ახალი ამბები

რა წერილი მისწერა სააკაშვილმა უკრაინის ომბუდსმენს

16 ნოემბერი, 2021 •
რა წერილი მისწერა სააკაშვილმა უკრაინის ომბუდსმენს

უკრაინის სახალხო დამცველი ლიუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრომ გაუგზავნა განმარტება, თუ რის გამო არ შეუშვეს სააკაშვილის მოსანახულებლად, თუმცა არ მიუღია პასუხი მინისტრთან, გლდანის ციხის დირექტორთან და მთავარ ექიმთან შეხვედრის თხოვნასთან დაკავშირებით.

დენისოვამ 16 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, უარი მიიღო მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე გლდანის ციხის საავადმყოფოში. მისი თქმით, უარზე ოფიციალური პასუხი ჯერ კიდევ მზადდებოდა.

როგორც დენისოვამ 15:30 საათზე ფეისბუკზე დაწერა, მიიღო ოფიციალური განმარტება იუსტიციის სამინისტროსგან, რომლის თანახმადაც, „სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც კვლავ უარს აცხადებს სასიცოცხლო სამედიცინო სერვისების მიღებაზე, … პენიტენციურ დაწესებულებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უფლება აქვს, დაუშვას ვიზიტორები, რომელთა დაშვების უფლებასაც იძლევა საქართველოს კანონმდებლობა, პატიმრობის კოდექსი“.

მანამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა ციხეში და ამიერიდან მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულ პირებს შეუშვებენ, რომელთა შორის არ არიან უკრაინელი დეპუტატები ან სახალხო დამცველი.

„ჩემს თხოვნაზე, შევხვედროდი მე-18 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელს და მთავარ ექიმს, პასუხი არ მიმიღია“, – წერს უკრაინის სახალხო დამცველი.

დენისოვამ ასევე დაწერა, რომ სააკაშვილმა ადვოკატის ხელით გაუგზავნა წერილი, სადაც ექსპრეზიდენტი წერს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.

„დაწესებულებაში, სადაც სააკაშვილი იმყოფება, არ არის სათანადო სამედიცინო აღჭურვილობა, მათ შორის, ექიმის გამოსაძახებელი ღილაკიც კი. სამედიცინო კონსილიუმსა და პირად ექიმს მასთან არ უშვებენ“, – წერს იგი.

დენისოვასთვის გაგზავნილ წერილში სააკაშვილი „ისტორიულ სირცხვილს“ უწოდებს მის არშეშვებას და წერს:

„დაწესებულება, რომელშიც მომათავსეს, არ არის საავადმყოფო. საავადმყოფო აპარატურით (ოღონდ, არა მულტიპროფილური) მდებარეობს სხვა ფლიგელში, სადაც სისხლის სამართლის დამნაშავეები იმყოფებიან“.

წერილში სააკაშვილი ასევე წერს, რომ „დამნაშავეები/კრიმინალები უყვიროდნენ თქვენს კონსულს – შეგიძლიათ მას ჰკითხოთ, – და მეც მიყვირიან 24/7-ზე“.

„დღეს უკვე მესამედ არ დამიშვეს ჩემსავე სასამართლო პროცესზე“, – წერს ასევე ექსპრეზიდენტი.

„მე ვრჩები უკრაინის ერთგულ და ლოიალურ მოქალაქედ და ძალიან განვიცდი იმ მოვლენებს, რაც ჩვენს საზღვართან ხდება [პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალებია მობილიზებული — რედ.] და ძალიან მინდა, იქ ვიყო“.

„ასევე, გთხოვთ გაამხნევოთ [სახალხო დამცველი ნინო] ლომჯარია, ის ყველაფერს სწორად ამბობს და მას მუდმივად ესხმიან თავს, ვშიშობ, არ შეშინდეს“, – წერს სააკაშვილი.

„რაც შეეხება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, სამი დღეა ლოგინიდან პრაქტიკულად არ ვდგები. წნევა დახტის — ძალიან დაბლიდან რეკორდულად მაღალზე. ერთ მომენტში კალიუმი 26-მდე დაეცა, შემდეგ ჩემმა ექიმმა ტაბლეტებით მისი სტაბილიზაცია მოახერხა. რადგან მას აღარ უშვებენ, შევწყვიტე მათი მიღება. ჩემს პალატაში არათუ აპარატურა, არამედ ექიმის გამოძახების ღილაკიც არაა“, – წერს ექსპრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი