ახალი ამბები

პოლიტიკური მიზნებისათვის ჩვენი ქვეყნის შიდა მდგომარეობა არავის უნდა გამოვაყენებინოთ – ქადაგიშვილი უკრაინის ომბუდსმენზე

16 ნოემბერი, 2021 • 980
პოლიტიკური მიზნებისათვის ჩვენი ქვეყნის შიდა მდგომარეობა არავის უნდა გამოვაყენებინოთ – ქადაგიშვილი უკრაინის ომბუდსმენზე

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის სახალხო დამცველის მიხეილ სააკაშვილთან არშეშვებაზე ამბობს, რომ პოლიტიკური მიზნებისათვის საქართველოს შიდა მდგომარეობა არავის უნდა გამოაყენებინონ.

მისი თქმით, საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, მიმართ ყველამ უნდა გამოხატოს პატივისცემა.

„ჩვენ ყველამ უნდა გავიგოთ ის, რომ სააკაშვილი არ სცემს პატივს იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტიც იყო, ეს არ უნდა გახდეს წესი და რიგი, ანუ საქართველო ყველას ფეხების შესაწმენდი ქვეყანა არ არის. უკრაინის დეპუტატი იქნება თუ სახალხო დამცველი, კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და პოლიტიკური მიზნებისათვის ჩვენი ქვეყნის შიდა მდგომარეობა არავის უნდა გამოვაყენებინოთ. ამიტომ მან უნდა მიმართოს სახელმწიფოსაც და შესაბამისი პროცედურებიც გაიაროს. შესაბამისი პატივისცემა უნდა გამოხატოს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ჩამოვიდა, გლდანში, ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში არ შეუშვეს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა უკრაინის ომბუდსმენის საქართველოში ვერ ახერხებს სააკაშვილთან შეხვედრას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ გლდანში, ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად თავად სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით არ შეუშვეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 47-ე დღეა შიმშილობს. ის პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მიუხედავად ექიმთა კონსილიუმის მოწოდებისა, რომ სააკაშვილი გადაეყვანათ მულტიფუნქციურ კლინიკაში, ხელისუფლება ამ დრომდე უარს ამბობს აღნიშნულზე და ირწმუნება, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულება ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით კი ეს ასე არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი