ახალი ამბები

კატარმა საქართველოში გაცემული მართვის მოწმობები აღიარა – შსს

14 სექტემბერი, 2022 •
კატარმა საქართველოში გაცემული მართვის მოწმობები აღიარა – შსს

კატარში ბინადრობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, ვისაც საქართველოში გაცემული მართვის მოწმობა აქვთ, კატარული მართვის მოწმობის აღებას ყოველგვარი დამატებითი ტესტების გარეშე შეძლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება კატარის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო და ცვლილება 14 სექტემბრიდან ამოქმედდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

“საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ კატარის ბინადრობის მოწმობას, ყოველგვარი დამატებითი ტესტირების და სავალდებულო სასწავლო კურსის გავლის გარეშე შეძლებენ საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის შეცვლას და შესაბამისი კატეგორიის კატარული მართვის მოწმობის აღებას”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

რაც შეეხება კატარში ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, შსს-ს განმარტებით, მათ დასჭირდებათ საქართველოს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ე.წ. საერთაშორისო მართვის მოწმობა. აღნიშნული მოწმობით სარგებლობას ისინი კატარში ჩასლიდან 3 თვის მანძილზე შეძლებენ.

შსს-ს განცხადებით, დაინტერესებულმა პირებმა მართვის მოწმობის შესაცვლელად კატარის საგზაო მოძრაობის დეპარტამენტის ცენტრალურ ოფისს უნდა მიმართონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი