„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბეჟან წაქაძე „ფორმულასთან“ აცხადებს, რომ შიმშილობა საქმეს რომ შველოდეს, თავადაც იშიმშილებდა ეკონომიკის სამინისტროსთან საქართველოს ეკონომიკის შვეიცარიის დონეზე აყვანის მოთხოვნით.
დეპუტატს ჟურნალისტმა ჰკითხა, უნდა გადაიყვანონ თუ არა მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, რაზეც წაქაძემ უპასუხა, რომ თუ პატიმარს რაიმე დასჭირდება, შესაბამისი დახმარება გაეწევა:
„თუ რამე დასჭირდება, რა თქმა უნდა, იქნება [რეაგირება]. [რეაგირება] გვიანი არ იქნება იმიტომ, რომ არ შიმშილობს ეს ადამიანი. [შიმშილობას] არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. შიმშილობა რომ შველოდეს, მეც დიდი სიამოვნებით დავჯდებოდი ეკონომიკის სამინისტროსთან საშიმშილოდ და თურნავას მოვთხოვდი, სანამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ იქნება შვეიცარიის ეკონომიკის დონეზე, მანამდე არ შევწყვეტ შიმშილობას-მეთქი“ ,- ამბობს ბეჟან წაქაძე.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა შიმშილობს.
ის მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. სახალხო დამცველმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო არ შეეფერება ექიმთა კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.