ახალი ამბები

სახელმწიფოს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს, ამის გამოცდილება არსებობს – ღარიბაშვილი ჰესებზე

24 ნოემბერი, 2021 • 1750
სახელმწიფოს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს, ამის გამოცდილება არსებობს – ღარიბაშვილი  ჰესებზე

„პოლიტიკა უნდა იყოს შემდეგი – რაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სჭირდება – ასე უნდა მივუდგეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჰესების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკაზე საუბრისას.

მისი თქმით, სახელმწიფოს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ჰესების მშენებლობაში, როცა ამის გამოცდილებაც არსებობს.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ის, რაც ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოხდა,  მთავრობის ბრალიც არის, რადგან  პროექტზე მუშაობისას არასათანადო კომუნიკაცია და ძალისხმევა გაიღო.

„ალბათ, მოსახლეობას ვერ აუხსნეს და შეიძლება პირობებიც იყო ისეთი, რომელიც მიუღებელი იყო, სუფთა ემოციურ დონეზე, ნებისმიერი ქართველისთვის. მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი. მოგეხსენებათ, ენკამ განაცხადა, რომ გადის პროექტიდან და შეიძლება სახელმწიფოს ელაპარაკება და ჩემი განცხადება არ მინდა, რომ გამოყენებულ იქნას ჩვენ წინააღმდეგ.

ზოგადად, ჰესების მიმართ პოლიტიკა უნდა იყოს შემდეგი – რაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სჭირდება – ასე უნდა მივუდგეთ. თუ ამა თუ იმ პროექტს დიდი სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, იმ რეგიონისთვის, იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ცხოვრობს იმ რეგიონში, უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

ღარიბაშვილის თქმით, თავად არ მოერიდებოდა სახელმწიფოს ჩარევას პირდაპირი ინვესტიციებით, რადგან სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს დიდი სტრატეგიული ობიექტები და ამის მაგალითად მას ენგური მოჰყავს

„დღეს თუ ვინმეს წარმოუდგენია, ენგური რომ არ არსებობდეს ჩვენს რეალობაში, რა პირობებში ვიქნებოდით. მეც, როგორც რიგით მოქალაქეს, იგივე განცდა მქონდა, შეიძლება ეს ემოციაა უფრო მეტად და გაუცნობიერებელია, მაგრამ რატომაც არა, სახელმწიფოს შეუძლია, რომ მონაწილეობა მიიღოს, ამის გამოცდილება არსებობს.

ერთია, როდესაც შენს საკუთრებაში არსებობს რომელიმე სტრატეგიული აქტივი და ობიექტი და მას შენი ნებით გადასცემ, უკვე აშენებულ ობიექტს გადასცემ, მით უმეტეს, ქვეყანას, რომელმაც რამდენიმე თვის წინ შენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა, ეს ერთი მთავარი და დიდი შეცდომა ,და მეორე ის, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე ასეულ მილიონობით დოლარის ინვესტიციაზე, აქ, ბუნებრივია, ჩვენი რესურსებიც შეზღუდულია, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. 800- მილიონიანი დოლარის პროექტის დაფინანსება, თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, საკმაოდ დიდი ტვირთია ჩვენთვის, თუმცა დიდი სარგებელიც არის და, საბოლოო ჯამში, გადასახდელები იქნება ეს, თუ ბიპის ტარიფი და ა.შ. რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე კერძო ინვესტორის შემთხვევაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი