ახალი ამბები

სასამართლომ პენიტენციურის მიერ ციხეში შეხვედრის კადრების გასაჯაროებაზე დარღვევა დაადგინა

18 ნოემბერი, 2021 • 2489
სასამართლომ პენიტენციურის მიერ ციხეში შეხვედრის კადრების გასაჯაროებაზე დარღვევა დაადგინა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პენიტენციური სამსახურის მიერ სახალხო დამცველის წარმომადგენლისა და პატიმრის ციხეში შეხვედრის კადრების თანხმობის გარეშე გასაჯაროებაზე დარღვევა დაადგინა.

როგორც “ნეტგაზეთს” მოსარჩელე ნიკა რობაქიძის ადვოკატმა ლევან ალაფიშვილმა უთხრა, მოსამართლე ივანე ღლონტმა პენიტენციურ სამსახურს მორალური ზიანის ანაზღაურებაც დაავალა. მორალური ზიანის რაოდენობა ცნობილი გახდება დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ.

“სასამართლომ თქვა, რომ თანხმობის გარეშე გასაჯაროებით პენიტენციურმა დაარღვია კანონი და მას დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება”, — განაცხადა ალაფიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომდე, იმავე ფაქტზე პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც და მათ 500-500 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.

2020 წლის 21 იანვარს პარლამენტში, ადამინის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ციხეებთან დაკავშირებით ომბუდსმენის კრიტიკულ ანგარიშს განიხილავდნენ, თეა წულუკიანმა სახალხო დამცველის წარმომადგენლის პატიმართან შეხვედრის ამსახველი ვიდეო მიიტანა. წულუკიანმა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი გააკრიტიკა ჩაცმულობისა და ქმედებების გამო. მოგვიანებით აღნიშნული ვიდეო პენიტენციურმა სამსახურმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

სახალხო დამცველი დაინტერესდა, რამდენად კანონიერად მოხდა იუსტიციის სამინისტროს მიერ ციხეში სახალხო დამცველის წარმომადგენლისა და პატიმრის შეხვედრის კადრების მოპოვება და დაარქივება. ნინო ლომჯარიამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ იუსტიციის სამინისტროს შენახული აქვს გასული წლის ზაფხულში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენლის მონაწილეობით გამართული შეხვედრის ამსახველი ვიდეო მაშინ, როდესაც, როგორც წესი, ვიდეომასალები არასათანადო მოპყრობის შესახებ “წაშლილი აღმოჩნდება ხოლმე”.

“რამდენად კანონიერად არის მოპოვებული და დაარქივებული?” – ლომჯარია წულუკიანის ვიდეოზე

“ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში” – წულუკიანი ომბუდსმენის წარმომადგენელს აკრიტიკებს

მასალების გადაბეჭდვის წესი