ახალი ამბები

მინდა ბაიდენმა ხმა აიმაღლოს – სააკაშვილის წერილი ციხიდან

21 ნოემბერი, 2021 • 1840
მინდა ბაიდენმა ხმა აიმაღლოს – სააკაშვილის წერილი ციხიდან

გამოცემა POLITICO მიხეილ სააკაშვილის წერილს აქვეყნებს, სადაც ის აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდებს ქმედითი ნაბიჯები გადადგას იმ სერიოზული საფრთხეების წინააღმდეგ, რომლის წინაშეც საქართველოს დემოკრატია დგას.

გამოცემის თანახმად, სააკაშვილის ეს წერილი მათ ადვოკატებმა და პარტიის წევრებმა მანამ მიაწოდეს, სანამ მას გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ.

წერილში სააკაშვილი წერს, რომ მისი პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებულია და შიმშილობის ის აპროტესტებდა როგორც ამ უკანასკნელს, ასევე – „საქართველოს მთავრობის გაფართოებულ ძალისხმევას ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას“.

„ჩემი პრეზიდენტობის დროს, მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში ვიზიტისას პირობა დადო, რომ აშშ მხარს დაუჭერდა საქართველოს რუსეთის შემოჭრისა და ქვეყნის ტერიტორიების ნაწილობრივი ოკუპაციის შემდეგ. „ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს გიჭერთ თქვენს გზაზე უსაფრთხო, თავისუფალი, დემოკრატიული და კიდევ ერთხელ გაერთიანებული საქართველოსკენ,“ დაგვპირდა ბაიდენი. მან მოუწოდა ჩემს ადმინისტრაციას, რომ მას უზრუნველყო დემოკრატია „გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და სრული ჩართულობით“.

დღეს, მე მივმართავ მის ადმინისტრაციას, რომ შეასრულოს თავისი როლი ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდაჭერაში, რომელიც სერიოზული საფრთხეშია. ბაიდენის მიზნის გათვალისწინებით, რომელიც ავტოკრატიაზე წინ დემოკრატიის წამოწევას გულისხმობს, მე ვიმედოვნებ, რომ ის დააკისრებს საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობას, იმ ძირგამოთხრილი თავისუფლებებისთვის, რომელთა მისაღწევად ჩვენ ასე ბევრი ვიშრომეთ,“ – წერს სააკაშვილი.

წერილში მიხეილ სააკაშვილი მიმოიხილავს მის და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდსა და ამბობს, რომ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის შემდეგ, „ოცნების“ მთავრობა მალევე გახდა ანტიდემოკრატიული.

მათ შორის, სააკაშვილი ამბობს, რომ მთავრობამ შეაჩერა ნატოში შესვლის ყველანაირი ძალისხმევა – „სანაცვლოდ საქართველო ეარშიყება „რეგიონული თანამშრომლობის“ პლატფორმას, რომელსაც ირანთან და რუსეთთან სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სამხრეთ კავკასიის რეგიონში დასავლური ზეგავლენის აღმოფხვრის იდეა ამოძრავებს,“.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო და სამართალდამცავი სისტემები ექსკლუზიურად მმართველი გუნდს ემსახურება. ასევე ხაზგასმულია 5 ივლისის მოვლენები, რა დროსაც – „ძალადობრივი და ანტი-ლგბტ დემონსტრანტები თავს დაესხნენ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს თბილისში, აიძულეს მათ ღირსების მარშის ჩაშლა, რამაც საბოლოოდ ოპერატორის სიკვდილი გამოიწვია,“.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ ხაზი გაუშვა დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებასა და დაცვას, მათ შორის, კანონის უზენაესობასა და სიტყვის თავისუფლებას. ახლა, საქართველოს მოსახლეობას სჭირდება აქტიური მხარდაჭერა მათი დემოკრატიული და პროდასავლური მისწრაფებებისა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. უპირველესად აშშ-მ ღიად უნდა დაგმოს საქართველო ხელისუფლება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობისადა გამო. აშშ-ს კონგრესმა ასევე უნდა განიხილოს სანქციების დაწესება მაგნიტსკის აქტით დაწესება ადამიანის უფლებათა დამრღვევების წინააღმდეგ საქართველოში (პარასკევს, ევროპარლამენტართა ჯგუფმა მოუწოდა ევროკავშირს განეხილა ინდივიდუალური სანქციების დაწესება მათთვის, ვინც ჩემ წინააღმდეგ „არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობაზეა“ პასუხისმგებელი).

სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ან სხვა მაღალჩინოსნის ოფიციალური ვიზიტი აჩვენებდა ქართველ ხალხს ამერიკის სოლიდარობას. და ბოლოს, ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დემოკრატიის სამიტზე მოწვევასთან დაკავშირებით, ეს მოწვევა არასწორ სიგნალს აგზავნის და „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული პრაქტიკების ლეგიტიმაციის რისკს შეიცავს.

შეერთებულ შტატებს ხანგრძლივი ისტორია აქვს საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერის ანტიდემოკრატიული ელემენტებისგან, როგორც საშინაო ასევე საგარეო ასპარეზზე. თავისუფლების დღევანდელი შემაშფოთებელი გამოფიტვისა და რუსული ზეგავლენის ზრდის ფონზე, მე ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ნათლად აჩვენებს, თუ სად დგას ის,“ – წერს სააკაშვილი.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვებას სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

ექიმების ცნობით, სააკაშვილმა კვება სპეციალური პროტოკოლით განაახლა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი