ახალი ამბები

რომ გადავწყვიტოთ, გადავიყვანოთ თუ ადგილზე მოვემსახუროთ, ამიტომ შევდივართ – ხუნდაძე

18 ნოემბერი, 2021 • 1375
რომ გადავწყვიტოთ, გადავიყვანოთ თუ ადგილზე მოვემსახუროთ, ამიტომ შევდივართ – ხუნდაძე

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ გეგმავს მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში მონახულებას. „ვაპირებთ შესვლას“, – ამბობს იგი.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჯობია თუ არა სააკაშვილის მაღალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, ხუნდაძემ უპასუხა:

„რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, გადავიყვანოთ თუ ადგილზე მოვემსახუროთ, ამიტომ უნდა შევიდეთ და არა იმიტომ, რომ მე მენატრება იმ სივრცის მონახულება“.

პარლამენტარი ასევე აცხადებს, რომ სააკაშვილის „ჯანრმთელობის გარანტი არის ის ბრიგადა, რომელიც ადგილზე მუშაობს“.

დიმიტრი ხუნდაძემ ასევე მოუწოდა სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა: „არ შეიძლება მისი შიმშილობის რეჟიმში ცხოვრობდეს მთელი ქვეყანა“.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ცოტა ხანში ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს კომენტარს მედიისთვის“, — ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, რომელიც მსჯავრდადებულ ექსპრეზიდენტთან ციხეში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი წაიქცა და ის საკაცით აიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი