ახალი ამბები

ევროპისა და აზიის ქვეყნების ნაწილში ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქებაა

16 ნოემბერი, 2021 • 1458
ევროპისა და აზიის ქვეყნების ნაწილში ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქებაა

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (OIE) ბოლო დღეების განმავლობაში ფრინველის გრიპის ვირუსის არაერთი მწვავე აფეთქება დააფიქსირა ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში, რაც ვირუსის სწრაფად გავრცელებაზე მიანიშნებს. ინფორმაციას TheGuardian ავრცელებს.

ფრინველის გრიპის გავრცელება მნიშვნელოვანი საგანგაშო სიგნალია ფრინველთა ხორცისა და კვერცხის მწარმოებელი ფერმერებისთვის, რადგან წარსულში ვირუსის გავრცელებას ათობით მილიონი ფრინველი ემსხვერპლა.

გრიპის გავრცელება ეპიდემიოლოგთა განსაკუთრებულ ყურადღებასაც იქცევს, რადგან შესაძლებელია, რომ ვირუსი ფრინველიდან ადამიანსაც გადაედოს. ჩინეთმა წელს უკვე დააფიქსირა ადამიანის ფრინველის გრიპით ინფიცირების 21 შემთხვევა, რაც უკვე აღემატება 2020 წლის მონაცემს.

სამხრეთ კორეაში, ვირუსის მის სიახლოვეს გავრცელების გამო, დახოცეს ფერმის 770 000-ვე ფრინველი.

OIE-ს თანახმად, ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ვირუსის H5N8 ტიპი ვრცელდება, ხოლო ევროპის ცალკეულ ქვეყნებში, მათ შორის, ნორვეგიაში –H5N1-იც.

საფრანგეთმა, ბელგიამ, ნიდერლანდებმა და დიდმა ბრიტანეთმა, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ფერმების მფლობელებსა და ფრინველთა გადამყვან კომპანიებს გამკაცრებული ბიოსანიტარული ზომები დაუდგინეს.

ფოტო გარეკანზე: Kyodo/Reuters

მასალების გადაბეჭდვის წესი