თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ ციხის ადმინისტრაცია ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევდა.
ბოკუჩავას თქმითვე, მისთვის მიზეზი არავის განუმარტავს.
„ფაქტია, ამას ვერ ვიტყვი ამ ციხის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელზე, იმიტომ, რომ იქ არიან თანამშრომლები, რომლებიც ნამდვილად კეთილსინდისიერი პროფესიონალები არიან და რომლებიც შეწუხებული არიან დღევანდელი მდგომარეობით. მაგრამ ასევე ფაქტია, რომ ამ ციხის ადმინისტრაციაში არიან მწვალებლები, უბრალოდ, სადისტები, რომლებიც არ მაძლევდნენ ციხის შენობის დატოვების შესაძლებლობას. ზუსტად დროის მონაკვეთი ვერ განვსაზღვრე, მაგრამ ეს ალბათ იყო 2 საათის განმავლობაში.
პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრა საკმაოდ მალე დავასრულე, იმიტომ, რომ კონკრეტულ საქმეზე უნდა გვესაუბრა. რა თქმა უნდა, მან მოიკითხა მოშიმშილეები, უპირველეს ყოვლისა ელენე ხოშტარია, რომლის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. მაგრამ ჩვენ საუბარი გვქონდა ერთ კონკრეტულ საქმეზე და, შესაბამისად, შეხვედრა დასრულდა მალე.
შემდგომ ციხის ადმინისტრაცია არ მაძლევდა შენობის დატოვების შესაძლებლობას. ჯერ საავადმყოფოს თავად შენობიდან ვერ გამოვდიოდი გარკვეული შეფერხების გამო, რომლის მიზეზიც მე ვერ გავიგე, შემდეგ კორესპონდენციის გამოტანის საშუალებას არ მაძლევდნენ, განმიმარტეს, რომ შეადგენენ ოქმს აღნიშნულთან დაკავშირებით და საათზე მეტი ადგენდნენ რაღაც გაუგებარ ოქმს“,- თქვა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან.
რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბოკუჩავამ თქვა, რომ ამაზე ვრცლად არ ისაუბრებს, თუმცა – „მე შემიძლია გითხრათ, რომ ის გამოიყურება სუსტად, არის ძალიან ფერმკრთალი“.
ბოკუჩავასთან ერთად დღეს მიხეილ სააკაშვილი უნდა მოენახულებინა მის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს. თუმცა ციხეში არ შეუშვეს.
ვრცლად:
ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სააკაშვილთან ციხეში არ შეუშვეს