ახალი ამბები

ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

9 თებერვალი, 2010 •
ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

მე, ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე, პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რადგან დღევანდელ საქართველოში ჩემი პროფესიული საქმიანობა იზღუდება და საფრთხე ექმნება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების თავისუფლებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

ეს უმძიმესი გადაწყვეტილება განპირობებულია ხელისუფლებისგან გამოვლენილი პირდაპირი, აგრესიული მუქარით, რომლის მიხედვითაც არაორაზროვნად მიმანიშნეს, რომ ჩემი საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში ჩემი ან ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლე დადგებოდა საფრთხის ქვეშ.

მუქარა მოჰყვა ბატონ პაატა ზაქარეიშვილთან და ქალბატონ მანანა მებუკესთან ერთად ცხინვაში ვიზიტს. სადაც მივიღე მნიშვნელოვანი მასალა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ზეწოლა დაიწყო სახელისუფლებო ტელევიზიების მიერ წარმოებული ღია კამპანიით, რასაც მოჰყვა ქუჩაში დახვედრა და ხელისუფლების სახელით მკაცრი მუქარა. დევნა და თვალთვალი იქამდე მივიდა, რომ თბილისიდან ჟენევაში გამომგზავრებისას თბილისის აეროპორტში გამთენიის 4 საათზე „გაცილება“ მომიწყო კუდის თითქმის მთელმა შემადგენლობამ მისი ყველაზე ცნობილი სახეების მონაწილეობით. იმის გამო, რომ დევნის საქმე დეტალურად იქნება შესწავლილი და გამოძიებული, უფრო დეტალური ინფორმაციის და მტკიცებულებების საჯარო გამჟღავნებისგან თავს ვიკავებ.

დოკუმენტური ფილმი, რომლის გამოც განხორციელდა მუქარა, ასახავს ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებს და ვფიქრობ, ეს ინფორმაცია უაღრესად საინტერესოა საქართველოს საზოგადოებისთვის. ჩემთვის უცნობია, კონკრეტულად რომელი ინფორმაცია შეიძლებოდა ყოფილიყო განსაკუთრებულად მტკივნეული საქართველოს ხელისუფლებისთვის, მაგალითად ის, რომ ომამდე ორი დღით ადრე 6 აგვისტოს სახელმწიფო მინისტრი ცხივნალის ხელისუფლებას უთანხმებდა პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომლის ალანა გაგლოევას ბებიის ცხინვალიდან ევაკუაციის საკითხს, როცა, სრულიად დაუცველი ქართული მოსახლეობა ხელში შეატოვა რუსეთის არმიას, თუ ჩემს ხელთ არსებულმა რაიმე სხვა ინფორმაციამ აღძრა ხელისუფლების ჩემი მისამართით. თავშესაფრის მოთხოვნა ერთადერთი გარანტირებული გზა იყო, რომ ფილმი დასრულებულიყო იმ სახით რა სახითაც მას საზოგადოება აუცილებლად ნახავს.

დაბოლოს, ამ ხელისუფლების წარმომადგენლების შესაძლებლობებზე ჩემი ცოდნა და წარმოდგენა მაიძულებდა თავშესაფრის მოთხოვნით და ამ განცხადებით შემექმნა ერთადერთი გარანტია იმისა, რომ ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოება დაცული იქნებოდა. ამასთან ერთად, დღევანდელი საკომუნიკაციო შესაძლებლობების გამოყენებით ყველაფერს გავაკეთებ, იმისათვის, რომ ბოლოსდაბოლოს დადგეს ის დრო, როცა საქართველო აღარ იქნება განდევნილი ადამიანების სამშობლო.

ვახტანგ კომახიძე არის გამომძიებელი ჟურნალისტი. სტუდია “რეპორტიორის” დამფუძნებელი;

მასალების გადაბეჭდვის წესი