უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი თამარ ოქროპირიძე განმარტავს, რატომ გაასამართლა 20 ივნისის საქმეზე დაკავებული 3 პირი 15 წუთში ადმინისტრაციულ საქმეზე.
აღნიშნულის შესახებ მას კითხვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გასაუბრებისას “მოქალაქეების” წევრმა ლევან იოსელიანმა დაუსვა.
“15 წუთში თქვენ განიხილეთ 3 ადამიანის საქმე… თქვენ გამოიყენეთ 13-დღიანი პატიმრობა და თითო ადამიანის მიმართ თქვენი განხილვის დრო გამოდის 4 წუთზე ცოტა მეტი. ეს რამდენად პასუხობს ინდივიდუალურად გარჩევის პრინციპს?” – ჰკითხა იოსელიანმა მოსამართლეს.
ამასთან, ლევან იოსელიანის თქმით, საიას დასკვნის მიხედვით, დღის პირველ ნახევარში ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს მასობრივად უფარდებდნენ პატიმრობებს, ხოლო დღის მეორე ნახევარში პრაქტიკა შეიცვალა და მოსამართლეებმა ფულადი ჯარიმების გამოყენებაც დაიწყეს. იოსელიანი ასევე დაინტერესდა, ეს იყო დამთხვევა, თუ ვინმე ჩარევის საფუძველზე შეიცვალა მიდგომა.
თამარ ოქროპირიძის თქმით, მას, როგორც მოსამართლეს, ინდივიდუალური პრინციპი არ დაურღვევია.
“არ ეწინააღმდეგება, ვინაიდან ცალკეულ შემთხვევებში, როცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება, როდესაც პასუხისგებაში მიცემული პირი სადავოდ არ თვლის სამართალდარღვევას, სწრაფი განხილვა ხდება ასეთ დროს. რა ხდებოდა 20 ივნისის საქმეებზე – დღის მეორე ნახევარში სასამართლოში მოვიდნენ ადვოკატები, რომლებიც ჩაერთნენ განხილვაში და მოხდა გარკვეული შუამდგომლობების დაყენება, გარკვეული მტკიცებულებების წარმოდგენა, რის საფუძველზეც ცალკეულ შემთხვევაში საქმის განხილვა გადაიდო და ა.შ.”, – განაცხადა თამარ ოქროპირიძემ.
იოსელიანის რეპლიკაზე, “ანუ დღის პირველ ნახევარში, რადგან ადვოკატები არ ჩაერთნენ, სასამართლომ პატიმრობა გამოიყენა”, მოსამართლე პასუხობს: “დღის პირველ ნახევარშიც იყო ჯარიმა და მე პირადად შევწყვიტე კიდეც საქმის წარმოება, შენიშვნაც გამოვიყენე, ჯარიმაც და მათ შორის პატიმრობაც. ახლა, იქ, სადაც შევწყვიტე და ვთქვი, რომ სამართალდარღვევა არ იყო, მიუკერძოებელი მოსამართლე ვიყავი და სადაც პატიმრობა გამოვიყენე, იქ ვიღაცის მითითებას ვიღებდი? – ეს ხომ წარმოუდგენლად არასწორია. სასამართლო საქმეს იხილავს საქმეში არსებული გარემოებებიდან გამომდინარე. ყველა იმ ინდივიდუალური გარემოებიდან გამომდინარე, რომელსაც კანონმდებლობა ადგენს. გარდა ამისა, არის ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც მითითებულია, რომ 7-წუთიანი სასამართლო განხილვა იყო ერთ-ერთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, სადაც არ დაადგინა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ვინაიდან მხარეებს არ ჰქონდათ შუამდგომლობები, არ მოხდა მტკიცებულებების წარმოდგენა. ჩემს განხილულ საქმეებში არცერთი შუამდგომლობა არ ყოფილა, რომელიც არ დამიკმაყოფილებია”, – განაცხადა თამარ ოქროპირიძემ.
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ხოლო 121-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.