სამართალი

როგორ უნდა წავიკითხოთ სტრასბურგის გადაწყვეტილება სააკაშვილის მოთხოვნაზე

11 ნოემბერი, 2021 • 1732
როგორ უნდა წავიკითხოთ სტრასბურგის გადაწყვეტილება სააკაშვილის მოთხოვნაზე

დააკმაყოფილა თუ არა სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე? კითხვაზე იურისტების მოკლე პასუხია “დააკმაყოფილა” — სასამართლომ გამოიყენა დროებითი ღონისძიება, თუმცა არა იმ შინაარსით, რომელსაც მომჩივანი ისურვებდა.

რას ითხოვდა მომჩივანი?

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა — თამთა მურადაშვილმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა და ბექა ბასილაიამ — 10 ნოემბერს მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი ღონისძიების გამოყენების თხოვნით. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მთავრობას იმავე დღეს ეცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მოთხოვნით, დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა №18 სამკურნალო დაწესებულებიდან (სადაც, მომჩივანი მხარის განმარტებით, არ არის სათანადოდ დაცული მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება) მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში.

“სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოსთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ნაცვლად, მომჩივან მხარეს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა”, — განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

“მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა. მიხეილ სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე, მხარეებს მოგვეცა გარკვეული ვადა სარჩელის შესატანად. საქმის განხილვა მოხდება სწრაფად”, — თქვა, თავის მხრივ, სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.

რა არის დროებითი ღონისძიება?

დროებითი ღონისძიების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება არაა საქმეზე საბოლოო ვერდიქტი. დროებითი ღონისძიების გამოყენება [საბოლოო გადაწყვეტილებამდე] ხდება მკაფიოდ განსაზღვრულ პირობებში, მაშინ, როდესაც კონვენციის სერიოზული დარღვევის საშიშროება არსებობს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის (დროებითი ღონისძიება) თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარის ან ნებისმიერი შესაბამისი პირის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, მიუთითოს მხარეეებს ნებისმიერი დროებითი ღონისძიება, რომლის გამოყენებასაც იგი გადაწყვეტს მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე ან სამართალწარმოების ჯეროვნად განხორციელების მიზნით. პალატას შეუძლია მოსთხოვოს მხარეებს ინფორმაცია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია დროებითი ღონისძიების განხორციელებასთან.

თავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში შემოსულ დროებით ღონისძიებათა შესახებ მოთხოვნების უმრავლესობა უსაფუძვლოა და არ კმაყოფილდება.

“დროებითი ღონისძიება არის შუალედური ღონისძიება, რომელსაც სასამართლო იყენებს რეგლამენტის მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ გასაჩივრებულ უფლებას კონკრეტულ მომენტში შეიძლება, გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს”, — ამბობს “ნეტგაზეტთან” საუბარში ლევან მესხორაძე, საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში.

ლევან მესხორაძე

როცა პირი ასაჩივრებს კონკრეტული უფლების დარღვევას, თუ რაღაც ეტაპზე გადაწყვეტილების გამოტანამდე დადგინდება, რომ ამ უფლებას შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს, სასამართლო შუალედური ღონისძიებით ცდილობს, რომ ეს ვითარება განმუხტოს. ამ ღონისძიებას სასამართლო იყენებს გამონაკლისის სახით და მხოლოდ რამდენიმე უფლებასთან მიმართებით, ძირითადად ეს არის სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებები”, — ამბობს ლევან მესხორაძე.

რა თქვა სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე?

10 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროიებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ასევე თქვა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს საპყრობილეში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება და სათანადო სამედიცინო მომსახურება შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში. სასამართლომ ღიად დატოვა საკითხი, სათანადო სამედიცინო მომსახურება ითვალისწინებს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას თუ ეს შესაძლებელია პენიტენციური დაწესებულების შიგნითაც. შეასრულა თუ არა სახელმწიფომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მოთხოვნილი დროებითი ზომა, საბოლოო განაჩენში აისახება. თუმცა მანამდე, დროებითი ღონისძიებით განსაზღვრულ ზომებთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯებს 24 ნოემბერს, მხარეების მიერ დამატებითი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიუბრუნდება.

დროებითი ღონისძიების გამოყენება, ლევან მესხორაძის შეფასებით, მიუთითებს, რომ სასამართლოს კითხვები აქვს კონვენციის დარღვევის საშიშროებაზე.

“სტრასბურგის სასამართლოს მიერ დროებითი ღონისძიების მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. ახლა მნიშვნელოვანი საკითხია იმის გარკვევა, რა დააკმაყოფილა. დროებითი ღონისძიების მოთხოვნა, როგორც ჩანს, იყო მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის უზრუნველყოფა პენიტენციურ სისტემაში. ანუ, მომჩივანის პოზიციით, არ ხდება მის მიმართ ადეკვატური ღონისძიებების გატარება სასჯელაღსრულების სისტემაში და საჭიროა პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. სასამართლომ ამ ეტაპზე დააკმაყოფილა დროებითი ღონისძიება, მაგრამ თავი შეიკავა მთავრობისთვის პირდაპირ მიეთითებინა, რომ გადაეყვანა განმცხადებელი სამოქალაქო კლინიკაში. სასამართლოს არ უთქვამს, რომ არ იყენებს დროებით ღონისძიებას. სასამართლომ დაავალა ხელისუფლებას, რომ ჩაატაროს სააკაშვილის მიმართ ადეკვატური მკურნალობა და უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება. ამ გადაწყვეტილებით სასამართლოს არ უთქვამს ჯერ, რომ სადაც იმყოფება განმცხადებელი, ადეკვატური გარემოა, ან არ არის ადეკვატური გარემო. ამის შეფასება დროებითი ღონისძიების საფუძველზე არ ხდება. დროებით ღონისძიება შუალედური ღონისძიებაა და საკითხი, რაც არის საჩივრის მთავარი საგანი — არის თუ არა მის მიმართ მოპყრობა ადეკვატური —  გაირკვევა მაშინ, როცა სასამართლო მიიღებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას”, — ამბობს ლევან მესხორაძე.

მისი თქმით, სტანდარტული პროცედურაა ყველაფერი, რაც სასამართლომ ამ საქმეში დაადგინა:

  • პრიორიტეტის მინიჭება;
  • შიმშილობის შეწყვეტის მოწოდება — ამას აკეთებს თითქმის ყოველ საქმესთან მიმართებით;
  • მთავრობისგან ინფორმაციის და არგუმენტები წარმოდგენის მოთხოვნა.

ლევან მესხორაძის თქმით, 24 ნოემბერს, დამატებითი ინფორმაციისა და არგუმენტების საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტს, უცვლელად დატოვოს დროებითი ღონისძიება, მოახდინოს მისი კორექტირება თუ საერთოდ გააუქმოს დროებითი ღონისძიება.

ევროპული სასამართლოს ზედამხედველობა 

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) იურისტი თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად პოლარიზებისა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წაკითხვის პროცესში გამოჩნდა, “ევროპული სასამართლოს ზედამხედველობა მნიშვნელოვანი პროცესია სააკაშვილის უფლებების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით და ამ თემით პოლიტიკური სპეკულირების შეკავებისთვის”.

“სინამდვილეში, ევროპულმა სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე ნამდვილად გამოიყენა დროებით ხასიათის ღონისძიება და ჩართო კონვენციით და სასამართლოს რეგლამენტით ადამიანის უფლებების მყისიერი და შეუქცევადი დარღვევის პრევენციისთვის გათვალისწინებული ეს სპეციალური პროცედურა. დროებითი ღონისძიების მექანიზმის ფარგლებში ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება მოსთხოვა, სააკაშვილს კი შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამ საქმეს ევროპულმა სასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა. პატიმრობის პირობებთან დაკავშირებულ დავებზე ეს არის დროებითი ღონისძიების გამოყენების სტანდარტული პირობა, როცა საკითხის შესწავლას სასამართლო ინფორმაციის მიღებით იწყებს და ეს ეტაპი უკვე არის ზედამხედველობის ფორმა”, — ამბობს მიქელაძე.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ პატიმრობისა და იქ მოპყრობის (მათ შორის, სამედიცინო მოპყრობის) შემდგომი პროცესები ევროპული სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ მოხვდა და თუ საფუძველი იარსებებს, სასამართლომ მთავრობას შეიძლება ახალი ტიპის დავალებები მისცეს, მათ შორის, სათანადო სამედიცინო მკურნალობის უზრუნველყოფა და სხვა კლინიკაში გადაყვანაც.

“თუმცა ეს შემოწმდება დოკუმენტების და მტკიცებულებების საფუძველზე. ჯერ ეს სასამართლომ არ გააკეთა და განხილვის პირველ ეტაპზე ინფორმაციის და დოკუმენტების გაზიარების მოთხოვნითა და მათი შემოწმებით შემოიფარგლა”, — ამბობს იგი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით 10 ნოემბერს გამოყენებულ დროებითი ღონისძიების განმარტებისას, ასევე, აღნიშნავს, რომ სამოქალაქო ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანის საკითხი ღიად არის დატოვებული და ამბობს, რომ კონკრეტული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაზე არმითითება სასამართლოს სტანდარტული მიდგომაა.

“იმედია, დროებითი გადაწყვეტილების სულისკვეთება, სასამართლოს მიმდინარე ზედამხედველობა და საქმისთვის პრიორიტეტის მინიჭება მთელ ამ პროცესს ცივილიზებულ ჩარჩოებში მოაქცევს”, — ამბობს ნონა წოწორია.

რა წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში სააკაშვილის მოთხოვნაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი