ახალი ამბები

რამდენპროცენტიანი სესხი გაქვთ? სპორტი რომელი გიყვართ? – ინჯია მოსამართლეს

25 ნოემბერი, 2021 •
რამდენპროცენტიანი სესხი გაქვთ? სპორტი რომელი გიყვართ? – ინჯია მოსამართლეს

დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ოქროპირიძესთან გასაუბრებისას ყურადღება გაამახვილა კანდიდატის მიერ მიღებულ ჯარიმებზე, რომელიც მას ავტომიბილით სიჩქარის გადაჭარბების გამო აქვს მიღებული.

დეპუტატი ასევე დაინტერესდა, რამდენპროცენტიანი სესხი აქვს მოსამართლეს.

დიალოგი იურიდიულ საკიხთა კომიტეტზე გაიმართა, სადაც დღეს, 25 ნოემბერს, უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ:

ფ.ი. – რამდენპროცენტიანი სესხი გაქვთ აღებული?

თ.ო. – თუ არ ვცდები, 7 ან 8%-იანი.

ფ.ი. – ძალიან კარგი. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობა გარკვეულწილად არათანაბარ პირობებში არიან ევროპელებთან და დაჩაგრულები არიან იმ დიდი პროცენტებით, რომლებიც არის დღეს საქართველოში და ამაში, ალბათ, ჩვენი ხელისუფლების ბრალია.

სპორტი რომელი გიყვართ? მე გეტყვით – ავტორბოლა. მანქანა გეყოლებათ, როცა უზენაესი სასამართლოს წევრი იქნებით, თუ იქნებით?

თ.ო. – მანქანა მყავს.

ფ.ი. – მაშინ არ გექნებათ ეს ჯარიმები, რომელიც თქვენ უკვე მიიღეთ სიჩქარის გადაჭარბებაზე. ეს საკითხი გადაწყვეტილი იქნება იმ შემთხვევაში, თუ აგირჩევენ.

თ.ო. – არ შეიძლება, რომ კომენტარი გავაკეთო?

ფ.ი. – არა, არა, კომენტარი პატრულთან.

მოგვიანებით მოსამართლემ მის ჯარიმებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„გარკვეული დარღვევები, სიჩქარის 3 გადაჭარბება მაქვს, დაახლოებით, 10-15 კილომეტრით, ანუ დიდი დარღვევა არ არის. თუმცა ძალიან ვწუხვარ ამაზე და ვცდილობ, ასეთი დარღვევა აღარ მქონდეს მომავალში“, – განაცხადა ოქროპირიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი