პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც მართვის მოწმობის ვადამდე აღდგენის შესაძლებლობას აუქმებს. ასევე, ითვალისწინებს ერთჯერად ამნისტიას, რომელიც ათიათასობით ადამიანს ამ დროისთვის შეჩერებულ მართვის მოწმობას უბრუნებს

კანონპროექტის თანახმად, მართვის უფლების ვადამდე აღდგენის საშუალება აღარ ექნებათ იმ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს შემდეგი სამართალდარღვევები:

  • სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება (1152-ე მუხლი);
  • სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვასა და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებულ სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები (116-ე მუხლი);
  • საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა (123-ე მუხლი).

ამასთან, პროექტი ითვალისწინებს, რომ ის პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე აქვს ჩადენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე ან/და 123-ე მუხლებით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან, თუმცა ის მაინც მიიჩნევა სახდელდადებულად.

ადმინისტრაციული სახდელისგან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გასათავისუფლებლად პირს არ მოეთხოვება შესაბამისი ორგანოსთვის მიმართვა. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან გათავისუფლება უნდა აღსრულდეს 2026 წლის 1 თებერვლამდე.

გარდამავალი დებულებით ასევე განისაზღვრება, რომ ის პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე აქვს ჩადენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451 ან/და 1152 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან.

45-ე მუხლი ეხება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებას. 451-ე მუხლი — კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას, მოხმარებას ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნას, ხოლო 1152-ე მუხლი — სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებას.

ზემოაღნიშნულ შემთხვევაში შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენის თაობაზე პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართავს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა დასაშვებია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, რომ პირი აღარ არის მომხმარებელი.

გარდა ამისა, მათ, ვისაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე მართვის უფლება შეჩერებული აქვს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო, 2026 წლის პირველი იანვრიდან აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მართვის მოწმობას ხელახლა მიენიჭება 100 ქულა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებული სტატისტიკის თანახმად, დღეის მდგომარეობით შეჩერებულია სულ 35 445 მართვის მოწმობა, მათ შორის:

  • ალკოჰოლური თრობის საფუძვლით — 18 310;
  • საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ჩადენისა და შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის — 1 134;
  • ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის — 3 504;
  • ქულების ამოწურვისთვის — 781;
  • სისხლის სამართლის დანაშაულისათვის გამოტანილი განაჩენის საფუძვლით — 327;
  • სხვა მიზეზებით, მათ შორის წინა ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის
    გამო — 11 389.

მომხსენებელმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე კანონპროექტი ირაკლი კობახიძის პარლამენტისადმი მიმართვის შემდეგ მომზადდა. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური და აკაკი ალადაშვილი.