ახალი ამბები

დეპუტატები პენიტენციური სამსახურის ექიმებს შეხვდებიან

18 ნოემბერი, 2021 • 1217
დეპუტატები პენიტენციური სამსახურის ექიმებს შეხვდებიან

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯვალაძე აცხადებს, რომ დღეს, 18 ნოემბერს, დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების ექიმებს შეხვდებიან. ამის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„იმ ფონზე, როდესაც სამედიცინო თემებთან დაკავშირებით ინფორმაციის დამატებითი წყაროები გაჩნდა, დღეს გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის, კომიტეტის ფორმატში, რომ ვიზიტი გვქონდეს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან. ძირითადად შეფასებითი ვიზიტი [იქნება] და მათ შორის ამ პეტიციასთან დაკავშირებით, რომ სწორი, მწყობრი პოზიცია გვქონდეს ჩამოყალიბებული. არის ასევე საუბრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომ ისინიც იყვნენ ჩართული პროცესში და ველოდებით მათგან თანხმობას და პოზიციას ამის ირგვლივ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც ბიუროზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, საუბარია საქართველოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა პეტიციაზე, რომელსაც ხელს აწერს 1383 მოქალაქე და შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიზნით მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 49-ე დღეა შიმშილობს.

ის მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

გუშინ, 17 ნოემბერს, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა კონსენსუსის საფუძველზე მოამზადა.

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თქმით, დასკვნა შედგება ორი ნაწილისგან: პირველი, საჯარო ნაწილი ეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას და რეკომენდაციებს, ხოლო მეორე ნაწილი არის კლინიკური გასინჯვების შედეგები, რაც დახურულია და მხოლოდ შესაბამის პირებს გააცნობენ.

რაც შეეხება გლდანის ციხის საავადმყოფოს აღჭურვილობას, ექიმთა შეფასებით, დაწესებულება ცუდად აღჭურვილი არ არის, 2 კვირის წინ გახნილია საკმაოდ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი რეანიმაციული ოთახი, გადაყვანილია მორიგე ბრიგადა რესპუბლიკური საავადმყოფოდან და დაწესებულებაში ყოველდღე მორიგეობს ზოგადი პროფილის (თერაპევტი ან ქირურგი) ერთი ექიმი, ერთი რეანიმატოლოგი და ერთი ექთანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი