ახალი ამბები

სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით „სირცხვილია“ პარლამენტთან აქციას მართავს

19 ნოემბერი, 2021 • 1152
სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით „სირცხვილია“ პარლამენტთან აქციას მართავს

მოძრაობა „სირცხვილია“ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტთან აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან ბანერებით შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომმიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი და განვითარებულ მოვლენების უკან რუსულ კვალს ხედავენ:

„რეალურად, ყოველდღე ვცდილობთ „ქართულ ოცნებას“ შევახსენოთ, რომ მათ ქვეყანაში რუსული ავტორიტარიზმის ბოლომდე დამკვიდრება არ გაუვათ. მათი გეგმა სწორედ ესაა, რომ საქართველოსთვის კარი ევროკავშირსა და ნატოში ამოილუქოს.

რაც შეეხება ზოგადად აქციის კონტექსტს, ვფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გადასაყვანია სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში. რეალითი შოუში ვცხოვრობთ, ხელისუფლება გვაყურებინებს, როგორ კლავს მესამე პრეზიდენტს, ამ ყველაფერს ეწირება ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა. ესეც არის რუსული ხისტი ძალის გამოვლინება ქვეყანაში“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნოდარ რუხაძე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. ის ამბობს, რომ შეწყვეტს შიმშილობას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, რასაც მთავრობა ამ დრომდე არ ასრულებს.

სააკაშვილი გლდანში, ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ცუდად გუშინ, 18 ნოემბერს იმ დროს გახდა, როცა ადვოკატებს ხვდებოდა.

„რომ გამოვდიოდით, ადგა, გაჰყავდა ბადრაგს და [იმ მომენტში] მოწყვეტით წაიქცა. რომ წაიქცა, კონტაქტური არ იყო და ისეთი მოძრაობები იყო, ჩავთვალე, რომ ინსულტი იყო. საბედნიეროდ, ეს ასე არ არის“, – თქვა გვარამიამ გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

ექიმების დახმარების შემდეგ სააკაშვილი გონს მოვიდა და ბოლო მონაცემებით კონტაქტური იყო. ის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული იყო ჯერ კიდევ 17 ნოემბრის ღამის მდგომარეობით.

ხელისუფლებას სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი