ახალი ამბები

უცხოური ტექნოლოგიურ კომპანიებს რუსეთში წარმომადგენლობების გახსნას ავალდებულებენ

24 ნოემბერი, 2021 • 1097
უცხოური ტექნოლოგიურ კომპანიებს რუსეთში წარმომადგენლობების გახსნას ავალდებულებენ

რუსეთმა 13 უცხოურ კომპანიას, ძირითადად კი ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს, მოსთხოვა, რომ  2021 წლის ბოლოსთვის რუსეთის ტერიტორიაზე ოფიციალურად იყოს წარმოდგენილი. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო შეზღუდვებით ან პირდაპირი აკრძალვებით დაემუქრა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

1 ივლისს რუსეთში ამოქმედდა კანონი, რომელიც უცხოური სოციალური მედიის გიგანტებს, რომელთაც ყოველდღიურად 500 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, ავალდებულებს, რომ რუსეთში ოფისები გახსნან. Reuters-ის ცნობით, ასეთი კომპანიების სიაში მოხვდნენ Google, Facebook, Twitter, TikTok და Telegram. მათივე ცნობით, სიაში მოხვდა Apple-ც, რომელსაც რუსეთი მობილური აპლიკაციების ბაზარზე მისი დომინანტური პოზიციის სავარაუდო ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

როგორც Reuters წერს, ზუსტად რა სახის წარმომადგენლობა უნდა ჰქონდეთ კომპანიებს რუსეთში, გაურკვეველია. განმარტებისთვის მათ მიმართეს რუსეთის სახელმწიფო კომუნიკაციების მარეგულირებელს (Roskomnadzor), რომელმაც განუცხადა, რომ რუსეთში წარმომადგენლობების გარდა, კომპანიებმა უნდა გახსნან ანგარიშები მარეგულირებლის ვებსაიტზე, უკუკავშირისთვის კი, ბლანკი რუს მომხმარებლებთან ურთიერთობისთვის.

„უცხოურ სუბიექტებს მოეთხოვებათ შეზღუდონ წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც არღვევს რუსეთის კანონმდებლობას“, – აცხადებს როსკომნადზორი, თუმცა დამატებით დეტალებს არ აზუსტებს“, – წერს Reuters.

მასალების გადაბეჭდვის წესი