ახალი ამბები

ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სააკაშვილთან ციხეში არ შეუშვეს

16 ნოემბერი, 2021 • 1349
ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სააკაშვილთან ციხეში არ შეუშვეს

მიხეილ სააკაშვილის ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში არ შეუშვეს.

ის დღეს დეპუტატ თინა ბოკუჩავასთან ერთად მე-18 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა. თუმცა, როგორც ჟურნალისტებთან თავად განაცხადა – რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, სააკაშვილთან ვიზიტზე არ შეუშვეს.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხედავს თუ არა რაიმე საეჭვოს იმაში, რომ არც მას და არც კონსილიუმს სააკაშვილთან არ უშვებენ, ის პასუხობს:

„უკვე შეიძლება ეჭვიანობა დავიწყო, რადგან გუშინ უნდა შევსულიყავი კონსილიუმთან ერთად, რადგან ბატონი პრეზიდენტი ვნახე ზუსტად 5 წუთით. და იმიტომ ვნახე 5 წუთით, რომ ვუთხარი, გავალ და კონსილიუმთან ერთად შევიდოდი. მაგრამ ეს არ მოხდა“,  – თქვა ყიფშიძემ ჟურნალისტებთან.

მანამდე ყიფშიძემ „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, რომ დაახლოებით 5 საათი ელოდებოდა პასუხს ციხის ადმინისტრაციისგან.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. სახალხო დამცველმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო არ შეეფერება ექიმთა კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი ორი ვიდეო 11 ნოემბერს გაავრცელა.

პირველ ვიდეოში ჩანს მიხეილ სააკაშვილის იძულებითი გადაყვანის კადრები. ვიდეოს ხმა არ აქვს და, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

მეორე ვიდეო ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. კადრებში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.

მასალების გადაბეჭდვის წესი