ახალი ამბები

“რამდენად კანონიერად არის მოპოვებული და დაარქივებული?” – ლომჯარია წულუკიანის ვიდეოზე

21 იანვარი, 2020 •
“რამდენად კანონიერად არის მოპოვებული და დაარქივებული?” – ლომჯარია წულუკიანის ვიდეოზე

სახალხო დამცველს აინტერესებს, რამდენად კანონიერად მოხდა იუსტიციის სამინისტროს მიერ ციხეში სახალხო დამცველის წარმომადგენლისა და პატიმრის შეხვედრის კადრების მოპოვება და დაარქივება.

პარლამენტში, ადამინის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ომბუდსმენის კრიტიკულ ანგარიშს განიხილავენ ციხეებთან დაკავშირებით, წულუკიანმა მიიტანა ვიდეო, სადაც მისი თქმით, ომბუდსმენის წარმომადგენლის პატიმართან შეხვედრაა ასახული. წულუკიანმა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი გააკრიტიკა ჩაცმულობისა და ქმედებების გამო. მოგვიანებით აღნიშნული ვიდეო პენიტენციურმა სამსახურმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ იუსტიციის სამინისტროს შენახული აქვს გასული წლის ზაფხულში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენლის მონაწილეობით გამართული შეხვედრის ამსახველი ვიდეო, მაშინ, როდესაც, როგორც წესი, ვიდეომასალები არასათანადო მოპყრობის შესახებ “წაშლილი აღმოჩნდება ხოლმე”.

“მე არ გამოვიყენებ იმ ტერმინებს, რასაც ქალბატონი თეა იყენებს – ტყუილს და არაპროფესიონალიზმს. ვიტყოდი, რომ მისი განცხადებები იყო ხშირ შემთხვევაში უტრირებული და არასწორი ფაქტები იყო მოყვანილი ჩვენი ანგარიშიდან. პირველ რიგში, მინდა შევეხო იმ გასულ კადრებს, რომლებიც უჩვენეს. პირველი კადრი იყო, თუ არ ვცდები, ზაფხულის, იმტომ, რომ ზაფხულის მერე ეს პირი ჩვენთან არ მუშაობს. თუმცა ჩემთვის უფრო საინტერესოა სხვა რამე – რის საფუძველზე მოხდა ამ ინფორმაციის დაარქივება და შენახვა, იმიტომ, რომ, როგორც წესი, როდესაც გვჭირდება ვიდეომასალები, მათ შორის, არასათანადო მოპყრობის თუ სხვა ფაქტების გამოძიებისთვის, აღმოჩნდება ხოლმე, რომ არ არის შენახული, ან არის წაშლილი, ან არ არის დაარქივებული. აღმოჩნდა, რომ ზაფხულის შემდგ იუსტიციის სამინისტრო ინახავს კადრებს. გვეცოდინება, რომ თქვენ თვეების განმავლობაში ინახავთ ინფორმაციას და სახალხო დამცველი აუცილებლად გამოითხოვს, რის საფუძველზე არის დაარქივებული და რამდენად კანონიერი იყო მისი მოპოვება და შენახვა”, – განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი გამოეხმაურა წულუკიანის კრიტიკას იმასთან დაკავშირებითაც, რომ უშუალოდ ნინო ლომჯარია ციხეებში არ შედის პატიმრებთან შესახვედრად.

“მივესალმები, რომ ასეთი მაღალი დაინტერესება გაქვთ ჩემი საქმიანობის და გადაადგილების მიმართ, თუმცა ციხეებთან უშუალო ურთიერთობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს პრევენციის ეროვნულ მექანიზმს, სახალხო დამცველს – დაახლოებით 20-წლიანი. და ჩვენ თქვენზე უკეთ ვიცით, როდის უნდა შევიდეს უშუალოდ სახალხო დამცველი, რა შემთხვევაში არ უნდა შევიდეს. ამას აქვს თავისი ახსნა და შეგვიძლია არასაჯარო ფორმატში მოგახსენოთ ჩვენი მეთოდოლოგია. მინისტრის გადასაწყვეტი და მისი გასარჩევი არ არის, სახალხო დამცველი რას და როდის აკეთებს. მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ კომპეტენტური და არგუმენტირებული დასკვნები”, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისი თქმით, იუსტიციის მინისტრმა ციხეებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშის განხილვა პოლიტიკური ტიპის დისკუსიაში გადაიტანა, რაც სახალხო დამცველის მიზანი არ ყოფილა.

“თქვენ ბევრი ისაუბრეთ თქვენი თავის შესახებ, მაგრამ მინდა გითხრათ, თქვენი პიროვნება ნამდვილად არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანია პოზიციები და არა პიროვნებები, ამიტომ ნამდვილად არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას, თქვენ იქნებით თუ სხვა მინისტრი მაშინ, როდის ვაქვეყნებ ანგარიშს”, – განაცხადა ლომჯარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი