ახალი ამბები

კლუბი KHIDI მუშაობას 3 დეკემბრიდან განაახლებს

24 ნოემბერი, 2021 • 1610
კლუბი KHIDI მუშაობას 3 დეკემბრიდან განაახლებს

ღამის კლუბი KHIDI 21-თვიანი პაუზის შემდეგ, 3 დეკემბრიდან საკლუბო ღონისძიებებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ღამის კლუბი ავრცელებს.

KHIDI-ის ცნობით, საკლუბო ღამეებზე დასწრება შეეძლებათ მხოლოდ მწვანე სტატუსის მქონე პირებს, რაც გულისხმობს:

  • სრულად ვაქცინირებულ პირებს, მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ;
  • ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდგადატანილ პირებს;
  • ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირებს.

კლუბში KHIDI მოხვედრის მსურველებს თან უნდა ჰქონდეთ “მწვანე პასპორტის” დამადასტურებელი საბუთი, რომლის გააქტიურებაც ტელეფონის აპლიკაციის მეშვეობით არის შესაძლებელი.

“კლუბი KHIDI-ს გადაწყვეტილება ეფუძნება პირველ დეკემბერს მთავრობის მიერ შემოღებულ მწვანე პასპორტის სისტემას, სადაც კოვიდ მწვანე სტატუსის მქონე პირებს შესაძლებლობა ექნებათ შევიდნენ შემდეგ ობიექტებში: კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები და ასე შემდეგ. ჩამონათვალში კვლავ არ არის ღამის კლუბები.

აღსანიშნავია, რომ საკლუბო ინდუსტრია ერთადერთი სფეროა, რომელმაც სრულფასოვნად ჩაატარა ორი საპილოტე კვლევითი წვეულება, კოვიდ რეგულაციების მკაცრი დაცვით, ღია და დახურულ სივრცეებში. უკანასკნელი კვლევითი ღონისძიება 8 ოქტომბერს ჩატარდა კლუბში KHIDI, სადაც ვირუსის გავრცელების დადებითი მაჩვენებელი 0,5% იყო”, – აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.

KHIDI აცხადებს, რომ საკლუბო სფეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი ღამის კლუბების უსაფრთხო და ეტაპობრივი გახსნის საკითხზე სახელმწიფო უწყებებთან აქტიურად მუშაობს. თუმცა, როგორც კლუბი აცხადებს, ამ დრომდე ინდუსტრიის წარმომადგენლებს არ აქვთ ინფორმაცია, კონკრეტულად როდის შეძლებენ მუშაობის განახლებას.

„2020 წლის მარტის შემდეგ არ გვიმუშავია, ამ დროის მანძილზე დაგვიგროვდა ფინანსური დავალიანებები, დაყადაღებული გვაქვს ანგარიშები, ათეულობით თანამშრომელი უმუშევარია, არტისტები და სფეროს პროფესინალები დარჩენილები არიან სამუშაო ადგილების გარეშე. თითქმის ორი წელი მორჩილად ველოდით ნებართვის მიღებას, თუმცა ამ დრომდე არ გვაქვს პასუხი.

ჩვენ გადავწყვიტეთ, ვიხელმძღვანელოთ პირველი დეკემბრის მწვანე პასპორტების ამუშავების სისტემით და ჩვენი თავიც მივათვალოთ იმ ჩამონათვალს, რომელშიც, სამწუხაროდ, ჩვენ არ აღმოვჩნდით, მიუხედავად იმისა, რომ ჩავატარეთ კვლევა და ზუსტად ვიცით, რა სისტემით უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელება“, – განმარტა KHIDI-ის წარმომადგენელმა, სოფო ებრალიძემ.

ამასთან, როგორც სოფო ებრალიძემ “ნეტგაზეთთან” განაცხადა, კლუბის თანამშრომლების და პარტნიორი არტისტების 90% აცრილია.

KHIDI-ის ინფორმაციით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ღამის კლუბებმა მუშაობა 2021 წლის შემოდგომიდან განაახლეს და კოვიდ რეგულაციების დაცვით სრულფასოვნად მუშაობენ.

დღეს, 24 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ე.წ. მწვანე სივრცეების სტატუსით სხვადასხვა ობიექტებს საათობრივი შეზღუდვა ეხსნებათ, მათ შორის არიან კვების ობიექტები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები, თეატრები და სხვა, მაგრამ ამ ჩამონათვალში კვლავ ვერ მოხვდა ღამის კლუბები.

გარეკანის ფოტო: KHIDI

არჩევნები? – რატომ აჭიანურებენ რესტორნებისთვის “კოვიდ პასპორტის” დანერგვას

მასალების გადაბეჭდვის წესი