ახალი ამბები

მაკარიძე არ იზიარებს მოსაზრებას სასამართლოში “კლანის” არსებობის შესახებ

25 ნოემბერი, 2021 • 1222
მაკარიძე არ იზიარებს მოსაზრებას სასამართლოში “კლანის” არსებობის შესახებ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გენადი მაკარიძე არ იზიარებს მოსაზრებას სასამართლო სისტემაში “კლანის” არსებობის შესახებ.

“მუდმივად ისმის გავლენიანი ჯგუფის არსებობა მხოლოდ განმარტებებით. ვერც ფაქტზე მითითება, ვერც პიროვნებებზე მითითება, სახელების გარდა რაში გამოიხატება, ვერ ვნახე. “კლანის” ტერმინიც გაჩნდა, მაგრამ საფუძველი, რომელიც ვინმეს აფიქრებინებდა, რომ ობიექტურად ეს მართლაც ასეა, მე ვერც ერთ განცხადებაში ვერ დავინახე”, — განაცხადა მაკარიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ ლევან იოსელიანის კითხვის საპასუხოდ.

ლევან იოსელიანის თქმით, მხარს არ დაუჭერს უზენაეს სასამართლოში გენადი მაკარიძის უვადო მოსამართლედ არჩევას.

“ჩემი აზრით, მისი პასუხები ძალიან კარგი მაგალითია, თუ რატომ არ უნდა განწესდეს ეს კონკრეტული მოსამართლე უზენაეს სასამართლოში. ჩემი აზრით, ის ვერ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლითაც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ უნდა იყოს განწესებული”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსები მიუთითებენ, რომ სასამართლო სისტემაში არსებობს „მოსამართლეთა კლანი“. კლანის ლიდერებში ისინი მოიაზრებენ მოსამართლეებს — მიხეილ ჩინჩალაძეს და ლევან მურუსიძეს, რომლებიც „კლანის“ არსებობას უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი