ახალი ამბები

შრომის ინსპექციამ დისკრიმინაციის 15 ფაქტი დაადგინა

24 ნოემბერი, 2021 • 1132
შრომის ინსპექციამ დისკრიმინაციის 15 ფაქტი დაადგინა

მიმდინარე წელს შრომის ინსპექციამ წინასახელშეკრულებო და შრომითი ურთიერთობის დროს დისკრიმინაციული მოპყრობის 15 ფაქტი დაადგინა, რომლებიც ეხებოდა ვაკანსიის შესახებ განცხადებებით გათვალისწინებული მოთხოვნების, ასევე, სამუშაო ადგილზე შევიწროების ფაქტების მოკვლევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებას.

შრომის ინსპექციამ შეამოწმა საჯარო წესით გამოქვეყნებული 100 ვაკანსიის განცხადების მოთხოვნების შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობა (როგორც მომართული საჩივრის, ასევე საკუთარი ინიციატივის საფუძველზე) და დაადგინა, რომ დამსაქმებლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ასაკის, სქესის, გარეგნობისა და ა.შ. ნიშნით დისკრიმინაციას დასაქმების მსურველ პირებთან მიმართ. მაგალითად, შრომის ინსპექტიის ცნობით, ასეთ დარღვევებს წარმოადგენდა:

  • გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე განიხილება “სასიამოვნო გარეგნობის მდედრობითი სქესის” წარმომადგენლის კანდიდატურა;
  • სამზარეულოს თანამშრომლის პოზიციაზე — მდედრობითი სქესის წარმომადგენლის კანდიდატურა 18-50 წლის ჩათვლით;
  • ვაკანსია არ ეხებოდა ჭარბწონიან აპლიკანტებს, რადგან მათ მიერ ვერ მოხდებოდა მომხმარებლებისათვის ხარისხიანი სერვისის მიწოდება;
  • გაყიდვების კონსულტანტი გოგონა 18-დან 30 წლამდე.

შრომის ინსპექციის განმარტებით, წინასახელშეკრულებო ეტაპზე დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენა დაეფუძნა შემდეგ გარემოებების შემოწმებას:

  • პირს ეპყრობიან ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთაგან განსხვავებულად;
  • განსხვავებული მოპყრობა პირს ზღუდავს ან ხელს უშლის შრომითი უფლებებით სარგებლობისას;
  • არ არსებობს განსხვავებული მოპყრობის კანონით განსაზღვრული, ლეგიტიმური მიზანი;
  • განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და ის დასახული მიზნის არათანაზომიერია.

რაც შეეხება სამუშაო ადგილზე დასაქმებულის შევიწროებასთან დაკავშირებულ საკითხს, შრომის ინსპექციის მიერ დადგენილ იქნა დამსაქმებლის არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავდა ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გარემოს შექმნას. აღნიშნული გარემოებების შესწავლის შედეგად 15-მდე ორგანიზაციას მიეცა გაფრთხილება.

“დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს, რაიმე ნიშნის (რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა) მიხედვით, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, რომელსაც არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება. შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციასთან ბრძოლის უპირველესი მიზანია, საზოგადოების ყველა წევრს შეექმნას მუშაობისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები”, — აცხადებს შრომის ინსპექცია და დამსაქმებლებს მოუწოდებს, არ დაუშვან დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში, რაც თანაბრად ვრცელდება ვაკანსიის გამოცხადებისა და კანდიდატის აყვანის ეტაპებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი