თურქული ლირა გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება, 23 ნოემბრის მონაცემებით, რეკორდულად მაღალი, 12.18 ლირაა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ლირა ამერიკული დოლარის მიმართ საშუალოდ 32 პროცენტით, ანუ თითქმის ერთი მესამედით გაუფასურდა.
ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაუფასურება, როგორც წესი, გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასა და საგარეო ურთიერთობებს უკავშირდება.
მედიასაშუალება Middle East Eye-ს თანახმად, ლირის ბოლოდროინდელი გაუფასურება, ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიუხედავად, უკავშირდება პრეზიდენტის, რეჯეფ დაიფ ერდოღანის ზეწოლით, რეფინანსირების განაკვეთის 16 პროცენტიდან 15 პროცენტამდე შემცირებას..
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, იგივე რეფინანსირების განაკვეთი, ცენტრალური ბანკის ინსტრუმენტია, რომლის ცვლილება საბაზრო საპროცენტო განაკვეთების არხით ერთობლივ მოთხოვნას ცვლის. ეს კი, საბოლოო ჯამში, ინფლაციის დინამიკაზე აისახება.
გარდა საპროცენტო განაკვეთებისა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ეკონომიკაზე ზეგავლენას ახდენს საკრედიტო, გაცვლითი კურსის და მოლოდინების არხებითაც.
იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში მაღალი ინფლაცია ან ამგვარი მოლოდინები არსებობს, როგორც წესი, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვთს, თუმცა, თურქეთის შემთხვევაში, პირიქით მოხდა და რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა.
Middle East Eye-ს თანახმად, ბაზრის მოთამაშეებს მიაჩნიათ, რომ თურქეთის ეროვნულ ბანკს დამოუკიდებლობა დაკარგული აქვს და ძირითადად გადაწყვეტილებას იღებს ერდოღანის გავლენების ქვეშ.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკის თანახმად, იგი „საპროცენტო მაფიის“, ანუ მაღალი საპროცენტო განაკვეთების წინააღმდეგ მოქმედებს.
ერდოღანის მიხედვით, დაბალი საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების გაჩენას შეუწყობს ხელს.
ეკონომიკური პორტალის, TradingEconomics-ის თანახმად, რომელიც ეროვნულ მონაცემებს ეყრდნობა, ოქტომბრის თვეში თურქეთში ინფლაციის დონე 19.89 პროცენტი იყო.