ახალი ამბები

ზურაბიშვილის აზრით, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა “რთულად განსახორციელებელია”

17 ნოემბერი, 2021 •
ზურაბიშვილის აზრით, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა “რთულად განსახორციელებელია”

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულყოფილი ინფორმაცია გაავრცელოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და გლდანის ციხის კლინიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში “გამოინახოს ალტერნატიული გამოსავალი”.

“ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ინფორმაცია პრეზიდენტის თუ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ მიეკუთვნება საჯარო და არა პირად მონაცემებს, იწვევს განსაკუთრებულ საზოგადოებრივ ინტერესებს, რამეთუ პრეზიდეტების ჯანმრთელობა, პირდაპირ თუ ირიბად, სახელმწიფოს ეხება და შესაძლოა, გავლენა იქონიოს სახელმწიფოს სტაბილიზაციაზე. ქვეყნის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მიიღო შიმშილობის გადაწყვეტილება და თავად ცდილობს მართოს ეს პროცესი, ეს არ ხსნის და არც ამცირებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებით ყველაზე დაინტერესებული ხელისუფლება უნდა იყოს და, ვფიქრობ, კიდევაც არის. საზოგადოებას უფლება აქვს, ჭორების, ცრუ და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის და სპეკულაციის ნაცვლად, ყოველდღიურად მიიღოს სრულყოფილი, მიუკერძოებელი, სანდო და დეტალური ინფორმაცია შიმშილობის, კვების, ანალიზების შესახებ. ეს არის ხელისუფლების ვალდებულება და მივმართავ მას, დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ ვალდებულების სრულად შესრულებას”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი, როგორც სხვა რიგითი პატიმრები, გადაყვანილი იყოს სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში.

“ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი ისე, რომ არ გააჩნიათ რეალური წარმოდგენა, თუ რას ნიშნავს ეს, ან რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული. თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, მაშინ უნდა შევთანხმდეთ, რომ ის შესაძლებლობა, რაც რიგით პატიმრებს ეძლევათ, რომ გადაყვანილი იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია მრავალი შესაძლო საფრთეებიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც ურთულესია. ამავე დროს, ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, რათა არ გაჩნდეს კითხვა და ეჭვი, რომ რამე დააკლეს მის მკურნალობას შიმშილობისას თუ არანაკლებ საშიშ ეტაპზე — შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ. ამიტომ ამ მიმართულებითაც ნათელი უნდა მოეფინოს ობიექტურ საჭიროებებს და პრეტენზიებს — რა სტანდარტების დაცვა მოეთხოვება უცხოეთში პენიტენციური სისტემის კლინიკებს, სადაც მკურნალობენ მოშიმშილე პატიმრები. ანუ სამედიცინო დანადგარების ნუსხა, რითიც უნდა იყოს აღჭურვილი დაწესებულება, სადაც პატიმარი გააგრძელებს მკურნალობას. ხელისუფლებას ევალება, რომ საზოგადოებას აცნობოს, კონკრეტულად არსებული დაწესებულება აკმაყოფილებს თუ არა ამ სტანდარტებს — ნუსხა არის საჭირო — და თუ არა, მოინახოს ალტერნატიული და უსაფრთხო გამოსავალი, ვინაიდან საზოგადოებაში ეს საკითხი მღელვარებას იწვევს”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ევალება ყველა ზომის მიღება, ყველა ინფორმაციის გაცემა და საფრთხის გათვალისწინება, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს საზოგადოების თუ ქვეყნის სტაბილურობაზე.

სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროს უწოდებს, რომ ექიმთა კონსილიუმს არ მიეცა საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნავს სახალხო დამცველის ინიციატივას სამედიცინო ჯგუფის შექმნის შესახებ.

“ინფორმაციის ნაკლებობა თავისთავად კვებავს მღელვარებას. არ შეიძლება, ამ ვითარებაში არ გამოვთქვა წუხილი, რომ ზოგი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული გამომწვევი განცხადებები საზოგადოებაში მეტ გაუგებრობას, დაძაბულობას თუ გაღიზიანებას იწვევს. ქვეყნის სიმშვიდისა და დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად იქნას გააზრებული ნებისმიერი სიტყვა თუ ქმედება, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა შესაძლო პროვოკაცია და დაპირისპირების მცდელობები. ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია და რომლის მიზანი ევროინტეგრაციაა, განსაკთრებული დაკვირვების და საფრთხის ქვეშაა. ამიტომ ნებისმიერი პროვოკაცია, სპეკულაცია და დესტაბილიზაცია, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, ითხოვს მყისიერ, დაფიქრებულ და გონივრულ რეაგირებას”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 48-ე დღეა შიმშილობს.

ის მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი