ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ტყვიების ხმაური რომ არ ისმის, არ ნიშნავს, რომ ომი დასრულდა” | ინტერვიუ კვლევის ავტორთან

31 აგვისტო, 2021 • 2191
“ტყვიების ხმაური რომ არ ისმის, არ ნიშნავს, რომ ომი დასრულდა” | ინტერვიუ კვლევის ავტორთან

“1993 წლიდან დღემდე სახალხო დიპლომატია გადაიქცა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ერთადერთ მუდმივმოქმედ ინსტრუმენტად, რომელიც საშუალებას გვაძლევს, აფხაზებს დ ოსებს ველაპარაკოთ. თუმცა ეს იარაღიც პროგრესულად მცირდება”. 

რით ვინარჩუნებთ ქართულ-აფხაზურ კომუნიკაციას?

სახალხო დიპლომატიის როლი საქართველოს კონფლიქტური რეგიონების მიმართ მოქმედ სამშვიდობო პოლიტიკაში ნაკლებად არის შესწავლილი. ქართულ აკადემიურ სივრცეში მწირია სამეცნიერო კვლევები, რომლებიც ქართულ-აფხაზურ და ქართულ- ოსურ სახალხო დიპლომატიას ცალ-ცალკე განიხილავდა და შეადარებდა მათ. ერთ-ერთმა ასეთმა ბოლო კვლევამ, სახელწოდებით “ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახალხო დიპლომატიის როლი სამშვიდობო პოლიტიკაში”, წარმოადგინა სახალხო დიმპლომატიის აქტივობები და მათი ტენდენციები. წარმოგიდგენთ ინტერვიუს კვლევის ავტორთან შალვა ბერიანიძესთან. 

რატომ დაიწყეთ სახალხო დიპლომატიის როლის მოკვლევა, რა იყო თქვენი მიზანი? 

კვლევის მიზანი იყო, ქრონოლოგიურად შემესწავლა სახალხო დიპლომატიის თითოეული აქტივობა, რომელიც აფხაზეთში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტიდან დღემდე ქართულ- აფხაზური და ქართულ-ოსური სახალხო დიპლომატიის ფარგლებში განხორციელდა. 

ვიცით, რომ მხარეებს შორის სახელმწიფო დონეზე არაფერი ხდება, არანაირი მოლაპარაკება. შესაბამისად, საინტერესო იყო ჩემთვის, დამენახა ან მიმეგნო, რა იყო ის ინსტრუმენტი ან საშუალება, რაც უნარჩუნებდა აფხაზებსა და ქართველებს კომუნიკაციას წლების განმავლობაში. ეს შეეხება არა მხოლოდ აფხაზებს, –  ოსებსაც. 

ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვისზე დაყრდნობითაც გამოიკვილიეთ და შეისწავლეთ ეს საკითხები?

აქ გაანალიზდა მეორადი წყაროები, რომლებიც გვაწვდის ინფორმაციას ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახალხო დიპლომატიის შესახებ. ჩატარდა საექსპერტო წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ჩაღრმავებული ინტერვიუები. მიღებული შედეგების საფუძველზე მომზადდა რაოდენობრივი გამოკითხვის ფორმა, რომლის საშუალებითაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი მცხოვრები ქართველები/აფხაზები/ოსები გამოიკითხა და შევისწავლე მათი განწყობები სახალხო დიპლომატიის როლთან დაკავშირებით. 

რა იყო ის მთავარი რამ, რაც კვლევით გამოავლინეთ? 

1993 წლიდან დღემდე, ქართულ- აფხაზური და ქართულ-ოსური სახალხო დიპლომატია საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ერთადერთ მუდმივმოქმედ მექანიზმად ჩამოყალიბდა, რადგანაც ეს პროცესები, სამთავრობო ინიციატივებისგან განსხვავებით, არასდროს არ შეწყვეტილა.

სახალხო დიპლომატია ალტერნატიული წყაროა, რომელიც საუბრის პირველ დონეზე ამბობს, რომ მოდი, ახლა არ ვილაპარაკოთ პოლიტიკაზე, აფხაზების დამოუკიდებლობაზე; ვილაპარაკოთ სოციალურ პრობლემებზე, განათლებაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე და ა.შ. 

ასევე, კვლევამ დაადასტურა, რომ სახალხო დიპლომატიის ეფექტურობას აფერხებს საქართველოს სახელისუფლებო არაეფექტური სტრატეგია ამ რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი და პოლიტიკური ელიტის მიერ სახალხო დიპლომატიაში ჩართული სუბიექტების მიმართ სახელმწიფოსთან კოორდინირების ნაკლები მცდელობა. 

შალვა ბერიანიძე, კვლევის ავტორი

შალვა ბერიანიძე, კვლევის ავტორი

ასევე, კვლევით გამოიკვეთა, რომ ქართულ-აფხაზურ სახალხო დიპლომატიას, ქართულ-ოსური სახალხო დიპლომატიისგან განსხვავებით, აქვს დეცენტრალიზებული სტრუქტურა, რადგანაც ქართულ-აფხაზურ სახალხო დიპლომატიაში ჩართული არიან როგორც ინდივიდები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება. ხოლოქართულ-ოსური სახალხო დიპლომატია მხოლოდ ინდივიდებს აერთიანებს. შესაბამისად, ამ რეგიონების მიმართ სახალხო დიპლომატიის ეფექტიანი ფუნქციონირების მცდელობები იდენტური მექანიზმებით არ იქნება წარმატებული შედეგის მომტანი. 

რა უნდა გაკეთდეს, თქვენი აზრით?

მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დიპლომატიის ეფექტიანობის გაზრდის საერთო სტრატეგიული პრინციპები ითვალისწინებდეს კონფლიქტის დროს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახალხო დიპლომატიის კონკრეტულ დონეებს, რომელთა სტრუქტურული ფორმები და ფუნქციონირების ხასიათი კვლევაში კარგად გამოჩნდა.

სახალხო დიპლომატიის როლის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია, გადაიჭრას ის ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორები, რომლებიც აფერხებს სახალხო დიპლომატიის ეფექტიანობას. აუცილებელია, სახალხო დიპლომატია ხელისუფლების მხრიდან ერთ- ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ჩაითვალოს და დაიწყოს პოლიტიკურ ელიტასა და სახალხო დიპლომატიაში ჩართულ სუბიექტებს შორის კოორდინირებული მუშაობა. 

როგორ აისახება ეს ფაქტორები კონფლიქტის მხარეებზე? 

აფხაზები და ოსები არ ენდობიან საქართველოში არსებულ სახელმწიფო სტრუქტურებს, სამინისტროებს, მთავრობას და ძალიან სკეპტიკურად უყურებენ მათ საქმიანობას. თუ სახელმწიფო პროგრამებში, მაგალითად, ათი ადამიანი მონაწილეობს, ​​არასამთავრობო პროგრამაში (პროექტში) – ორჯერ მეტი. 

ომის დასრულების შემდეგ 1993 წლიდან დღემდე, შერიგების ან დათმობების რამდენიმე მნიშვნელოვანი მცდელობა არსებობდა სახელმწიფო დონეზე, რომელიც ყველა კრახით დასრულდა და მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს. 

2008 წლის შემდეგ ორივე კონფლიქტი გაიყინა. ძალიან უხეშად მუშაობს რუსული მანქანა და დრო –  ჩვენ საწინააღმდეგოდ. დღეს თუ ველაპარაკებით ათ ადამიანს, ათი წლის მერე, შესაძლოა, ერთი ადამიანიც კი არ მოიძებნოს.

ამიტომ გადავწყვიტე,არასახელმწიფოებრივ დონეზე შემასწავლა ის ძირითადი ელემენტები, რითაც ჩვენ ვინარჩუნებთ კომუნიკაციას. როგორ შეიძლება შევიმუშაოთ ეფექტური მოდელი, რითაც ჩვენს კონფლიქტს არათუ ახლა, დროსთან ერთად მოვაგვარებთ. ყველაზე ოპტიმისტური იდეა ამ მიმართულებით ისაა, რომ თითქოს თაობები შეიცვლება და ეს გამოიწვევს კონფლიქტის ტრანსფორმაციას, მაგრამ დრო გვიჩვენებს, რომ ახალი თაობები აფხაზეთში უფრო უხეშად და სკეპტიკურად არიან განწყობილი. მე არ მაქვს ცხინვალზე საუბარი, საიდანაც თითქმის 80% უკვე რუსეთში წავიდა საცხოვრებლად.

რა გავლენა აქვს სახალხო დიპლომატიას? 

სახალხო დიპლომატიას აქვს ძალიან ძლიერი ძალა და ეფექტი, თუმცა, იმ ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც მუშაობენ აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით, ვერ ვუწევთ შესაბამის პროპაგანდას, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის საფრთხის აცილების მიზეზით. თუმცა იმას, რაც ჩანს ზედაპირზე, აისბერგის ეფექტი აქვს, მხოლოდ ერთი მერვედი ჩანს მხოლოდ ზემოთ, დანარჩენი სიღრმეში იმალება. 

საქართველოში აქტიურად გამოიყენება სახალხო დიმპლომატია სამშვიდობო პოლიტიკაში. თუ მაგალითად, სახელმწიფო პირდაპირ არ ერევა, სუბიექტების დახმარებით საქმე კეთდება. პროექტები იტესტება და თუ ეს პროექტი წარმატებული იქნება, შეიძლება ის ავიდეს სახელმწიფო რანგში, როგორც ეს მოხდა ჯანდაცვის პროექტების შემთხვევაში, რომელიც თავდაპირველად, შევარდაძის პერიოდში დაიწყო სახელმწიფოს დონეზე და შემდეგ შეჩერდა, მერე ამის განხორციელება ვარდების რევოლუციის შემდეგ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს.

საბოლოოდ გამოიკვეთა, რომ იმდენად მოთხოვნადი იყო, სახელმწიფო რანგში ავიდა. ეს ერთადერთი პროგრამაა, რომელიც მუშაობს. ახლა დაიწყო ბიზნესის წახალისების პროგრამებიც, რომელიც საკმაოდ სუსტად ფუნქციონირებს, მაგრამ უდავოდ საინტერესოა. 

თქვენს კვლევაში დროის რამდენიმე ფაზას ეხებით, რა ტენდენციებით ხასიათდება ეს ფაზები?

1993 წლიდან [ცეცხლის შეწყვეტის დრო] გამოვლინდა ოთხი მნიშვნელოვანი ფაზა: სახალხო დიპლომატია 1993-2003 წლამდე, 2003-2008 წლამდე, 2008-2012 წლამდე, 2012 წლიდან – დღემდე. ოთხივე ფაზა არის ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა ვხედავთ, რომ სახელმწიფოს ირიბი როლი სახალხო დიპლომატიაში სტაბილურად მცირდება. 

თქვენი აზრით, რა როლი უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს სახალხო დიმპლომატიაში?

სახელმწიფო ირიბად ხელს უნდა უწყობდეს სახალხო დიპლომატიაში ჩართულ სუბიექტებს, იმისთვის, რომ მათი მუშაობა იყოს წარმატებული. 

არასამათავრობო სექტორის სიძლიერე ის არის, რომ ნაკლებად ერევა სახელმწიფო მათ საქმიანობაში და მისი როლი არ არის გამოკვეთილი, აფხაზები და ოსები სწორედ ამიტომ მოდიან რაღაც თანამშრომლობაზე. როგორ ხედავთ სახელმწიფოს ირიბ როლს?

არ უნდა ჩაერიოს პირდაპირ. სახალხო დიპლომატიის მთავარი პრობლემა ფინანსური საკითხია. ადრე გაცილებით მეტი საერთაშორისო ფონდი მუშაობდა, რომლებიც ბევრ პროგამას აფინანსებდნენ. დროსთან ერთად ბევრი გავიდა, როდესაც პროგრესი ვერ დაინახეს. სახელმწიფომ უნდა შექმნას გარემო, რომ მოიზიდოს საერთაშორისო ფონდები.

შეიძლება სახელმწიფომ ფინანსური დახმარება პირდაპირ ვერ მისცეს, მაგრამ აქვს იმის რესურსი, რომ ქვეყანაში საერთაშორისო ფონდები მოიზიდოს. 

ასევე, სახელმწიფოს არ გააჩნია ეფექტური სტრატეგია, რომლითაც იხელმძღვანელებდნენ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე ამას ხელს უშლის საქართველოს პოლიტიკური ელიტის ანტაგონისტური დამოკიდებულება ამ რეგიონების თვითაღიარებული სამთავრობო ელიტების მიმართ. სახელმწიფოს და არასამთავრობოებს შორის კოორდინირების სიმწირე. არ არის შესწავლელი აფხაზებში და ოსებში განწყობები.

სახელმწიფოს ჩარევა სახალხო დიპლომატიის შედეგების ტენდენციების კუთხით რა გავლენას ახდენს? 

როდესაც სახელმწიფოს ჰქონდა ხელის შემწყობი პროგრამები სახალხო დიმპლომატიაში ჩართული ინდივიდების მიმართ, მაშინ უფრო ეფექტუად მუშაობდა სახლხო დიპლომატია.

რაში გამოიხატებოდა?

უამრავი ადამიანი ჩაერთო სამედიცინო პროგრამებში, არასამთავრობოების განათლების გაუმჯობესების პროგრამებში, მასწავლებელთა გადამზადების, ინგლისური ენის პროგრამებში. ახლა ეს ყველაფერი მცირდება. სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მიდის აფხაზეთიდან რუსეთში განათლების მისაღებად, სადაც გასაგებია, რა პოლიტიკური ორიენტაცია და იდეოლოგია უყალიბდებათ ადამიანებს. 

დღესაც აცხადებს სახელმწიფო, რომ განათლების მიღების კუთხითაც გამარტივებულია პროცედურა

არ არის გამარტივებული. მოგეხსენებათ, აფხაზურ და ოსურ პასპორტებს არცერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო რუსეთის გარდა არ აღიარებს.

რა განსხვავებებია სახალხო დიპლომატიის კუთხით ორივე რეგიონში?

თუ ამ ორ რეგიონს შევადარებთ, ქართულ-აფხაზური სახალხო დიპლომატია არის დეცენტრალიზებული, სადაც არიან ჩართული როგორც ინდივიდები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, განსხვავებით ცხინვალისგან, სადაც არ არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები “წითელი ჯვარის” გარდა, რომელიც ლიმიტირებულად მუშაობს. ცხინვალის რეგიონის მიმართულებით სახალხო დიპლომატია მხოლოდ და მხოლოდ ნათესაური კავშირებით შემოიფარგლებოდა საზღვრის ჩაკეტვამდე. საკმაოდ ბევრი ოსი შემოდიოდა ცხინვალიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე ნათესავების მოსანახულებლად ზაფხულობით. ათასობით ადამიანზეა საუბარი. სწორედ ამ ინტენსიურობის წყალობით შეინარჩუნეს კომუნიკაცია ერთმანეთთან. თუმცა, სხვა მხრივ, სახალხო დიპლომატია უფრო მეტად ოსებთან არის პრობლემური. 

რა არის თქვენი, როგორც კვლევის ავტორის, ძირითადი რეკომენდაცია? 

აქ რამდენიმე ფაქტორს გამოვყოფდი. პირველ რიგში, სახალხო დიპლომატია, როგორც ერთადერთი მუდმივმოქმედი ინსტრუმენტი აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით, უნდა შევინარჩუნოთ.  

ასევე, ვიცით, რომ არჩევნებზე არცერთი პარტია კონფლიქტებზე აღარ საუბრობს. ისევ უნდა დაუბრუნდეს ეს საკითხები პრიორიტეტულ მიმართულებებს. ტყვიების ხმაური რომ არ ისმის, არ ნიშნავს, რომ ომი დასრულდა, ეს ცხელ კონფლიქტეზე უარესია და ამის ტრანსფორმირება უფრო რთულია. 

ამასთან, შიდა პრობლემების მოგვარება უნდა დავიწყოთ. სხვა შემთხვევაში, რთულია ვიმუშაოთ კონფლიქტების მიმართულებით. 

საქართველოს ხელისუფლებამ აქამდე ისედაც ბევრი შანსი დაკარგა. თუნდაც ანაკლიის პორტის მშენებლობა ავიღოთ. ეს იყო ერთ-ერთი მეგაპროექტი, რომელსაც ეკონომიკური წინსვლა უნდა მოეტანა არამხოლოდ ქართველებისთვის, – აფხაზებისთვისაც. 

სახელმწიფოსთან კოორდინირების შედეგად, სახალხო დიპლომატიაში ჩართული სუბიექტების მიერ უნდა შეიქმნას არაერთი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ელექტრონული გვერდი (საშუალება), სადაც ქართველები, ოსები და აფხაზები გაერთიანდებიან. პროცესი ხელს შეუწყობს დეზინფორმაციის გავრცელების შემცირებას. ამასთან, ქართულ საზოგადოებაში ოკუპირებული რეგიონების მიმართ შემცირებული ინტერესს გაზრდის კომუნიკაციის საშუალებების გამრავალფეროვნება ქართულ-აფხაზურ-ოსურ საზოგადოებებს შორის.

მაგალითად, ონლაინ ფორმატის ღია/დახურული ლექციების ჩატარება. პრაქტიკა აჩვენებს, რომ აფხაზური/ოსური საზოგადოება ონლაინ ფორმატში სასაუბროდ საათობით სხდებიან); მნიშვნელოვანია, გააქტიურდეს იძულებით გადაადგილებული პირების ჩართულობა სახალხო დიპლომატიის ფუნქციონირებაში. ამისათვის სასურველია, განხორციელდეს მათ კეთილდღეობასთან და საჭიროებებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა; ქართულ-აფხაზური სახალხო დიპლომატიის ეფექტიანობის გასაზრდელად აუცილებელია, შეიქმნას რაიმე ფორმატის უწყვეტი კავშირი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების დონეზე (აფხაზეთი); ხოლო ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მაქსიმალურად გააქტიურდეს ნაცნობების/ახლობლების/ნათესავების სოციალური ქსელი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი