ახალი ამბები

თბილისში საქართველოს ბანკის ფილიალს თავს დაესხნენ

23 ნოემბერი, 2021 • 1635
თბილისში საქართველოს ბანკის ფილიალს თავს დაესხნენ

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალს თავს დაესხნენ. როგორც „ნეტგაზეთს“ კომპანიაში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა და თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს 23 ნოემბერს დაკავებული პირი „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის დაყაჩაღებას ცდილობდა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიმალვა სცადა.

უწყების განცხადებით, პოლიციის თაანმშრომლებმა თავდამსხმელი შემთხვევის ადგილის მიმდებარედ რამდენიმე წუთში დააკავეს:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ტ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ტ. მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ერთ- ერთ ფილიალში, დაყაჩაღების მიზნით შეიჭრა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიმალვა სცადა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო მოქმედებების შედეგად, იგი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე წუთში დააკავეს“ – აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი