ახალი ამბებისაზოგადოება

300 ათას სამუშაო ადგილს შევქმნით – რა სამუშაოს სთავაზობს ღარიბაშვილი სოცდაუცველებს

24 ნოემბერი, 2021 • 11277
300 ათას სამუშაო ადგილს შევქმნით – რა სამუშაოს სთავაზობს ღარიბაშვილი სოცდაუცველებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა 300 ათას სამუშაო ადგილს შექმნის. მისი თქმით, მთავრობამ სამუშაო ადგილების იდენტიფიცირება უკვე დაიწყო.

ამის შესახებ მან საზოგადოაებრივ მაუწყებელთან ისაუბრა.

„ჯერ კიდევ ძალიან მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში – 21%, რაც დიდი გამოწვევაა ჩვენი მთავრობისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და უმუშევრობის დონე საკმაოდ მაღალია  – 19-20%. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს იდეა წარმატებით განხორციელდეს, ვგულისხმობ  public work-ის იდეის განხორციელებას, 300 ათას სამუშაო ადგილს შევქმნით და რეალურად ამ ადამიანების მენტალიტეტი შეიცვლება, განწყობა შეიცვლება, მეტი შემოსავალი გაუჩნდებათ და მათი ეკონომიკური აქტივობა იქნება თუ სხვა დაბრუნდება ქვეყანაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, არსებული სოციალური დახმარების სისტემა „მანკიერი“ და შესაცვლელია.

„300 000 არის შრომისუნარიანი მოქალაქე, რომელიც აბსოლუტურად არ მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.  ისინი ყოველ თვე იღებენ სოციალურ დახმარებას და ვთქვათ პირდაპირ – ეს ადამიანები გავხადეთ ამ დახმარების მძევლები. ადამიანს აქვს შიშის განცდა, რომ თუ ის თუნდაც ელემენტარულად გაიუმჯობესებს საყოფაცხოვრებო პირობებს – შეიძენს ტელევიზორს, მაცივარს და ა.შ. მას აქვს შიში, რომ სოციალური აგენტი დააკლებს ქულას, ან მოუხსნის დახმარებას. რაც მისთვის აღიქმება ტრაგედიად იმიტომ, რომ ამის იქით ვეღარ ხედავს.

რეგიონებში, სადაც არის საწარმოები, ფერმერები, რომ გადაამოწმოთ, ყველა გეტყვით, რომ მუშახელს ვეღარ შოულობენ, მაგალითად, დღეში 50 ლარს რომ უხდიან, ასეთ სამუშაოზე მუშახელს ვეღარ შოულობენ. მიზეზი არის ძალიან მარტივი – ყველას ეშინია, რომ თუ ჩაერიცხა რაღაც შემოსავალი, მოუხსნიან დახმარებას და არ უღირს მას ერთჯერადი, ორჯერადი ან თუნდაც სეზონური სამუშაოს ნაცვლად მათთვის ამ დიდი სიკეთის დაკარგვა. ამ არჩევანის წინაშე რომ არ დავაყენოთ ჩვენი მოქალაქეები, საჭიროა ამ მანკიერი სისტემის შეცვლა. ეს სისტემა უნდა შევცვალოთ ისე, რომ ადამიანებს გავუჩინოთ განცდა არა უიმედობის და უპერსპექტივობის, არამედ იმედის და უკეთესი მომავლის. განვავითაროთ შრომის კულტურა, მივაჩვიოთ ადამიანები მუშაობას და უნდა ვაჩვენოთ, რომ მათ შეუძლიათ დაიწყონ არა ერთჯერადი და სეზონური საქმეები, არამედ მუდმივი საქმიანობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი იმ სამუშაო ადგილებს ასახელებს, რომელსაც მისი განმარტებით, საზოგადოებრივი სამუშაოები მოიცავს.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ იდენტიფიცირება და უკვე შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემირი ხელმძღვანელობს. ასევე, რამდენიმე დღეში მე ვაგზავნი სამუშაო ჯგუფს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სწორედ ამ მიზნით, ისინი ჩავლენ და გამართავენ შეხვედრებს. მოხდება სამუშაო ადგილების იდენტიფიცირება. მაგალითად, ჩვენ ვიწყებთ ქარსაცავების აღდგენას, რომელიც გაჩანაგდა ბოლო წლების განმავლობაში, ტყეების გაშენებას. ასევე, მუნიციპალიტეტებში, რაიონებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და ათასობით და ათიათასობით სამუშაოები შეიქმნება ერთდროულად და ავტომატურად. ამ ადამიანებს დავუნიშნავთ ხელფასს და გმოვუძებნით მათი უნარების შესაბამის სამუშაო ადგილებს.

ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მიდის უცხოეთში, რა სამსახურს ეძებს? დაახლოებით იგივე სამსახურს – იქნება ეს მძღოლი, მშენებლობაზე დასაქმება, რესტორნებში მიმტანებად და ა. შ. იგივე შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენ აქ, ადგილზე. თუ ადამიანს შეეცვლება სტატუსი და აღარ იქნება სოციალური დახმარების მიმღები, არამედ იქნება დასაქმებული და მას მინიმუმ იგივე ანაზღაურება ექნება, რამდენიც ჰქონდა მას დახმარების მიღების დროს, მას შეეძლება სხვა დამატებითი სამსახურიც ჰქონდეთ და მას სახელმწიფო ამ დახმარებას არ გაუუქმებს. შეიცვლება ამ ადამიანების მენტალიტეტი და ამ ადამიანების მიმართვა შეგვეძლება ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი