ახალი ამბები

ადვოკატი: თუ დეპუტატებს სააკაშვილთან არ შეუშვებენ, მკურნალობას შეწყვეტს

25 ნოემბერი, 2021 • 1343
ადვოკატი: თუ დეპუტატებს სააკაშვილთან არ შეუშვებენ, მკურნალობას შეწყვეტს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ თუ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა არ აღუდგებათ, მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი მკურნალობას შეწყვეტს.

ბასილაიას განცხადებით, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც შესაძლებელია დეპუტატებს შეეზღუდოთ მსჯავრდადებულის მონახულება და ხელისუფლება ამ გზით სააკაშვილის იზოლირებას ცდილობს:

“ბოლო დღეების მანძილზე არ ეძლევათ საშუალება დეპუტატებს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. ეს არის პოლიტიკური იზოლაციის პროცესი ხელისუფლების მხრიდან. ამას არანაირი სამართლებრივი წინაპირობა არ აქვს. დეპუტატებს სრული უფლება აქვთ, შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს, როგორც აქამდე. მიხეილ სააკაშვილს აქვს მკაფიო პოზიცია, თუ ამას დაუყოვნებლივ არ დაესმება წერტილი, ის გორის ჰოსპიტალში მკურნალობის პროცესს შეწყვეტს და მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რასაც იღებდა მათ შორის საქართველოში ჩამოსვლამდე”, – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. სააკაშვილის მხარდამჭერები სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა.

შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი