ახალი ამბები

ყველაფერს ვაკეთებთ პრობლემების გადასაჭრელად — დეგნანი ხოშტარიაზე

19 ნოემბერი, 2021 •
ყველაფერს ვაკეთებთ პრობლემების გადასაჭრელად — დეგნანი ხოშტარიაზე

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ დიპლომატები ყველაფერს აკეთებენ, რათა პრობლემები მალე გადაიჭრას. ამის შესახებ მან ისაუბრა ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით საუბრისას.

ჟურნალისტებმა კელი დეგნანს ჰკითხეს, რას უპასუხებდა ელენე ხოშტარიას დედას, რომელმაც დღეს დიპლომატებს სთხოვა დახმარება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ძალიან გვაღელვებს ქალბატონი ელენეს მდგომარეობა. ვიცით, რომ უკვე ორი კვირაა, ის შიმშილობს და მას მიაჩნია, რომ თავისი ქმედებებით იგი ხელს შეუწყობს ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურობას. იგი იმედოვნებს, რომ შეძლებს ხალხის დაახლოებას და იმ ძალიან ღრმა პოლარიზაციის გადალახვას, რომელიც ასე უშლის ქვეყანას და აფერხებს ქვეყნის განვითარებას და ამისთვის მიმართავს უკიდურეს ზომას.

თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან, და ასევე ყველა მოშიმშილემ, იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე, უარი არ თქვან წამლების მიღებაზე და [სამედიცინო] ზრუნვაზე იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გვესმის, რომ ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებენ, განპირობებულია თავიანთი რწმენებით, თუმცა უარი არ უნდა თქვან სამედიცინო მომსახურებაზე.

ჩვენ კი ჩვენი მხრიდან, როგორც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი, გეტყვით, რომ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს პრობლემები და საკითხები მალე გადაიჭრას. შეიძლება, ჩვენი საქმიანობის დიდი ნაწილი არ ჩანდეს საზოგადოებისთვის და არ იყოს ცნობილი, თუმცა ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ეს საკითხები გადავჭრათ“, — განაცხადა კელი დეგნანმა.


ელენე ხოშტარია მე-17 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობს. მან დღეს განაცხადა, რომ კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ მედიკამენტოზურ მკურნალობას წყვეტს.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. ის ამბობს, რომ შეწყვეტს შიმშილობას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.

სახალხო დამცველის ინციიატივით შექმნილმა დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფმა ისევე, როგორც მთავრობის მიერ შექმნილმა და ალტერნატიულმა კონსილიუმებმა, მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს, რასაც მთავრობა ამ დრომდე არ ასრულებს.

პენიტენციური სამსახური, უსაფრთხოების ზომებიდან და ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხის მოტივით, უარს აცხადებს სააკაშვილის მიყვანაზე სასამართლო პროცესებზე, სადაც ექსპრეზიდენტის საქმეები განიხილება.

„ადამიანების მოკვლის უფლება არ გაქვთ“ — ხოშტარიას დედა ხელისუფლებას მიმართავს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი