას სრული შემადგენლობის უმრავლესობით. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გადააყენებს მთავრობას ან არ იზიარებს პარლამენტის გადაწყვეტილებას. თუ პარლამენტი არა უადრეს 90 და არა უგვიანეს 100 დღისა კვლავ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, საქართველოს პრეზიდენტი გადააყენებს მთავრობას ან დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე

 ვენეციის კომისიამ 2004 წლის 29 მარტს გამოაქვეყნა თავისი დასკვნა, რომელშიც ყველაზე მკაცრად სწორედ ეს  მუხლებია შეფასებული

2004 წელს ვენეციის კომისიამ  ასევე დაწერა დასკვნა აჭარის საკონსტიტუციო კანონზე.
აჭარის ავტონომიაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მიღებული საკონსტიტუციო კანონში წერია, რომ აჭარის ავტონომიის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას პრეზიდენტი წარადგენს, რომელიც აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
აჭარის ავტონომიის საკანონმდებლო ორგანომ ორჯერ რომ ჩააგდოს პრეზიდენტის  კანდიდატურა, პრეზიდენტს უფლება აქვს, დაითხოვოს აჭარის უმაღლესი საბჭო.
ამ მუხლის შესახებ მომზადებული დასკვნის მიხედვით, პრეზიდენტის ასეთი როლი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დემოკრატიულობის ხარისხს და ავტონომიის სტატუსს. ვენეციის კომისიის ეს შენიშვნა (ისევე, როგორც ავტონომიის გასაძლიერებლად საჭირო სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები) საქართველოს ხელისუფლებამ არ  გაითვალისწინა  საკონსტიტუციო კანონში 2004 წელს და არც შემდგომ: 2008 წელს მიღებული აჭარის კონსტიტუცია სიტყვასიტყვით იმეორებს ზემოთმოყვანილ წესებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან დაკავშირებით.

2009 წლის 1 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ ორი წევრის დასკვნა გამოაქვეყნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2009 წლის ზაფხულში შეტანილ ცვლილებეზე. ცვლილებები “შეკრებებისა და მანიფესტაციების”, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა” და “პოლიციის შესახებ” კანონებს შეეხო.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს წარუდგინა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან შესაბამისი ამონარიდები,  რაც საქართველოს სახელმწიფოსთვის სავალდებულოა  და რაც ეწინააღმდეგებოდა მანიფესტაციასთან დაკავშირებულ ცვლილებებს 90-დღიან პატიმრობასთან დაკავშირებით. როგორც საიას თავმჯდომარე, თამარ ხიდაშელი ამბობს, „პარლამენტს ამ ცვლილების მიღება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი. გვითხრეს, რომ ამ შენიშვნას არ გაიზიარებდნენ. ანუ არსებობდ პოლიტიკური ნება, რომ ძალიან მკაცრად დასჯილიყვნენ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ უფლების დამრღვევი პირები“.
ვენეციის კომისიის ერთ-ერთი წევრი, ირლანდიელი ფილონა ფლანაგანი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები ძალიან სწრაფად მიიღო – მაშინ, როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით რუსთაველის პროსპექტი გადაკეტეს. მისი აზრით, საკანონმდებლო ცვლილებები თითქმის ყოველთვის არაადეკვატურია, როდესაც მათ კონკრეტული ინციდენტების აღსაკვეთად იღებენ.
თამარ ხიდაშელის თქმით, საქართველოს პარლამენტს  აქვს საკმაოდ „მოხერხებული და ხელსაყრელი არგუმენტი“, რაც იმაში გამოიხატება, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა სავალდებულო არ არის.
ვენეცეიის კომისიის რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილობრივ  ითვალისწინებენ საარჩევნო კანონმდებლობაშიც. მაგალითად,  „არჩევნების შემდგომ მანდატის დაკარგვა არ შეიძლება ნარკოტიკების ტესტს დაეფუძნოს, არ შეიძლება ჯანმრთელობის მიზეზით შეზღუდვის დაწესება, მაშინ როდესაც არ არის დამტკიცებული, რომ პირს არ შესწევს უნარი განახორციელოს მისი მანდატი.“ მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ თავის რეკომენდაციაში ეს  რამდენჯერმე აღნიშნა დღემდე არ არის გათვალისწინებული.
იგივე შეიძლება ითქვას ადგილობრივ დამკვირვებელთა უფლებამოსილებაზე  (69-ე მუხლის მე-71 პუნქტი; 69-ე მუხლის მე-9 პუნქტი). მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ დამკვირვებლებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ დამკვირვებლად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დამკვირვებელთა მოწმობა უნდა მოიცავდეს სახელს, გვარს, იმ საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომერს, სადაც მათ განცხადებაში მიუთითეს, რომ განახორციელებენ დაკვირვებას.

„იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების მითითება, სადაც დამკვირვებლებმა უნდა განახორციელონ დაკვირვება _ უადგილო და შემზღუდველია“  – ნათქვამია რეკომენდაციაში. ასევე „ბიულეტენების ხელმოწერა და სპეციალური ბეჭდით დამოწმება არ უნდა მოხდეს იმ მომენტში, როდესაც ბიულეტენები გადაეცემა ამომრჩეველს. ამ პროცედურამ შეიძლება ძირი გამოუთხაროს ხმის მიცემის საიუდუმლოებას, თუ უფლება ბოროტად იქნება გამოყენებული რეგისტრატორის მხრიდან. აქედან გამომდინარე რეკომენდირებულია, ამ დებულებამ გაითვალისწინოს, რომ რეგისტრატორმა ხელმოწერა/ბეჭედი დასვას მანამ, სანამ იგი შეიტყობს, თუ რომელი ამომრჩეველი მიიღებს ბიულეტენს“ – ნათქვამია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, „საარჩევნო კოდექსზე მუშაობა არჩევნების მერე გაგრძელდება. წინასაარჩევნო პერიოდში ტრენინგები იგეგმება პროცედურების მიხედვით, ეს პროცედურა რომ შეიცვალოს, ბევრი რამ აირდაირევა. ამიტომ არის ეს რეკომენდაცია, რომ თამაშის წესები რაც შეიძლებ მალე ჩამოყალიბდეს“.

„ვენეციის კომისიის დასკვნები  სარეკომენდაციო ხასიათის მხოლოდ ფორმალურადაა.   პრაქტიკულად, ეს დასკვნა განიხილება როგორც შესასრულებლად სავალდებულო. ის  სამართლებრივ საკითხებში ევროსაბჭოს უმთავრესი კომისიაა, რომელიც აფასებს ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს“, – ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

“ბალანსი უნდა დაიცვათ აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებს შორის. პრეზიდენტის უფლებები უნდა შეიზღუდოს, რის ხარჯზეც გაიზრდება პარლამენტის უფლებამოსილება. თქვენ ნამდვილი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა გჭირდებათ. კონსტიტუცია გარკვეულ ცვლილებებს მოითხოვს”, _ განაცხადა ვენეციის კომისიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯანი ბუკიკიომ 4 თებერვალს, თბილისში ვიზიტის დროს.

“ჩვენ მზად ვართ მოვახდინოთ კონსტიტუციის ახალი რევიზია, რომელიც უფრო დაბალანსებული იქნება. მთავრობის და ოპოზიციის კონსტრუქციული თანამშრომლობის პირობებში შევქმნით ევროპული ტიპის დემოკრატიული კონსტიტუციას – ხელისუფლებათა შტოებს შორის მეტი თანასწორობით, უფრო ძლიერი პარლამენტით, მთავრობის მუდმივი ანგარიშვალდებულებით ხალხთან. ჩვენ დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებთ თქვენს გამოცდილებას და რჩევებს” – უთხრა ევროპული კომისიის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიამ დემეტრაშვილის თქმით დოკუმენტზე მუშაობა წელს უნდა დაასრულოს, თუმცა ვადები გაწერილი არ არის.  ამ დოკუმენტში გამოჩნდება უნდა თუ არა საქართველოს გახდეს ევროპული სახელმწიფო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი