ახალი ამბები

ზურა ჯაფარიძე დააჯარიმეს, მისი 10 თანაგუნდელი კი დააკავეს

12 ნოემბერი, 2021 • 1215
ზურა ჯაფარიძე დააჯარიმეს, მისი 10 თანაგუნდელი კი დააკავეს

“გირჩი — მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სუს-ის შესასვლელების ჩაკეტვისთვის 200 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დღეს, 12 ნოემბერს, ჯამში, 10 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს. რაც შეეხება ჯაფარიძეს, შსს-ს ცნობით ის სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით დააჯარიმეს, რაც 200 ლარიან ჯარიმას გულისხმობს.

ამასთან, ჯაფარიძის თქმით, ის არ დააკავეს, რადგან დეპუტატის მანდატი აქვს:

„გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვისო, დამაჯარიმეს 200 ლარით. გარდა ამისა, 173-ე მუხლით მიმდინარეობს წარმოება დაუმორჩილებლობაზეო, ოღონდ რას არ დავემორჩილე, არ ვიცი იმიტომ, რომ მათი არანაირი ბრძანება არ გამიგია, მანქანაში ვიჯექი. პლუს, მანქანა საჯარიმოზეა გადმოყვანილი და ალბათ, დამატებითი თანხაა გამოყვანისას კიდევ გადასახდელი.

მე ვერ დამაკავეს იმის გამო, რომ მიუხედავად დეპუტატის მანდატზე ორჯერ უარის თქმისა, საკითხისთვის კენჭი არ უყრიათ და ამ დრომდე დეპუტატი ვარ.  საქართველოს 5 ქალაქში ასევე დააკავეს ჩემი მეგობრები“, – განმარტა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, საჯარიმო სადგომზე გადაყვანის შემდეგ საკუთარი ნებით გადმოვიდა ავტომობილიდან.

დღეს, 12 ნოემბერს, 12 საათიდან, საქართველოს 6 ქალაქში „გირჩი-მეტი თავისუფლების“ პოლიტიკოსებმა სუს-ის შენობების შესასვლელები მანქანებით ჩაკეტეს. გორში სუსის შენობის შესასვლელი ჩახერგილი ჰქონდა ბადრი გრიგალაშვილს, თბილისში – ზურა ჯაფარიძეს, ბათუმში – თემურ გორგაძეს, ქუთაისში – იმედა კლდიაშვილს, რუსთავში – ირაკლი კუკანიას და თელავში – ტორესა მოსს.

მათ ავტომანქანების მინებზე პლაკატები ჰქონდათ გაკრული, წარწერებით “სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2%-იანი ბარიერით”, “რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულზე”, და ასევე- “კომენტარს არ ვაკეთებ, მიმართეთ პრესსამსახურს”. პარტიის წარმომადგენლები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასაც ითხოვდნენ.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სისტემას ადამიანების ინდივიდუალური პროტესტი დაამარცხებს. ამის შესახებ ჯაფარიძემ „გირჩი ტვ-სთან“ განაცხადა:

“საბოლოო ჯამში, ამ სისტემას დაამარცხებს ადამიანების ინდივიდუალური პროტესტი, ამის მჯერა მე და ყველას შეუძლია რაღაცის გაკეთება. თუ მართლა მოინდომებ, მილიონი რამის მოფიქრება და გაკეთება შეიძლება. აქ რომ მოვდიოდი, გასაგები იყო ჩემთვის, რომ აქ არ დაგვტოვებდნენ, მაგრამ რაღაც პონტში მზაობა უნდა გვქონდეს, რომ რაღაც ტიპის მსხვერპლზე წახვიდე, მათ შორის, იმაზე, რომ შეიძლება თავისუფლება დაკარგო ცოტა ხნით, შეიძლება მანქანა დაგიზიანონ, შეიძლება ჯარიმა აგკიდონ და ა.შ. მე მგონია, რომ არის ასეთი ხალხი, ვინც შეიძლება ამაზე წავიდეს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი