ახალი ამბები

ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად სააკაშვილს ეკისრება – კობახიძე

19 ნოემბერი, 2021 • 1407
ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად სააკაშვილს ეკისრება – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მიხეილ სააკაშვილს. ამის შესახებ მან დღეს, 19 ნოემბერს, განაცხადა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

“ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე მთლიანად პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილი, ეს უპასუხისმგებლო კაცი. მას რომ ჰქონდეს ელემენტარული კაცობა, მხოლოდ ამის გამო შეწყვეტდა შიმშილობას, თუმცა კაცობის არაფერი სცხია მიხეილ სააკაშვილს. მან ეს დაამტკიცა 9 წლის განმავლობაში, როცა იყო მმართველობაში, და შემდეგი 9 წლის განმავლობაში, როდესაც ოპოზიციის ლიდერი იყო”, — თქვა კობახიძემ.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაცული იყოს.

ამასთან, კობახიძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ყოფილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე კი “ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის, ელენე ხოშტარიას საკითხი”.

კობახიძე აცხადებს, რომ შიმშილობის არშეწყვეტით ” სააკაშვილი კიდევ ერთხელ ავლენს, რომ სტრასბურგის სასამართლო მისთვის არაფერია”.

ირაკლი კობახიძემ “ფეიკი” უწოდა სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილ ექიმთა კონსილიუმსა და მათ 17 ნოემბრის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია.

თავის მხრივ, სახალხო დამცველის მიმართ მხარდამჭერი და ნდობის გამომხატველი განცხადებები გაავრცელეს როგორც ევროკავშირის ელჩმა, ისე — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. სახელმწიფო დეპარტმანეტმა ხელისუფლებას მოუწოდა სახალხო დამცველის რეკომენაციების შესრულებისკენ.


10 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროიებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ასევე თქვა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს საპყრობილეში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება და სათანადო სამედიცინო მომსახურება შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში.

სასამართლომ ღიად დატოვა საკითხი, სათანადო სამედიცინო მომსახურება ითვალისწინებს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას თუ ეს შესაძლებელია პენიტენციური დაწესებულების შიგნითაც. შეასრულა თუ არა სახელმწიფომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მოთხოვნილი დროებითი ზომა, საბოლოო განაჩენში აისახება. თუმცა მანამდე, დროებითი ღონისძიებით განსაზღვრულ ზომებთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯებს 24 ნოემბერს მიუბრუნდება, მხარეების მიერ დამატებითი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე.

ელენე ხოშტარია მე-17 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობს. მან დღეს განაცხადა, რომ კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ მედიკამენტოზურ მკურნალობას წყვეტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი