ახალი ამბები

„გთხოვთ, 29-ში ჩანიშნულ პროცესზე სასამართლოსთან შეიკრიბოთ“ – სააკაშვილი

25 ნოემბერი, 2021 • 2162
„გთხოვთ, 29-ში ჩანიშნულ პროცესზე სასამართლოსთან შეიკრიბოთ“ – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს, 29 ნოემბერს, მისი მორიგი სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბონ.

სააკაშვილის თქმით, სასამართლო პროცესი ფარსია, თუმცა მოუწოდებს მხარდამჭერებს ეს აქცია შეხვედრის ადგილად გამოიყენონ:

„მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩემი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი. ამავე დროს, ველი და ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით ისეთივე ძალით გააგრძელებს აქტიურობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მადლობელი ვარ სხვა პარტიების და პიროვნებების მხრიდან აქტიურობის და ეს გარდაუვალად გამოიწვევს საზოგადოების ფართო ფენების აქტიურობის ტალღასაც. მოგიწოდებთ მრავალი სხვადასხვა აქციისკენ და უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო-ეროვნული აქცია დეკემბერში. 29-ში ჩანიშნულ „სასამართლო“ პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში. ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ფარსია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შეხვედრის ადგილად“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა.

შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი