ახალი ამბები

მიდის მსჯელობა საქართველოში ორნაირი “მწვანე პასპორტის” დაშვებაზე — გამყრელიძე

25 ნოემბერი, 2021 •
მიდის მსჯელობა საქართველოში ორნაირი “მწვანე პასპორტის” დაშვებაზე — გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში შესაძლებელია ამოქმედდეს ორი, შიდა და გარე მოხმარების “მწვანე პასპორტი”. მისი განმარტებით, შიდა მოხმარების “მწვანე პასპორტით” სარგებლობა იმ ადამიანებსაც შეუძლიათ, ვისაც კორონავირუსი საქართველოში დაუფიქსირდათ ერთ-ერთ პირველებს, თუმცა ეს “მწვანე პასპორტი” უცხოეთში არ იმუშავებს:

“მწვანე პასპორტის ძირითადი დანიშნულება გახლავთ, რომ ადამიანებს ამით გარკვეული დისკომფორტი ექმნებათ და ეს არის სტიმული, რომ წავიდნენ და აიცრან. ამ ეტაპზე, ახლანდელი გადაწყვეტილებით, ორნაირი “მწვანე პასპორტია”: ერთი შიდა მოხმარებისთვის, სადაც აღნიშნულია, რომ ადამიანს თუ ოდესმე გადატანილი აქვს კოვიდი, ამ პასპორტით ჩაითვლება, რომ მას შესვლა შეეძლება რესტორანში, კაფეში, ბარში, სხვადასხვა დაწესებულებაში.

მაგრამ მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო მასშტაბით იმ QR კოდში [“მწვანე პასპორტში”], რომელიც საზღვარზე მოწმდება, ცოტა სხვა საკითხია. იქ ითვლება ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი [კორონავირუსი], ამიტომ აქ [საქართველოში] მიმდინარეობს მსჯელობა ამაზე, შესაძლებელია დაშვებული იქნას ორი “მწვანე პასპორტი”, რასაც ექნება შიდა მოხმარების დანიშნულება და [მეორე] მხოლოდ გარე მგზავრობისთვის. QR კოდი ჰარმონიზირებული უნდა იყოს [უცხო ქვეყნის კოვიდპასპორტთან]”, – განმარტა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ბევრ ქვეყანაში სწორედ ეს პრინციპი მოქმედებს, თუმცა ასეთ ქვეყნებში “შიდა მოხმარების” “მწვანე პასპორტების” გაცემა იმ შემთხვევაში ხდება, თუ ადამიანს კორონავირუსი 1 წლის განმავლობაში აქვს გადატანილი, ძირითად ქვეყნებში კი ეს პერიოდი 6 თვეს შეადგენს.

განსაკუთრებულები ვართ, შესაბამისად, გვაქვს ორი „მწვანე პასპორტი“ — ტიკარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი