აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სახალხო დამცველის საქმიანობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ნინო ლომჯარია და მისი გუნდი კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს.
ელჩის თქმით, მიუღებელია სახალხო დამცველზე ნებისმიერი თავდასხმა ან ამის მცდელობა, რადგანაც ომბუდსმენი, დეგნანის შეფასებით, ნებისმიერი ადამიანის უფლებებს მიუკერძოებლად და მაღალპროფესიონალურად იცავს:
„ნებისმიერი თავდასხმა ან თავდასხმის მცდელობა სახალხო დამცველის ოფისზე მიუღლებია. სახალხო დამცველი და მისი გუნდი ასრულებს იმ საქმიანობას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით და ეს გულისხმობს ნებისმიერი ადამიანის უფლებების დაცვას და სახალხო დამცველი ამას აკეთებს მაღალპროფესიონალურად და მიუკერძოებლად. ზოგადად, არსებობს სწორი ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემა საზოგადოებაში, რასაც ავსებს საზოგადოებრივი დამცველი და მისი გუნდი.
ისინი ნამდვილად შთამბეჭდავ საქმიანობას ეწევიან და, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ნდობა მათი მოხსენებების, ანგარიშების თუ დასკვნების მიმართ. ეს არის ის ინფორმაცია, რასაც შეგვიძლია ვენდოთ. შესაბამისად, ამ ოფისის საქმიანობა კრიტიკის ნაცვლად ქებას და მხარდაჭერას იმსახურებს“, – ამბობს აშშ-ის ელჩი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა „ფეიკია“.
მისი თქმით, ექსპერტთა ჯგუფს უნდა მოემზადებინა დასკვნა სააკაშვილის შიმშილობის შემდგომი მკურნალობის შესახებ და ის, რომ ეს არ გააკეთეს, მათ პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე მიუთითებს.
მისი თქმით, თუ ამ „ფეიკ“ დასკვნას გაგრძელება მოჰყვა და ის სცენარი დადგა, რისიც მმართველ გუნდს „ეშინია“, გამორიცხული არ არის, სახალხო დამცველისა და ამ ჯგუფში შემავალი ექიმების პასუხისმგებლობა დადგეს.
კობახიძის თქმით, შესაძლოა ომბუდსმენის და ექიმების პასუხისმგებლობა დადგეს