ახალი ამბები

იმედა კლდიაშვილმა შიმშილობა დაიწყო

13 ნოემბერი, 2021 • 2092
იმედა კლდიაშვილმა შიმშილობა დაიწყო

“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრმა, იმედა კლიდაშვილმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

პარტიის განმარტებით, კლდიაშვილმა შიმშილობის გადაწყვეტილება დღეს მიიღო. ის გუშინ, ქუთაისში, სუს-ის შენობასთან დააკავეს.

მას და პარტიის სხვა წევრებს სხვადასხვა ქალაქში უწყების შესასვლელები მანქანებით ჰქონდათ ბლოკირებული. მათ ავტომანქანების მინებზე პლაკატები ჰქონდათ გაკრული, წარწერებით “სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2%-იანი ბარიერით”, “რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულზე”, და ასევე- “კომენტარს არ ვაკეთებ, მიმართეთ პრესსამსახურს”. პარტიის წარმომადგენლები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასაც ითხოვდნენ.

მათ შორის იყო “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც, რომელიც არ დააკავეს, თუმცა 200 ლარით დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 10 პირი დააკავეს.

ზურა ჯაფარიძე დააჯარიმეს, მისი 10 თანაგუნდელი კი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი