ახალი ამბები

გრიპის ვაქცინა პირველ დეკემბრამდე ყველასთვის უფასო იქნება

23 ნოემბერი, 2021 • 1524
გრიპის ვაქცინა პირველ დეკემბრამდე ყველასთვის უფასო იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, სეზონურ გრიპზე უფასო აცრა საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება პირველ დეკემბრამდე.

„22 ნოემბრიდან პირველ დეკემბრამდე გრიპის ვაქცინის გაკეთება შეუძლია 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს. ოთხკომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკებს. ვაქცინაცია უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება სრულიად უსაფრთხოა.

NCDC-ის განმარტებით, ამ ზამთარს გრიპისგან თავის დაცვა ორმაგად მნიშვნელოვანია. სეზონურ გრიპს კაცობრიობა ვაქცინაციის წყალობით 1940-იანი წლებიდან მართავს.

წლევანდელ სეზონზე გრიპის ვაქცინა საქართველოში 60-80 ლარი ღირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი