ახალი ამბები

„ადამიანების მოკვლის უფლება არ გაქვთ“ — ხოშტარიას დედა ხელისუფლებას მიმართავს

19 ნოემბერი, 2021 • 2103
„ადამიანების მოკვლის უფლება არ გაქვთ“ — ხოშტარიას დედა ხელისუფლებას მიმართავს

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, “გონს მოეგონ” და ყველაფერი გააკეთონ მიხეილ სააკაშვილისა და ელენე ხოშტარიას სიცოცხლის გადასარჩენად. ამის შესახებ გუნცაძემ პარლამენტში განაცხადა.

„თქვენ არ გაქვთ უფლება, საქართველოს ისტორია ჩაყაროთ წყალში. არ გაქვთ უფლება, მოკლათ ადამიანები. მიხეილ სააკაშვილი უკვე გადადებულია, ყველამ ვიცით. ჩემი შვილი, რომელიც არის სალი კლდე, თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის. მან უარი თქვა მედიკამენტებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ელენე ხოშტარია არის თქვენი მსხვერპლი.

ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ყველა საელჩოს მივმართავ, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები… დღეს ჩემი შვილის, ელენე ხოშტარიას სიცოცხლე საფრთხეშია. ოთხი შვილის დედის, რომელიც თავს წირავს საქართველოს გულისთვის, საქართველოს ყველა მოქალაქის გულისთვის. თუ ამას არ გააკეთებთ, აიღეთ “მაუზერი”, დაგვაყენეთ კედელთან და დაგვხვრიტეთ, როგორც 1937 წელს.

არ ვიცი, რატომ, მაგრამ მე კიდევ მაქვს თქვენი იმედი, რომ გონს მოხვალთ. პატარა ნაპერწკლით მჯერა… ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი, გაფრთხილებთ, თქვენ არ გაქვთ უფლება, მოაწყოთ 1937 წელი”, — მიმართა ირინა გუნცაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ელენე ხოშტარია მე-17 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობს. მან დღეს განაცხადა, რომ კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ მედიკამენტოზურ მკურნალობას წყვეტს.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. ის ამბობს, რომ შეწყვეტს შიმშილობას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.

სახალხო დამცველის ინციიატივით შექმნილმა დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფმა, ისევე, როგორც მთავრობის მიერ შექმნილმა და ალტერნატიულმა კონსილიუმებმა, მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს, რასაც მთავრობა ამ დრომდე არ ასრულებს.

პენიტენციური სამსახური, უსაფრთხოების ზომებიდან და ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხის მოტივით, უარს აცხადებს სააკაშვილის მიყვანაზე სასამართლო პროცესებზე, სადაც ექსპრეზიდენტის საქმეები განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი