ახალი ამბები

„საგზაო უსაფრთხოებისკენ ყველაზე დიდი ნაბიჯი სწორედ ახლა გადაიდგა“ — ექსპერტები

18 ნოემბერი, 2021 • 1576
„საგზაო უსაფრთხოებისკენ ყველაზე დიდი ნაბიჯი სწორედ ახლა გადაიდგა“ — ექსპერტები

სატრანსპორტო საკითხების ექსპერტები „საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში ცვლილებებს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის.

ამის შესახებ “საქართველოს საავტომობილო ფედერაციის” ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ და „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” თავმჯდომარემ, გელა კვაშილავამ დღეს, 18 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

კანონში ცვლილებები გულისხმობს, რომ 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო გახდება მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება. საუბარია მსუბუქ ავტომობილებზე, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან ყველასთვის სავალდებულო იქნება რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს მოპედების რეგისტრაციასაც. კერძოდ, მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება 2022 წლის 28 მარტიდან და, შესაბამისად, აუცილებელი იქნება მართვის მოწმობის ქონა, მანამდე კი ამ პროცესს ექნება ნებაყოფლობითი ხასიათი.

“მართვის მოწმობის გამოცდის გარეთ, ქუჩაში გამოტანა იმას ნიშნავს, რომ მძღოლს, რომელიც გამოცდას ჩააბარებს და მართვის მოწმობას აიღებს, იმდენი კვალიფიკაცია ექნება, რომ ქალაქში გადაადგილება შეძლოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

აქამდე რაც იყო, მართვის მოწმობას, ასე ვთქვათ, თვითმკვლელებს ვაძლევდით, ჩააბარებდა დაზეპირებულ, მცირე ზომის ტერიტორიაზე რაღაცას, ამის შემდეგ გამოდიოდა ქუჩაში და თავად იღებდა პრაქტიკას. ახალი ნაბიჯი აბსოლუტურად სწორია”, — განაცხადა მევლუდ მელაძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, კანონში შეტანილი ეს ცვლილება რეალურ შედეგს 3-4 წლის შემდეგ მოიტანს და ავტოავარიების რიცხვსა და ამის შედეგად გარდაცვალების მაჩვენებლებს შეამცირებს.

თუმცა, მელაძის შეფასებით, მხოლოდ ეს ნაბიჯი საკმარისი არ იქნება და საჭიროა ავტოსკოლების რეგულირებაც:

“ერთია, რომ გამოცდას ჩავაბარებთ, პრაქტიკული ნაწილი იქნება გარეთ, და მეორეა ის, თუ ვინ და როგორ გვასწავლის ამ ყველაფერს. ამას, რა თქმა უნდა, რეგულირება სჭირდება”, – განმარტა მან.

ამასთან, მელაძის განცხადებით, ავტომანქანების მძღოლებისთვის მართვის მოწმობის ასაღებად გართულებულ პრაქტიკასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში ცვლილება შევიდა მოპედებთან დაკავშირებითაც. მისი განმარტებით, ამ დრომდე მოპედები ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან არიან გათავისუფლებული და უგულებელყოფენ წესებს. 28 მარტიდან კი მოპედის მძღოლები, ვისაც საერთოდ არ აქვთ მართვის მოწმობა, ვალდებულები იქნებიან აიღონ “AM“ კატეგორიის მოწმობა.

“ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ყველა, ვინც მართვას ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებას, ვალდებული იქნება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ყველა წესი დაიცვას”, – განაცხადა მელაძემ.

კანონში შეტანილი ცვლილებები დადებითად შეაფასა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” თავმჯდომარემ, გელა კვაშილავამაც. მისი განცხადებით, გარდა იმისა, რომ ეს ცვლილება საქართველოში ავტოავარიების რიცხვს შეამცირებს, ასევე გარკვეული პერიოდის შემდეგ ქართველ მძღოლებს ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს:

“ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველოს, ზოგადად, მართვის მოწმობების კუთხით კანონმდებლობის დახვეწის ვალდებულება ჰქონდა. ეს პრაქტიკულ პირობებში გამოცდის გადატანას გულისხმობდა. მეორე პოზიტიური მხარე ისაა, რომ თუ გვინდა, ჩვენი მართვის მოწმობა ევროპაში იყოს აღიარებული, ამ კანონის მიღება მნიშვნელოვანი იყო.

იცით, ევროპაში რამხელა ბაზარია საქმიანობისთვის, მოგზაურობისთვის… ეს ცვლილება ჩვენი სატრანსპორტო სისტემის ევროპულ სივრცესთან კიდევ უფრო ინტეგრირებას შეუწყობს ხელს და გარკვეული დროის შემდეგ გვექნება საშუალება, რომ იქ ჩვენი მართვის მოწმობებით გადავაადგილდეთ”, – განმარტა კვაშილავამ.

ამასთან, მისი თქმით, ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” აკვირდებოდა ავარიების ტენდენციას და გამოიკვეთა, რომ ავტოავარიების 30% სწორედ გამოუცდელობასთან იყო დაკავშირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი