ახალი ამბები

კოალიცია პარლამენტს მოუწოდებს, არ დანიშნოს უზენაესის სასამართლოს მოსამართლეები

24 ნოემბერი, 2021 •
კოალიცია პარლამენტს მოუწოდებს, არ დანიშნოს უზენაესის სასამართლოს მოსამართლეები

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების დაწყებას გაუმართლებლად მიიჩნევს.

კოალიციის შეფასებით, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის არსებული წესი ვერ უზრუნველყოფს კონკურსის წარმართვას პარტიული გავლენებისგან თავისუფლად, შერჩევის წინა შემთხვევები კი აჩვენებს, რომ კანდიდატები არ ფასდებიან მათი კვალიფიკაციისა და პროფესიული კეთილსინდისიერების მიხედვით; ამასთანავე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაარღვია კანდიდატთა წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ოთხ კანდიდატთან გასაუბრება 25-26 ნოემბერს ჩატარდება. ამჟამად უზენაეს სასამართლოში 5 ვაკანტური პოზიციაა და 3 დამოუკიდებელი კონკურსი მიმდინარეობს, რომლებიც ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე გამოცხადდა. საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატებიდან სამი (ნინო სანდოძე, თამარ ოქროპირიძე, თეა ძიმისტარაშვილი) უკვე მონაწილეობდნენ წინა კონკურსში და შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდნენ.[2]

მართალია, კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას, რომ თუკი პარლამენტი მოსამართლედ არ დანიშნავს საბჭოს მიერ წარდგენილ ყველა კანდიდატს, საბჭომ იმავე კონკურსში მონაწილე სხვა პირებისგან საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატები 2 კვირის ვადაში შეარჩიოს. თუმცა ეს ვადა საბჭომ ცალსახად დაარღვია, რადგან ამ კანდიდატების შემდეგ ეტაპზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 4 ნოემბერს მიიღო, მაშინ, როცა 2-კვირიანი ვადის დინება 2021 წლის 12 ივლისს დაიწყო.

გარდა ზემოაღნიშნული ფორმალური მიზეზისა, უშუალოდ ამ კონკურსის ფარგლებში მიმდინარე უზენაესი სასამართლოს წევრთა გასაუბრებებისა და შეფასების პროცესი ლეგიტიმაციის ცალსახა კრიზისით ხასიათდებოდა და, წინა წლების მსგავსად, ხარვეზებით მიმდინარეობდა. საბჭოს წევრების შეფასებები ტოვებდა არათანმიმდევრულობის, კანდიდატების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულების და შაბლონურობის შთაბეჭდილებას”, — ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

საბჭოს არსებული შემადგენლობისადმი ფუნდამენტური კრიტიკისა და მის მიმართ საზოგადოებრივი უნდობლობის მიღმა, კოალიციის განცხადებით, პრობლემურია ისიც, რომ პარლამენტი აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებებს იღებს უბრალო უმრავლესობით, რა დროსაც სავალდებულო არ არის პოლიტიკური კონსენსუსი კანდიდატების თაობაზე.

“შესაბამისად, სასამართლო სისტემის არსებითი რეფორმისა და პარლამენტში ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური კონსესუსით მიღების ვალდებულების გაჩენამდე, უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტება არ ემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს და აჩენს შესაძლებლობას, რომ სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური გავლენები კიდევ უფრო გაძლიერდეს”, — აღნიშნავს კოალიცია და პარლამენტს მოუწოდებს, უარი თქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე მანამ, სანამ არ გატარდება მართლმსაჯულების სისტემური რეფორმა და სავალდებულო არ იქნება ამ საკითხზე პოლიტიკური კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი