ახალი ამბები

„ოცნების“ შემწირველებმა გამარტივებული შესყიდვებით 33.8 მლნ ლარის კონტრაქტები გააფორმეს – TI

25 ნოემბერი, 2021 • 978
„ოცნების“ შემწირველებმა გამარტივებული შესყიდვებით 33.8 მლნ ლარის კონტრაქტები გააფორმეს – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) განცხადებით, 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე სახელმწიფომ გააფორმა სამშენებლო მომსახურების შესყიდვის 4,500-მდე კონტრაქტი  გამარტივებული გზით, რომელთა ჯამური ღირებულება 125 მლნ ლარამდეა.

TI-ის თქმით, გამარტივებული შესყიდვის გზით სამშენებლო მომსახურებაზე გაფორმებული კონტრაქტებიდან 33.8 მლნ ლარის ჯამური ღირებულების კონტრაქტები მოდის პარტია „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველების კომპანიებზე.

„33.8 მლნ ლარი 31 კომპანიაზე და ერთ ფიზიკურ პირზე ნაწილდება, რომლებმაც 2016-2021 წლებში „ქართულ ოცნებას“, ჯამში, 1.1 მლნ ლარზე მეტი შესწირეს. გამარტივებული შესყიდვის გზით სახელისუფლო პარტიის შემომწირველებთან კონტრაქტების გაფორმება კორუფციულ გარიგებებზე აჩენს ეჭვს.

2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში პირდაპირი შესყიდვის გზით კონტრაქტები 72-მა ახლად დაფუძნებულმა კომპანიამ მიიღო. სახელმწიფო უწყებებმა მათ კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 6 თვეში გაუფორმეს. აღნიშნულ კომპანიებს, ჯამში, 200 კონტრაქტი გაუფორმდათ, რომელთა ჯამური ღირებულება 3.8 მლნ ლარია. კომპანიების ნაწილს და მათ მფლობელებს ბიზნესსაქმიანობის გამოცდილებაც კი არ გააჩნდათ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, ანგარიშის ავტორების თქმით, 43-მა კომპანიამ კონტრაქტები დაფუძნებიდან 3 თვეზე ნაკლებ დროში მიიღეს, ხოლო 8 კომპანიას კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 10 დღეში გაუფორმდა. მათ შორის, 2 კომპანია – შპს „ბურღი“ და შპს „ხარისხი 2021“. ორგანიზაციის თქმით, ერთი დღის დაფუძნებული იყო, რომლებმაც, ჯამში, 243,000 ლარის კონტრაქტები მიიღეს.

ახლად დაფუძნებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა, მით უმეტეს, გამარტივებულ შესყიდვებში, TI-ს შეფასებით, კორუფციის ალბათობას ზრდის და ამასთან ერთად, გამოუცდელი კომპანიისგან მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ხარისხიც ეჭვქვეშ დგება.

31-დან ყველაზე მეტი თანხა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების გზით 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში შემდეგმა 10-მა კომპანიამ მიიღო:

შპს „ინ-სი“

TI-ს თქმით, შპს „ინ-სიმ“ 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე 13 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 4 კონტრაქტი მიიღო გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით. ორგანიზაციის განცხადებით, ოთხივე კონტრაქტი მას ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდმა“ გაუფორმა. დოკუმენტის მიხედვით, საკვლევ პერიოდში „ინ-სიმ“ 33 მლნ ლარის ელექტრონულ ტენდერებში გაიმარჯვა. მათ შორის, 5.1 მლნ ლარის კონტრაქტი 4 კონკურენტის დისკვალიფიკაციის შედეგად მიიღო „თბილისის განვითარების ფონდისგან“.

ამასთან, ორგანიზაციის განცხადებით, 2015-2021 წლებში „ინ-სის“ 124 მლნ ლარის კონტრაქტები აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვის გზით.

დოკუმენტის ავტორების თქმით, შპს „ინ-სის“ გენერალური დირექტორი ზვიად თოიძე „ქართული ოცნების“ შემომწირველია. 2016 წლის ოქტომბერში პარტიას 50,000 ლარი შესწირა. ამავე დროს, „ინ-სი“ „პანორამა თბილისის“ ერთ-ერთი პროექტის, „თაბორი-რიზორთსის“ შემსრულებელი კომპანიაა. თავის მხრივ, „პანორამა თბილისი“ ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ პროექტია.

შპს „New Road“

2020 წლის 18 აგვისტოს შპს „New Road“-ს 6.8 მილიონლარიანი კონტრაქტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაუფორმა პირდაპირი შესყიდვის გზით. TI-ს განცხადებით, კონტრაქტის თანახმად, კომპანიამ ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების აღდგენის სამუშაოები შეასრულა. განცხადების ავტორების თქმით, საკვლევ პერიოდში „New Road“-მა 200 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ელექტრონულ ტენდერებშიც გაიმარჯვა.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ „New Road“-ის 100% წილის მფლობელმა და გენერალურმა დირექტორმა დავით ჟღენტმა 2017 წლის სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 30,000 ლარი შესწირა.

შპს „ცოტნე“

ანგარიშის მიხედვით, შპს „ცოტნემ“ სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე 4 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 2 კონტრაქტი მიიღო გამარტივებული შესყიდვის გზით. ორგანიზაციის განცხადებით, კონტრაქტები მას ონის მუნიციპალიტეტის მერიამ გაუფორმა. ორგანიზაციის თქმით, 2020 წლამდე კომპანიას ერთი მსხვილ კონტრაქტი (578 ათასი ლარის) ჰქონდა მიღებული, ისიც ონის მერიისგან. TI აღნიშნავეს, რომ ელექტრონული ტენდერებიდან 300 ათას ლარზე მეტი აქვს მიღებული ძირითადად ონის მუნიციპალიტეტის მერიისგან.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ „ცოტნეს“ 50% წილის მფლობელმა ირაკლი კერვალიშვილმა 2017-2021 წლებში „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს, ჯამში, 240,000 ლარი შესწირა.

შპს „ჯეი ემ კომპანი“

დოკუმენტის მიხედვით, შპს „ჯეი ემ კომპანის“ 2020 წლის 28 სექტემბერს სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის ონის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით 2.2 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა. TI-ს თქმით, აღნიშნული კონტრაქტის გაფორმებამდე „ჯეი ემ კომპანის“ არ ჰქონდა სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვების გამოცდილება.

2019 წლის ივლისში კი ელექტრონულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გამარჯვებულად სხვა კომპანია გამოვლინდა. 2021 წლის მაისში, ორგანიზაციის განცხადებით, შპს „გარდაბნის თბოსადგურის” მიერ გამოცხადებული 68,474 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი კონკურენტების გარეშე მოიგო. „ჯეი ემ კომპანის“ ფასის შეთავაზება 65,320 ლარი იყო, თუმცა კონტრაქტი 69,218.8 ლარზე გაუფორმდა.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ „ჯეი ემ კომპანის“ 50% წილის მფლობელმა ნუგზარ მამუჭაძემ 2016 წლის 26 დეკემბერს „ქართულ ოცნებას“ 50,000 ლარი შესწირა. TI აღნიშნავს, რომ ნუგზარ მამუჭაძის ძმა, ამირან მამუჭაძე შპს „კომპანია ბლექ სი გრუპის“ დირექტორი და 37.5% წილის მფლობელია.

გარდა ამისა, „კომპანია ბლექ სი გრუპს“ 300 მლნ ლარზე მეტი აქვს მიღებული ელექტრონული ტენდერებიდან, გამარტივებული შესყიდვის გზით კი, 84 მლნ ლარი. „ქართული ოცნების“ შემომწირველია ასევე ნუგზარ მამუჭაძის მამა, გურამ მამუჭაძე, რომელმაც 2016 წლის 27 დეკემბერს შესწირა პარტიას 50,000 ლარი.

შპს „იბოლია“

შპს „იბოლიას“, ანგარიშის ავტორების თქმით, 2021 წლის 4 თებერვალს სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამარტივებული შესყიდვის გზით 2.2 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა.

2012-2021 წლებში აღნიშნულ კომპანიას, დოკუმენტის ავტორების თქმით, 10 მლნ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვის გზით, ელექტრონული ტენდერებით კი, 100 მლნ ლარზე მეტი.

კომპანია „იბოლიასთან“ დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ადრეც წერდა. კომპანიის მეწილე „ქართული ოცნებიდან“ გორის ყოფილი მაჟორიტარი პარლამენტარი იოსებ მაკრახიძეა, რომელსაც ორგანიზაციის თქმით, ხელისუფლებამ ჯერ სახელმწიფო შესყიდვებში თაღლითობაზე წაუყენა ბრალი, შემდეგ კი მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა. იოსებ მაკრახიძემ 2016 და 2018 წლებში „ქართულ ოცნებას“, ჯამში, 100,000 ლარი, მისმა კომპანიამ კი 20 ათასი ლარი შესწირა.

შპს „ბორანი“

ორგანიზაციის განცხადებით, შპს „ბორანს“ პანდემიის პერიოდში  სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა 1.1 მლნ ლარის ღირებულების 4 კონტრაქტი გაუფორმეს გამარტივებული შესყიდვის გზით. ორგანიზაციის თქმით, დოკუმენტის მიხედვით, 2011-2021 წლებში შპს „ბორანს“ 30 მლნ ლარამდე ღირებულების ელექტრონული ტენდერები აქვს მოგებული.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ შპს „ბორანის“ 16% წილის მფლობელმა მელანო უკლებამ 2017 წლის 11 სექტემბერს და 2020 წლის 8 ოქტომბერს 10,000-10,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“.

ამავე კომპანიის 10% წილის მფლობელმა გიორგი აბულაძემ ასევე 2017 წლის 11 სექტემბერს 10,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. 2021 წლის ივნისამდე „ბორანის“ მეწილე იყო ასევე ამირან ჩხიკვაძე, რომელმაც 2017 წლის 11 სექტემბერს და 2020 წლის 8 ოქტომბერს (ისევე, როგორც მელანო უკლებამ) 20,000 და 40,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ კომპანიამ გამარტივებული შესყიდვით პირველი მსხვილი კონტრაქტი (500,000 ლარის) პარტნიორების მიერ 2020 წლის ოქტომბერში მმართველი პარტიისთვის თანხის შეწირვიდან 4 თვეში – 2021 წლის 2 თებერვალს მიიღო. 2021 წლის 2 თებერვლამდე შპს „ბორანს“ გამარტივებული შესყიდვის გზით მსხვილი (15,000 ლარზე მეტი) კონტრაქტი არ ჰქონდა მიღებული.

შპს „გზამშენი-18“

შპს „გზამშენი-18“-ს  2020-2021 წლებში სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის, TI-ს თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამარტივებული შესყიდვის გზით ორი 500,000- ლარიანი კონტრაქტი გაუფორმა. 2012-2021 წლებში აღნიშნულ კომპანიას 17 მლნ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვის გზით, ელექტრონული ტენდერებით კი, 35 მლნ ლარამდე.

დოკუმენტის ავტორების თქმით, „გზამშენი-18“-ის დირექტორმა და 52% წილის მფლობელმა თეიმურაზ ჯახვამ 2017 წლის 5 სექტემბერს „ქართულ ოცნებას“ 15,000 ლარი შესწირა. იმავე დღეს კომპანიის 20% წილის მფლობელმა ვახტანგ ჭანტურიამ „ქართულ ოცნებას“ 10,000 ლარი შესწირა.

TI-ს თქმით, „გზამშენი-18“-ს გამარტივებული შესყიდვის გზით 62 კონტრაქტი აქვს მიღებული, მათ შორის, ყველაზე მსხვილი – 4.5 მილიონლარიანი კონტრაქტი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან 2017 წლის 3 ოქტომბერს მიიღო, კომპანიის მფლობელების მიერ „ქართულ ოცნებაზე“ თანხის შეწირვიდან 1 თვეში.

შპს „ლიდერი +“

შპს „ლიდერი +“-ს სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის 2020 წლის ნოემბერში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამარტივებული შესყიდვის გზით 500 ათასლარიანი კონტრაქტი გაუფორმა.  ორგანიზაციის თქმით, ამის შემდეგ, 2021 წლის იანვარში, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაუფორმა გამარტივებული შესყიდვის გზით 50,000-ლარიანი კონტრაქტი.

2015-2018 წლებში კი, დოკუმენტის მიხედვით, „ლიდერი +“-ს მლნ ლარზე მეტი ჯამური ღირებულების 5 კონტრაქტი აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვის გზით. 2015-2021 წლებში აღნიშნულ კომპანიას 18 მლნ ლარამდე ჯამური ღირებულების ელექტრონული ტენდერებიც აქვს მოგებული. TI აღნიშნავს, რომ კონტრაქტებს ძირითადად მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან და საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან იღებდა.

ამასთან, ანგარიშის ავტორების თქმით, შპს „ლიდერი +“-მა 2021 წლის 8 სექტემბერს, ერთ დღეში „ქართულ ოცნებას“ ორჯერ შესწირა თანხა 5,000-5,000 ლარი.

შპს „ფოლადის სახლი ქონსტრაქშენ“

შპს „ფოლადის სახლი ქონსტრაქშენმა“ 2020 წელს 492,000 ლარის ჯამური ღირებულების 12 კონტრაქტი მიიღო გამარტივებული შესყიდვის გზით. კომპანიას ყველა კონტრაქტი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ გაუფორმა. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათ შორის 371,785 ლარის ჯამური ღირებულების 11 კონტრაქტი ერთ დღეს – 2 ოქტომბერს გაუფორმა, 120,215 ლარის ღირებულების ერთი კონტრაქტი კი დაახლოებით 2 კვირით ადრე, 15 სექტემბერს გაუფორმა.

„ერთ დღეში ხელმოწერილი კონტრაქტებით კომპანიამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარე განათებების და სპორტული ტრენაჟორების მოწყობის ვალდებულება აიღო. გამარტივებული შესყიდვები განხორციელდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. „ფოლადის სახლი ქონსტრაქშენ“ 2018 წლის სექტემბერში დაარსდა და 2020 წლის სექტემბრამდე გამარტივებული შესყიდვის გზით კონტრაქტი მიღებული არ ჰქონდა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

TI-ს თქმით, 2020-2021 წლებში „ფოლადის სახლი ქონსტრაქშენმა“ 18 ელექტრონულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 2-ში გაიმარჯვა და 288 ლარის ჯამური ღირებულების კონტრაქტები გაუფორმდა. კონტრაქტები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუფორმა.  ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მათ შორის პირველი ტენდერი 2021 წლის იანვარში მოიგო. შესაბამისად, TI აცხადებს, რომ როდესაც 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ მას 12 კონტრაქტი გაუფორმა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის გამოცდილება არ ჰქონდა.

შპს „ფოლადის სახლი ქონსტრაქშენის“ 50-50% წილის მფლობელები ზეზვა და დიმიტრი სალთხუციშვილები არიან, რომლებსაც ეკუთვნით ასევე შპს „ფოლადის სახლი“. აღნიშნულ კომპანიას, ორგანიზაციის განცხადებით, 2018-2021 წლებში 115 ათას ლარამდე ჯამური ღირებულების 46 კონტრაქტი აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვის გზით, ხოლო ელექტრონული ტენდერებით- 3 მლნ ლარამდე ჯამური ღირებულების კონტრაქტები. შემსყიდველები სხვადასხვა უწყებები არიან.

ზეზვა და დიმიტრი სალთხუციშვილებმა, TI-ს განცხადებით, 2018 წლის 5 და 6 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს თითოეულმა 30,000 ლარი შესწირა.

შპს „გგ“

შპს „გგ“-ს სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის 2020 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით 464 ათასი ლარის ჯამური ღირებულების 2 კონტრაქტი გაუფორმა. TI-ს განცხადებით, აქამდე, „გგ“-ს მხოლოდ ერთი, 324 ათასლარიანი კონტრაქტი ჰქონდა მიღებული გამარტივებული შესყიდვის გზით, ისიც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან 2019 წელს.

ახლად დაფუძნებული კომპანიების მიერ მიღებული კონტრაქტები

2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში, ორგანიზაციის განცხადებით,  პირდაპირი შესყიდვის გზით კონტრაქტები 72-მა ახლად დაფუძნებულმა კომპანიამ მიიღო. ახლად დაფუძნებულად TI-მ მიიჩნია ის კომპანიები, რომლებსაც სახელმწიფო უწყებამ კონტრაქტი კომპანიის დაფუძნებიდან მაქსიმუმ 6 თვეში გაუფორმა.

ანგარიშის ავტორების თქმით, აღნიშნულ კომპანიებს, ჯამში, 200 კონტრაქტი გაუფორმდათ, რომელთა ჯამური ღირებულება 3.8 მლნ ლარია. 72 კომპანიიდან 43-მა კონტრაქტები დაფუძნებიდან 3 თვეზე ნაკლებ დროში მიიღო, 25-მა კომპანიამ დაფუძნებიდან მაქსიმუმ ერთ თვეში, ხოლო 8 კომპანიას კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 10 დღეში გაუფორმდა.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ახლად დაფუძნებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა, მით უმეტეს, გამარტივებულ შესყიდვებში, ორი გარემოების გამო იქცევს ყურადღებას: 1. ზრდის კორუფციის რისკებს და 2. გამოცდილების არქონის გამო მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ხარისხით მიმართ აჩენს კითხვებს:

„გარდა ამისა, როდესაც შემსყიდველი საქონელს ან მომსახურებას ახლად დაფუძნებული, გამოუცდელი კომპანიიდან ყიდულობს, ჩნდება ეჭვი, რომ ის დაინტერესებული არის, კონკრეტულმა პირებმა მიიღონ თანხა. ქვემოთ დამატებით ინფორმაციაა მოცემული იმ 8 კომპანიაზე, რომლებმაც გამარტივებული შესყიდვით კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 10 დღეში მიიღეს“, – აცხადებენ ორგანიაციაში.

შპს „ბურღი“

შპს „ბურღი“ 2020 წლის 19 ოქტომბერს დაფუძნდა და ორგანიზაციის განცხადებით, ერთ დღეში, 20 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით 205,260 ლარის ჯამური ღირებულების ორი კონტრაქტი გაუფორმა სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის. ორგანიზაციაში აღიშნავენ, რომ „ბურღს“ სხვა სახელმწიფო უწყებასთან გამარტივებული შესყიდვის გზით კონტრაქტი არ გაუფორმებია.

დოკუმენტის ავტორების თმით, 2021 წლის მაისიდან „ბურღმა“ 3 ელექტრონულ ტენდერშიც მიიღო მონაწილეობა. ანგარიშის მიხედვით, სამივე ტენდერი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იყო გამოცხადებული. TI აღნიშნავს, რომ „ბურღმა“ 152,133 ლარის ჯამური ღირებულების 2 ტენდერი მოიგო, მათ შორის ერთი- კონკურენტის გარეშე.

შპს „ბურღის“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ზაქარია ბუზარიაშვილია. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ „ბურღის“ დაფუძნებამდე, ზაქარია ბუზარიაშვილი ინდმეწარმედ იყო დარეგისტრირებული და 2018 წლის 14 დეკემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 1,250 ლარის ღირებულების კონტრაქტი ჰქონდა მიღებული დროშის სამაგრების მიწოდებაზე.

შპს „ხარისხი 2021“

შპს „ხარისხი 2021“ დაფუძნდა 2021 წლის 23 ივნისს და TI-ს თქმით, მეორე დღეს, 24 ივნისს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით 20,267 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის.

გარდა ამისა, ანგარიშის ავტორების განცხადებით, აღნიშნულ კომპანიას 2021 წლის 25 ივნისს (დაფუძნებიდან 2 დღეში) და 26 აგვისტოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით კიდევ 2 კონტრაქტი გაუფორმა, ჯამში, 18,150 ლარის ღირებულების.

დოკუმენტის ავტორების თქმით, სამი კონტრაქტით კომპანიამ სულ 38,000 ლარზე მეტი მიიღო. „ხარისხი 2021“-ს სხვა სახელმწიფო უწყებასთან გამარტივებული შესყიდვის გზით კონტრაქტი არ გაუფორმებია, ხოლო ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არასდროს მიუღია.

TI აღნიშნავს, რომ შპს „ხარისხი 2021“-ის 50-50%-იან წილს გიორგი ბუთხუზი და ზურაბ იმერლიშვილი ფლობენ. ზურაბ იმერლიშვილი კომპანიის დირექტორის თანამდებობასაც იკავებს.

შპს „სქაილაინი“

შპს „სქაილაინი“ 2021 წლის 14 ივლისს დაფუძნდა და ორგანიზაციის განცხადებით, დაფუძნებიდან 2 დღეში, 16 ივლისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით 48,814 ლარის ჯამური ღირებულების 3 კონტრაქტი გაუფორმა სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ „სქაილაინს“ სხვა სახელმწიფო უწყებასთან გამარტივებული შესყიდვის გზით კონტრაქტი არ გაუფორმებია, ხოლო ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არასდროს მიუღია.

TI-ს მიხედვით, შპს „სქაილაინის“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ბექა წიკლაურია. ორგანიზაციის განცხადებით, ბექა წიკლაური ასევე ფლობს კომპანია „ბაუენს“. აღნიშნულ კომპანიას 2015 და 2017 წელს ახალციხის მერიასთან გამარტივებული შესყიდვის გზით 15,410 ლარის ჯამური ღირებულების 2 კონტრაქტი აქვს გაფორმებული. ორგანიზაციის თქმით, 2016 წელს კომპანიამ ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებული 15,700 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი მოიგო.

შპს „ოცი-ოცი 20-20“

შპს „ოცი-ოცი 20-20“ 2020 წლის 1 აგვისტოს დაფუძნდა და TI-ს განცხადებით, დაფუძნებიდან 3 დღეში, 4 აგვისტოს, ვანის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით 55,596 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის.

ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნულ კომპანიას 2020 წლის 20 აგვისტოს და 2021 წლის 10 აგვისტოს ვანის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით კიდევ 2 კონტრაქტი გაუფორმა, ჯამში, 61,108 ლარის. დოკუმენტის ავტორების თქმით, სამი კონტრაქტით კომპანიამ ,ჯამში, 117 ათას ლარამდე მიიღო. „ოცი-ოცი 20-20“-ს სხვა სახელმწიფო უწყებასთან გამარტივებული შესყიდვის გზით კონტრაქტი არ გაუფორმებია, ხოლო ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არასდროს მიუღია.

ამასთან, TI-აღნიშნავს, რომ შპს „ოცი-ოცი 20-20“-ის 100%-იან წილს ბესიკ შუბლაძე ფლობს.  ანგარიშის ავტორების თქმით, კომპანიის დაფუძნებამდე ბესიკ შუბლაძე დარეგისტრირებული იყო ინდმეწარმედ, მაგრამ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის მერიამ კონტრაქტი სახელწიფო შესყიდვების გამოცდილების არმქონე პირს გაუფორმა.

შპს „სერვ ჯგუფი“

შპს „სერვ ჯგუფი“ 2020 წლის 2 ივლისს დაფუძნდა და TI-ს თქმით,  დაფუძნებიდან 5 დღეში, 7 ივლისს, შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრმა“ გამარტივებული შესყიდვის გზით 2,096 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებისთვის. აღნიშნულ კომპანიას ქალაქ რუსთავში არსებულმა სხვადასხვა უწყებებმა 2020-2021 წლებში 26 კონტრაქტი გაუფორმეს გამარტივებული შესყიდვის გზით, რომელთა ჯამური ღირებულება 24,686 ლარია.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ შპს „სერვ ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი კახაბერ ენგელია. კახაბერ ენგელი ასევე ფლობს შპს „ემქეის“, რომელიც 2016-2017 წლებში მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვებში და 7,157 ლარის ჯამური ღირებულების 17 კონტრაქტი აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვის გზით, ხოლო ელექტრონულ ტენდერებში 4,200 ლარის ჯამური ღირებულების ორი ტენდერი მოიგო.

შპს „ბოგი ბილდინგი“

შპს „ბოგი ბილდინგი“ 2020 წლის 10 აგვისტოს დაფუძნდა და TI-ს თქმით, დაფუძნებიდან 8 დღეში, 18 აგვისტოს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით 8,962 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ „ბოგი ბილდინგს“ სხვა სახელმწიფო უწყებასთან გამარტივებული შესყიდვის გზით კონტრაქტი არ გაუფორმებია, ხოლო ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არასდროს მიუღია.

„ბოგი ბილდინგის“ 50-50%-იან წილს ბონდო ასანიძე და გიორგი კენჭოშვილი ფლობენ. TI-ს მიხედვით, გიორგი კენჭოშვილი ასევე ფლობს შპს „მაგის“ 100%-იან წილს. ორგანიზაციის თქმით, „მაგის“ 2017-2020 წლებში 24,452 ლარის ჯამური ღირებულების 5 კონტრაქტი აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვის გზით. აქედან 4 მიიღო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისგან, ხოლო ერთი -ტყიბულის მერიისგან. ელექტრონული ტენდერებიდან „მაგის“ ნახევარ მლნ ლარზე მეტი ჯამური ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული.

შპს „სანი 2020“

შპს „სანი 2020“ დაფუძნდა 2020 წლის 17 აგვისტოს და 8 დღეში, 25 აგვისტოს, ორგანიზაციის განცხადებით,  ვანის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით 13,710 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის. TI-ს განცხადებით, „სანი 2020“-ს სხვა სახელმწიფო უწყებასთან გამარტივებული შესყიდვის გზით კონტრაქტი არ გაუფორმებია, ხოლო ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არასდროს მიუღია.

შპს „სანი 2020“-ის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი შალვა კაშიაა. TI-ს მიხედვით, კომპანიის დაფუძნებამდე შალვა კაშია დარეგისტრირებული იყო როგორც ინდმეწარმე და 2018 წლის 16 დეკემბერს ვანის მეორე საჯარო სკოლისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 780 ლარის ღირებულების კონტრაქტი აქვს მიღებული სხვადასხვა საკვები პროდუქტის მიწოდებაზე.

შპს „ნ.ქ.მ“

შპს „ნ.ქ.მ“ 2020 წლის 18 აგვისტოს დაფუძნდა და 7 დღეში, 25 აგვისტოს, ორგანიზაციის განცხადებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით 9,998 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის. ორგანიზაციის განცხადებით, 2020 წლის 11 სექტემბერს და 2021 წლის 23 ივლისს გამარტივებული შესყიდვის გზით თიანეთის მერიისგან 9,650 და 10,073 ლარის ღირებულების კონტრაქტები მიიღო. კომპანიას ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არ მიუღია.

შპს „ნ.ქ.მ.“-ს 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი გენადი ბურდულია. TI-ს მიხედვით, კომპანიის დაფუძნებამდე გენადი ბურდული დარეგისტრირებული იყო ინდმეწარმედ, მაგრამ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ კონტრაქტი სახელწიფო შესყიდვების გამოცდილების არმქონე პირს გაუფორმა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაცია მიიძნევს, რომ:

  • კორუფციის ნიშნების შემცველი სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებით საგამოძიებო უწყებები უფრო მეტად უნდა ინტერესდებოდნენ;
  • შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ახლად დაფუძნებულ, გამოუცდელ კომპანიებთან გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების დადებისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი, ან ასეთი გადაწყვეტილებები ჩვეულებრივზე უფრო მაღალი სტანდარტით დაასაბუთონ;

მასალების გადაბეჭდვის წესი