ახალი ამბები

რეკორდული ვარდნის შემდეგ ლირა მყარდება — რა ხდება თურქეთში

24 ნოემბერი, 2021 • 1840
რეკორდული ვარდნის შემდეგ ლირა მყარდება — რა ხდება თურქეთში

24 ნოემბრის მდგომარეობით, თურქეთის ეროვნული ვალუტა მყარდება. აღნიშნულს წინ უძღოდა ლირის კურსის 15%-იანი ვარდნა სამშაბათს, რის გამოც თურქეთის ხელისუფლება ოპონენტებმა მწვავედ გააკრიტიკეს, უკმაყოფილო მოქალაქეებმა კი საპროტესტო აქციები გამართეს.

რა ხდება ახლა?

გამოცემა Bloomberg-ის მიხედვით, სტამბოლის დროით 16:15 საათის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 11.5871 ლირაა.

Bloomberg ლირის გამყარების ტენდენციას უკავშირებს ბოლო წლებში ყველაზე მაღალი დონის შეხვედრას თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებს შორის: თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აბუ-დაბის მემკვიდრე პრინცს, შეიხ მუჰამად ზაიდ ალ-ნაჰაიანს ანკარაში მასპინძლობს.

მოსალოდნელია, რომ ურთიერთობების დათბობის პარალელურად, ორი ქვეყანა ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს.

მანამდე, თურქეთის ეროვნული ვალუტა 11 დღის მანძილზე უწყვეტად უფასურდებოდა, მიმდინარე კვირის სამშაბათს კი მისი ღირებულება რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა.

ადგილობრივი მედიის თანახმად, ვალუტის გადამცვლელ ზოგიერთ პუნქტში უცხოური ვალუტის გაყიდვა შეწყდა, არაერთი ადამიანი კი სოციალურ მედიაში წერდა, რომ უცხოურ ვალუტას ვერც ბანკების მობილური აპლიკაციების გამოყენებით ახერხებდა.

მოქალაქეები ვალუტის კურსს ამოწმებენ სტამბოლში. 23.11.21 ფოტო: EPA

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ლირა ამერიკული დოლარის მიმართ საშუალოდ 32 პროცენტით, ანუ თითქმის ერთი მესამედით გაუფასურდა.

ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაუფასურება, როგორც წესი, გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასა და საგარეო ურთიერთობებს უკავშირდება.

Reuters-ის მიხედვით, ლირის მდგომარეობამ თურქეთის არაერთ მოქალაქეს ფასების უფრო მეტად ზრდის შიში გაუჩინა. ეს იმ ფონზე, როცა მოსახლეობას უკვე უწევს 20%-იან ინფლაციასთან გამკლავება.

ლირის გაუფასურების ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა ბოლო კვირებში, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მცდელობის ფონზე, შეენარჩუნებინა რეფინანსირების დაბალი განაკვეთი.

BBC-ის თანახმად, ერდოღანმა ქვეყნის ცენტრალურ ბანკს უბიძგა, მიმდინარე წელს სამჯერ შეემცირებინა რეფინანსირების განაკვეთი. უკანასკნელად ეს მიმდინარე კვირაში მოხდა.

მიუხედავად ოთხშაბათს გამოვლენილი დადებითი ტენდენციისა, ლირის კურსის გაჯანსაღების პერსპექტივა კვლავაც ბუნდოვანია. არასტაბილურობა და ფასების მკვეთრი ზრდა ისევ გამოწვევაა როგორც ინვესტორებისთვის, ისე მომხმარებელთათვის, თურქეთის ხელისუფლების მხრიდან ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვის ნიშნები კი არ იკვეთება.

პროტესტი თურქეთის ქალაქებში

სტამბოლში, ანკარასა და სხვა რამდენიმე ქალაქში მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ზოგიერთმა მოქალაქემ აქციებით გააპროტესტა. დემონსტრაციებზე ისმოდა მოწოდებები მთავრობის გადადგომის შესახებ.

პროტესტის ორგანიზატორებს შორის იყვნენ მემარცხენე პარტიები და ორგანიზაციები. აქციებზე გამოვიდნენ ანკარაში მოქმედი “ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტისა” და სტამბოლის “ბოღაზიჩის უნივერსიტეტის” სტუდენტებიც.


ადგილობრივი მედიის თანახმად, სტამბოლის მთავარი მოედნის გარშემო პოლიციამ ბარიკადები აღმართა. რამდენიმე შემთხვევაში, სამართალდამცავებმა მოქალაქეებს გადაადგილებაში ხელი შეუშალეს.

თურქული Bianet-ის მიხედვით, ორ ქალაქში პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლა.

ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკურ ვითარებისა და მთავრობის პოლიტიკის გარშემო მიმდინარე მწვავე დისკუსია სოციალურ ქსელებზეც აისახა. გაზეთ Duvar-ის მიხედვით, ტვიტერზე ასობით ათასი ადამიანი აქვეყნებს პოსტებს როგორც მთავრობის საწინააღმდეგო, ისე მისი მხარდამჭერი ჰეშთეგებით.

ერდოღანი თავის პოლიტიკას იცავს

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, იგივე რეფინანსირების განაკვეთი, ცენტრალური ბანკის ინსტრუმენტია, რომლის ცვლილებაც საბაზრო საპროცენტო განაკვეთების არხით ერთობლივ მოთხოვნას ცვლის. ეს კი, საბოლოო ჯამში, ინფლაციის დინამიკაზე აისახება.

გარდა საპროცენტო განაკვეთებისა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ეკონომიკაზე ზეგავლენას ახდენს საკრედიტო, გაცვლითი კურსის და მოლოდინების არხებითაც.

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში მაღალი ინფლაცია ან ამგვარი მოლოდინები არსებობს, როგორც წესი, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, თუმცა, თურქეთის შემთხვევაში, პირიქით მოხდა და რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამ პროცესს უწოდებს “ომს ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის” და აღნიშნავს, რომ „საპროცენტო მაფიის“, ანუ მაღალი საპროცენტო განაკვეთების წინააღმდეგ მოქმედებს.

13.12.17 თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი "ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის" სხდომაზე. ფოტო: EMRAH YORULMAZ / ANADOLU / POOL

13.12.17 თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი “ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის” სხდომაზე. ფოტო: EMRAH YORULMAZ / ANADOLU / POOL

ამ ხედვას ოპოზიცია და სხვა კრიტიკოსები არ იზიარებენ. ისინი სწორედ ერდოღანის ხელისუფლების პოლიტიკით ხსნიან გართულებულ ეკონომიკურ მდგომარეობას.

მეორე მხრივ, საერთაშორისო მედია ახსენებს ინვესტორებს შორის არსებულ კითხვის ნიშნებს თურქეთის ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებით.

ამერიკული CNBC-ის თანახმად, აღნიშნული ინსტიტუციის მონეტარული პოლიტიკა ერდოღანის მიერ კონტროლირებად პროცესად აღიქმება.

ამ უკანასკნელმა თითქმის 2 წელიწადში ცენტრალური ბანკის სამი მმართველი გაათავისუფლა თანამდებობიდან, ბანკის პოლიტიკასთან დაკავშირებით ხედვების განსხვავებულობის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი