ახალი ამბები

არ შეიძლება სიკვდილის ქრონიკის თანამონაწილეები გავხდეთ – გია გვარამია სააკაშვილზე

14 ნოემბერი, 2021 • 1435
არ შეიძლება სიკვდილის ქრონიკის თანამონაწილეები გავხდეთ – გია გვარამია სააკაშვილზე

ექიმი გია გვარამია უერთდება მოწოდებას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე და განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია ვრცელდება, თუ როგორ მძიმდება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

“დამაბნეველია, რომ ოფიციოზი სხვა ინტერპრეტაციას აკეთებს, მაგრამ შიმშილობის ასეთი ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ცხადია, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო უნდა იყოს.

ვეთანხმები მოწოდებას, რომ დუმილი ამ დროს შეუძლებელია, არ შეიძლება სიკვდილის ქრონიკის თანამონაწილეები გავხდეთ, ვინც არ უნდა იყოს პაციენტი. სახელმწიფო ვალდებულია, ნებისმიერ ადამიანს აღმოუჩინოს სათანადო დახმარება და უზრუნველყოს მისი სიცოცხლის ღირსეული შენარჩუნება. აღარ არის ნიშნისმოგების დრო, ახლა მთავარია გადავარჩინოთ სიცოცხლე, ადამიანურად მოვეპყროთ პაციენტს და კიდევ ერთი მძიმე ლაქა არ დავტოვოთ ქვეყნის ისტორიაში.

მივმართავ ყველა იმ ექიმს, ვისაც შეიძლება ჰქონდეს კონტაქტი მოშიმშილე პრეზიდენტთან, გაგვაგებინეთ რა ხდება, ვის დავუჯეროთ და რისი მოლოდინი გვქონდეს. ნუ მიიღებთ ადამიანის და ქვეყნის ტრაგედიაში მონაწილეობას”, – წერს გვარამია.

სააკაშვილი 45-ე დღეა შიმშილობს. ის ამჟამად გლდანის ციხის საავადმყოფოს, პალატაში იმყოფება, სადაც ის რუსთავის #12 დაწესებულებიდან 8 ნოემბერს გადაიყვანეს. როგორც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, ის მოტყუებით მიიყვანეს გლდანის ციხესთან, რადგან მას ეგონა, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წუხელ კომენტარი გააკეთა მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ. მისი თქმით, დღეს იყო პირველი დღე, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი თავს იმდენად სუსტად გრძნობდა, რომ მთელი დღე ლოგინიდან არ ამდგარა.

მოგვიანებით კი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გააკეთა განცხადება. უწყების განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის რეანიმაციაში გადაყვანას არ საჭიროებს.

გლდანის ციხეში სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ 12 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში არა საავადმყოფოში, არამედ ცალკე სპეციალურად მისთვის გაკეთებულ პალატაშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა არ არის.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მას დროულ დახმარებას ვერ აღმოუჩენენ, არსებობს სხვა რისკებიც, მაგალითად ის, რომ მას მხოლოდ ერთი ადამიანი იცავს, რომელსაც, როგორც ხერხეულიძე ამბობს, იარაღიც კი არ აქვს.

ეკა ხერხეულიძე სააკაშვილთან 12 ნოემბერს იმყოფებოდა. მისი თქმით, 4.5 საათიანი ვიზიტისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ორჯერ გახდა ცუდად.

მასალების გადაბეჭდვის წესი