30 სექტემბრის ღამეს დააკავეს აქტივისტი გელა ხასაია, რომელიც “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრია.
შს სამინისტრომ განაცხადა, რომ ხასაია ბრალდებულის სახით დააკავა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.ხ. და 1998 წელს დაბადებული ვ.ქ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1975 წელს დაბადებულ რ.ჩ-ს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.ხ. და ვ.ქ.
ბრალდებულების სახით დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს 30 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
წუხელ, დაკავების შემდეგ ხასაია პოლიციის დიღმის მე-3 სამმართველოს იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც გვიან ღამით მისი მხარდამჭერებიც მივიდნენ.
ხასიას ადვოკატ ომარ ფირცელაძის განცხადებით, საქმე შეიძლება ეხებოდეს 1 სექტემბერს თბილისში, სადგურის მოედნზე მომხდარ ინციდენტს, რომლის მონაწილეც ხასაია არ ყოფილა, თუმცა შეესწრო.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გელა ხასაიას აკავებენ – 2025 წლის 16 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ “კოალიცია ცვლილებებისთვის” შემავალ პარტიის “გირჩი – მეტი თავისუფლება” წევრს 12- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მაშინ ხასაია პოლიციამ 31 მარტს პარლამენტთან მიმდინარე პროევროპული აქციის დროს პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობაში დაადანაშაულა და დააკავა.
სასამართლომ პატიმრობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევის საბაბით შეუფარდა.
“ნეტგაზეთი” ცდილობს ხასაიას დაკავების დეტალების დადგენას და ინფორმაცია განახლდება.
