ახალი ამბები

2018 წლის ტოლერანტობის ქომაგები გამოვლინდნენ

16 ნოემბერი, 2018 • 3931
2018 წლის ტოლერანტობის ქომაგები გამოვლინდნენ

დღეს, 16 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრის ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ყოველწლიური ტოლერანტობის ქომაგის ჯილდოს მფლობელები დაასახელეს, რომელთა შორის “ბათუმელებიც” არის.

ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გადაეცათ:

[checklist]

  • იოჰანეს დუმა, ჰოლანდიის ელჩი საქართველოში;
  • მონაზონი სიდონია;
  • ვიტალი საფაროვი, 24 სექტემბერს თბილისში შესაძლო ქსენოფობიურ ნიადაგზე მოკლული უფლებადამცველი;
  • ნათია კაპანაძე, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი;
  • სოფიო სიჭინავა, ცესკოს კოორდინაციის დაგეგმვის და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი;
  • ვაჟა ვარდიძე, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, თეოლოგი;
  • ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის ცენტრი;

[/checklist]

მედიაორგანიზაციები, რომლებსაც ქომაგის ჯილდო გადაესცეს:

[checklist]

  • ბათუმელები;
  • მარნეულის სათემო რადიო;
  • პანკისის სათემო რადიო WAY.

[/checklist]

სპეციალური ჯილდოს მფლობელები:

[checklist]

  • გარი აუგუსტი, ქართველ გერმანელთა სათვისტომოს​ ხელმძღვანელი;
  • რეგინა იაკობიძე, ლატვიის სათვისტომოს თავმჯდომარე.

[/checklist]

სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მიმდინარე ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ასევე რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები ესწრებიან.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საუბარი დაიწყო იმ ადამიანებზე, რომლებიც დღევანდელ ღონისძიებას ვერ ესწრებიან. მან ამ კონტექსტში ახსენა ვიტალი საფაროვი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, სავარაუდოდ, სწორედ სიძულვილის ნიადაგზე მოკლეს.

ნინო ლომჯარიამ ასევე ისაუბრა აზერბაიჯანში დაკავებულ სასულიერო ლიდერზე, მირტაგ ასადოვიზე და აღნიშნა, რომ ყველაფერს აკეთებს ომბუდსმენი მის დასახმარებლად. სახალხო დამცველი იგივეს გაკეთბისკენ მოუწოდებს ხელისუფლებასაც.

ღონისძიება საქართველოს სახალხო დამველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ორგანიზებით იმართება.

  • 2011 და 2016 წლებში ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო ნეტგაზეთმაც მიიღო

შპს “გაზეთი ბათუმელები” 2001 წელს ბათუმში დაფუძნდა, რომელიც 2016 წლამდე ყოველკვირეულ დამოუკიდებელ გაზეთს გამოსცემდა. 2016-17 წლებში “ბათუმელები” ყოველთვიურად ანალიტიკურ და დამოუკიდებელ ჟურნალს გამოსცემდა, ხოლო 2018 წლიდან სრულად გადავიდა ინტერნეტში. “ბათუმელების” დაარსებულია ვებ-გვერდები: netgazeti.ge (თბილისი) და batumelebi.ge (ბათუმი).

პროექტი “უჩინარები”, რომლის გამოც ნეტგაზეთმა 2016 წელს ტოლერნატობის ქომაგის ჯილდო მიიღო, 10 მულტიმედიური მასალისგან შედგება, რომელშიც ზეპირი ისტორიებისა და გადაცემების მეშვეობით ამა თუ იმ უმცირესობათა თუ დაუცველი ჯგუფების პრობლემებია გაანალიზებული. ნეტგაზეთმა ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო პირველად 2011 წელს, საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეიტანისთვის მიიღო.

რაც შეეხება “ბათუმელების” წლევანდელ ჯილდოს, როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა თქვეს, “ბათუმელები” არის იმ გამონაკლის მედიასაშუალებებს შორის, რომელიც მუდმივად აძლევს უმცირესობებს საშუალებას, ისმოდეს მათი ხმა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა წლებში “ბათუმელების” პროექტებს მიუღიათ მსგავსი ჯილდო, როგორც ორგანიზაცია, ისე არასდროს ყოფილა დაჯილდოებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი